Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანული დრონების დილემა უკრაინაში - რატომ ვერ ხერხდება მათთან  ეფექტიანი ბრძოლა?


ირანულ "კამიკაძე დრონს" სახელწოდებით "შაჰიდი-136" (Shahed-136) უკრაინაში ჯერჯერობით გარანტირებული გასაღები ვერ მოარგეს და მასთან გამკლავებას უკრაინელი სამხედროები გზადაგზა სწავლობენ. ერთჯერადი გამოყენების მძიმე და ხმაურიანი დრონები უკრაინელებს საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის.

5 ოქტომბერს, გამთენიისას, რუსეთმა ირანული „კამიკაძე დრონებით“ (Shahed-136) 6-ჯერ დაარტყა კიევიდან 80 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ბილა-ცერკვას. დაშავდა ერთი ადამიანი და ირგვლივ ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ ტელეგრამარხზე დაწერა, რომ "დაზიანდა ინფრასტრუქტურა", შედეგების აღმოფხვრაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მნიშვნელოვანი ძალების ჩართვა დასჭირდა.

მანამდე, სექტემბრის ბოლოს, "Инсайдер UA" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეგრამარხზე წერდა, რომ "ბელარუსის ტერიტორიაზე შენიშნეს კამიკაძე-დრონები" და, დიდი ალბათობით, ამ დრონებს ჩრდილოეთ უკრაინის ოლქებში გამოიყენებდნენ.

"უნიანი", უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ 5 ოქტომბერს რუსეთმა ირანული დრონებით შეუტია უკრაინის სამხრეთსაც, თუმცა უშედეგოდ - "6 დრონი საზენიტო-სარაკეტო დანაყოფმა გაანადგურა".

  • რას წარმოადგენს განსაკუთრებით სახიფათო Shahed-136?
  • რატომ არის ძნელი ირანულ დრონებთან ბრძოლა?
  • რა ხერხებით ებრძვის უკრაინა ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს?

"შაჰიდი" მოტოციკლის ხმით

იმ ტერიტორიების სიახლოვეს, სადაც Shahed-136 ჩამოვარდნილა, ადამიანები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ მძლავრი აფეთქების წინ, მათ თითქოს მოტოციკლის ხმა მოესმათ.

რადგანაც ირანული დრონების დროულად აღმოჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, უკრაინული წყაროების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობას თითქოს მოტოციკლით გადაადგილებაც აუკრძალეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ხმა მთლად საიმედო ნიშანი არ არის. 5 ოქტომბერს, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ დრონის "ხმა ისმის მაშინ, როდესაც ის უკვე გამოჩნდება დასაზიანებელი ობიექტის თავზე“.

ეს უპილოტო საფრენი აპარატი, ირანში დამზადებული დრონი - Shahed-136 (შაჰიდი-136), რომელიც სხვაგვარად „კამიკაძე დრონად“ მოიხსენიება, სპეციალისტების განმარტებით, იმართება თანამგზავრიდან მიღებული კოორდინატების დახმარებით. ამა თუ იმ ობიექტთან დაჯახებისას, დრონის წინა ნაწილი ფეთქდება და აფეთქების მძლავრი ტალღა ირგვლივ ფანტავს "ბევრ წვრილ ნაწილს", რასაც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა შეუძლია.

„მისი სამიზნე შეიძლება გახდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ატომური სადგურები. ასევე შეიძლება გაანადგუროს ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა და „Himars“-ები“, - უკრაინული მედია საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებას ავრცელებს.

Shahed-136:
  • სიგრძე - 3.5 მეტრი;
  • ფრთების სიგრძე - 2.5 მეტრი;
  • წონა - 200 კგ;
  • ფრენის სიჩქარე - 185 კმ/სთ;
  • ფრენის მანძილი -2500 კმ;
  • ასაფრენად სჭირდება სპეციალური პლატფორმა.

ამ დრონების დადებით მხარედ ითვლება მისი შედარებით დაბალი ფასი - 20 ათასი დოლარი.

13 სექტემბერს, ოფიციალურად გავრცელებულ ფოტოებზე, ხარკოვის ოლქში ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნარჩენებზე იკითხებოდა რუსული წარწერა - Герань-2. თუმცა, სპეციალისტების დასკვნით, ეს სწორედ ირანული დრონი Shahed-136 იყო.

უკრაინული მხარის ცნობით:

  • 23 სექტემბერს, ოდესაში 6 ასეთი დრონი ჩამოაგდეს.
  • 25 სექტემბერს, დნეპროპეტროვსკის ოლქსა და ოდესაში, ირანული დრონების 10 შეტევიდან 8 მოიგერიეს.
  • 25 სექტემბერს, დილით, ოდესაში, ირანული დრონით დაარტყეს ადმინისტრაციულ შენობას. იტყობინებიან, რომ 4-დან ერთი „შაჰიდის“ ჩამოგდება მოხერხდა.

თუმცა ირანულ დრონებს ეფექტიანი გასაღები ჯერ მაინც ვერ მოარგეს.

რა აძნელებს ჩამოგდებას?

უკრაინელი სპეციალისტები განმარტავენ, რომ Shahed-136 დაფრინავს ძალიან დაბალ სიმაღლეზე და იოლად ემალება საჰაერო თავდაცვის სისტემას. მათ წინააღმდეგ საზენიტო სისტემა და ტყვიამფრქვევი უფრო ეფექტიანია.

"უნიანის" ცნობით, ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის სპიკერმა, სერგეი ბრატჩუკმა 5 ოქტომბერს თქვა, რომ „ამჟამად სამხედროები მუშაობენ დრონების განადგურების სხვადასხვა ვარიანტზე, მათ შორის - ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით“ და პრაქტიკული მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია ყველა ოლქშია დაგზავნილი.

„ჩვენი სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მალე დადგენილი იქნება მოქმედების ალგორითმი და განადგურების პროცენტული მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - ბრატჩუკის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ჩამოგდებული საფრენი აპარატების მექანიზმის შესწავლა.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, უკრაინაში ჩამოგდებულია ასევე სხვა ტიპის ირანული დრონები - Shahed -129 და Mohajer-6. სპეციალისტების განმარტებით, ისინი "სადაზვერვო-დამრტყმელი დრონები" არიან და ერთჯერადი გამოყენების "კამიკაძე-დრონების" ტიპს არ მიეკუთვნებიან.

იმის გამო, რომ ზომაში მნიშვნელოვნად აღემატებიან თურქული წარმოების „ბაირაქთარს“ (Bayraktar TB2), „Shahed-129 და Mohajer-6 იოლად ვერ ემალებიან რადიოლოკატორებს და ჩამოგდების მცდელობაც უფრო შედეგიანია.

ისრაელის "ანტიდრონები"

12 სექტემბერს, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, პოლონეთის შუამავლობით, უკრაინას ისრაელი დრონების საწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდიდა და ამ ინფორმაციას დიდი სიხარულით შეხვდნენ უკრაინაში.

გამოცემა THE TIMES OF ISRAEL-ი, თავდაცვის უწყების კონტრაქტორი კომპანიის ინკოგნიტო წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ "ანტიდრონებს" მიყიდიან პოლონეთს, რათა „გვერდი აუარონ ისრაელის ხელისუფლების უარს - უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიყიდვის შესახებ“. ამავე წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, დამკვეთმა კომპანიამ თავდაცვის სამინისტროს აცნობა, რომ, თითქოს, არ იცოდა - რა მიზნით ყიდულობდა პოლონეთი დრონების საწინააღმდეგო სისტემებს.

„უპილოტო ლეტალურ საფრენ აპარატებთან ბრძოლის სისტემა, რომელსაც მათი ეფექტიანი აღმოჩენა-განადგურება შეუძლია, "მოწინავე თავდაცვით ტექნოლოგიებს" მიეკუთვნება და ამიტომ არ არის ნებადართული მათი მიყიდვა უკრაინისთვის“, - იტყობინება THE TIMES OF ISRAEL-ი.

სექტემბრის ბოლოს, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ფრაგმენტი Ouest-France-ისთვის მიცემული ინტერვიუდან, რომელშიც პრეზიდენტი ზელენსკი გამოხატავს ძლიერ უკმაყოფილებას ისრაელთან მიმართებით:

„შოკირებული ვარ. არ მესმის. ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნოლი.... გასაგებია, რომ მათ უნდა დაიცვან თავიანთი მიწა; თუმცა მე მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელი თავისი შეიარაღების ექსპორტს სხვა ქვეყნებში ახდენს“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „შესამჩნევია რუსეთის ზეგავლენა ისრაელზე“.

ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია ისრაელის წარმოების „ანტიდრონების“, პოლონეთის შუამავლობით, უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.

ირანი ამ დრომდე უარყოფს რუსეთის სამხედრო დახმარებასა და მისთვის დრონების მიწოდებას; მაგრამ ბევრი ფაქტი სწორედ საწინააღმდეგოს ადასტურებს.

საერთაშორისო დონეზე გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ირანული დრონების ტრანსპორტირებას თეირანი საავიაციო გზით ახდენდა და ამისათვის საქართველოს საჰაერო სივრცეც გამოიყენა. აშშ-მა სანქციები დაუწესა როგორც დრონების მწარმოებელ, ასევე მიმწოდებელ ირანულ კომპანიებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG