Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ზრდის ფსონს სამხრეთ კავკასიაში


ანკარა. 2020 წლის 21 ოქტომბერი.
ანკარა. 2020 წლის 21 ოქტომბერი.

ჯერ კიდევ უცნობია, თუ სად განლაგდება და როგორ გააკონტროლებს მთიანი ყარაბაღის თაობაზე საზავო შეთანხმებას რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრი, რომელზეც თურქეთისა და რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელებმა პრინციპულ შეთანხმებას 11 ნოემბერს მიაღწიეს.

თავად რუსული წყაროების თანახმად, ერთობლივი ცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმოქმედებს და ვიზუალური დაკვირვებითა და უპილოტო მფრინავი აპარატების საშუალებით დააფიქსირებს ნებისმიერ დარღვევას.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ ანკარა - არც მეტი, არც ნაკლები - ყარაბაღის რეგიონში განლაგებულ სამშვიდობო მისიას შეუერთდება, თავად მონიტორინგის ცენტრი კი იმ ტერიტორიებზე იმოქმედებს, რომლებზეც სომხეთმა ან უკვე დაკარგა, ან მომავალში დაკარგავს კონტროლს, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღწეული სამმხრივი შეთანხმებიდან გამომდინარე.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა მთიან ყარაბაღში 2000-კაციანი რუსეთის სამხედრო დანაყოფის შესვლას, ბაქო ცდილობს, რომ რუსული ყოფნა დააბალანსოს თურქეთის სამეთვალყურეო მისიით, თურქეთისა, რომელიც, როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი ექსპერტების დაკვირვებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკურთან ერთად უკვე მნიშვნელოვან სამხედრო მოთამაშედ გადაიქცა.

გეოპოლიტიკური ჭიდილი

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად.

ერთობლივი განცხადებით, რომელმაც რუსეთი სამშვიდობო მანდატით აღჭურვა, სომხეთმა ვალდებულება აიღო, რომ 15 ნოემბრამდე მოახდინოს ქელბაჯარის რაიონის, 20-მდე - აღდამის, ხოლო პირველ დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონის გადაცემა, გარდა ე.წ. ლაჩინის დერეფნისა. ყველა ეს არეალი 1990-იანი წლების მერე სომხური ძალების კონტროლქვეშ იყო. მანამდე იქ ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები, რომლებმაც ეს რაიონები დატოვეს.

რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ თანახმად, 13 ნოემბრის მონაცემებით, რუსეთმა სომხეთში უკვე გადაისროლა 1100 სამხედრო მოსამსახურე მოკონფლიქტე მხარეებთან შეთანხმებული იმ, დაახლოებით, 2000-კაციანი ქვედანაყოფიდან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვა სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში, სადაც ოთხი დღის წინ სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა.

რუსეთის მიერ მორიგი სამშვიდობო მისიის დაწყება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უძველეს კონფლიქტის ზონაში, აშკარად უსვამს ხაზს რუსეთის როლს ამ რეგიონში, თუმცა მთიანი ყარაბაღის გარშემო გაჩაღებულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში მოსკოვის გამარჯვებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, ალექსანდრ ისკანდარიანი:

“რუსეთმა აზერბაიჯანში გარკვეულწილად ფსონი დაადაბლა. თუ მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტის ესკალაციის სხვადასხვა ეტაპზე - ვთქვათ, 2016 წლის გაზაფხულზე - რუსეთს მკვეთრი შეძახილით შეეძლო კონფლიქტის შეჩერება, დღეს ასეთი სიტუაცია უკვე აღარ არის. მოსკოვი, როგორც მინიმუმ, იძულებულია ანგარიში გაუწიოს ერდოანს, ანგარიში გაუწიოს თურქეთს, რომელიც პირდაპირ დემონსტრაციულად შევიდა აზერბაიჯანში. არ ვამბობ, რომ რუსეთს არ აქვს როლი, მაგრამ მოსკოვი უკვე ვეღარ იმოქმედებს ისე, როგორც ის ბოლო შეიარაღებულ კონფლიქტამდე მოქმედებდა. თუ აქამდე თურქეთი სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური თვალსაზრისით ითვლებოდა გავლენიან მოთამაშედ, ახლა ანკარა უსაფრხოების სფეროშიც თამაშობს აქტიურ როლს“, - უთხრა ალექსანდრ ისკანდარიანმა რადიო თავისუფლებას.

სომეხი ექსპერტის თანახმად, თუ მანამდე აზერბაიჯანის მიერ შეძენილი იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის 80 % რუსეთზე მოდიოდა, ამჟამად ასე უკვე აღარ იქნება. ლაპარაკობენ ასევე თურქეთის სამხედრო ბაზის შექმნაზე აზერბაიჯანში, სადაც არაფორმალურად თურქი სამხედროები უკვე იმყოფებიან. მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დაწყების დროს აზერბაიჯანის ქალაქ გიანჯის აეროპორტში განლაგებული იყო თურქული F16-კლასის თვითმფრინავები. ანკარამ აზერბაიჯანს მიაწოდა რამდენიმე ასეული „ბაირახტარის“ კლასის უპილოტო თვითმფრინავები, დრონები, რომლებმაც, ანალიტიკოსების შეფასებით, სრულიად შეცვალა თანაედროვე ომის სახე.

გავრცელებული ცნობით, მთიანი ყარაბაღის გარშემო გეოპოლიტიკურ ჭიდილში აზერბაიჯანს საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვაში ეხმარებოდნენ თურქეთის გენშტაბის წარმომადგენლები. ასე რომ, თურქეთმა ერთობ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეიარაღებულ კონფლიქტში.

“თურქეთი ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის ეხმარებოდა აზერბაიჯანს. ამჯერად მისი მონაწილეობა იყო საკმაოდ ღია და საკმაოდ დემონსტრაციული. ამიტომ, თუ მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთმა რაღაც დივიდენდი მოიპოვა, მაშინ გრძელვადიან პერსპექტივაში მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის, ანუ, დიდი რეგიონის თვალსაზრისით, მე ვიტყოდი, ეს გამოიწვევს რუსეთის როლის არა გაზრდას, არამედ მის შემცირებას. მე ვიცი, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც ამბობენ, თითქოს სამშვიდობო სამხედრო ქვედანაყოფის შესვლა მთიან ყარაბაღში და სამშვიდობო მისია იყოს რეგიონში რუსეთის გავლენის ფაქტორი, მაგრამ მე ასე სრულიადაც არ ვფიქრობ,“- ამბობს ალექსანდრ ისკანდარიანი.

ვინ უდარაჯებს სამშვიდობო მისიას

როგორც ზემოთ ითქვა, დღევანდელი ვითარებით, მთიან ყარაბაღში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა დაეკისრება რუსეთის მე-15 ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადას, რომლის პირადი შემადგენლობის გადასროლა ჯერ კიდევ გრძელდება სომხეთის რესპუბლიკაში.

რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსდება, შექმნის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს და განახორციელებს პატრულირებას მთიან ყარაბაღში, რომელიც, საერთაშორისო სამართლით, აზერბაიჯანს ეკუთვნის.

რაც შეეხება თურქეთის მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში, რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან დააკვირდება ნებისმიერ დარღვევას, რამაც სამომავლოდ მთიანი ყარაბაღის შიგნით და მის გარშემო აზერბაიჯანის არმიის მიერ ოქტომბერ-ნოემბრის ბრძოლების შედეგად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შეიძლება იჩინოს თავი.

„სადამკვირვებლო მისია რეგიონში ანგარიშს წარმოადგენს კონფლიქტის ზონაში მომხდარ პროვოკაციებზე, მაგრამ ახლა უცნობია, თუ რა სახის იქნება რეაქცია ასეთ ანგარიშზე. მსგავს საქმიანობას თურქეთი სირიაშიც ეწევა. ჩვენ ვაწვდით ცნობებს რუსეთს, მაგრამ რუსეთი არაფერს აკეთებს მათ თავიდან ასაცილებლად. და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღევა? თუ სომხეთი იმის მსგავს რამეს გაიმეორებს, რაც ხოჯალის ტრაგედიის დროს ჩაიდინა? როგორი იქნება თურქეთის რეაქცია? ჩვენ ეს არ ვიცით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერალ გიუშლურელიმ, ანტიბაშის უნივერსიტეტის პროფესორმა.

თურქეთ-რუსეთის მონიტორინგის მისიის შესახებ უფრო მეტი, ალბათ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გაირკვევა ასეთი მისიის მანდატი და ბაზირების ადგილი, როგორც ეს არის რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის შემთხვევაში.

მაგრამ აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია თურქეთის ნებისმიერი სახით ჩართვა სამშვიდობო მისიაში, რადგან ეს იძლევა დამატებით გარანტიას, რომ რუსეთი იმოქმედებს არსებული მანდატის ფარგლებში და მომავალშიც გაგრძელდება ისეთი ურთიერთთანამშრომლობა, როგორიც ჰქონდათ ანკარასა და მოსკოვს საომარი ესკალაციის დაწყების პირველ დღეებში.

„ამ საომარი მოქმედების დაწყების წინ რუსეთი და თურქეთი ძალიან მჭიდროდ თანაშრომლობდნენ. განსაკუთრებით პირველ ეტაპზე ერთობლივი მოქმედება თანხმდებოდა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მეტიც, რამდენადაც მახსოვს, პუტინს ალიევისათვის არ დაურეკავს 9 ოქტომბრამდე, ანუ საომარი მოქმედების დაწყებიდან თითქმის ორი კვირის განმავლობაში მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ კონფლიქტის ესკალაციის დასაწყისიდან რუსეთი და თურქეთი ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ, რაც ამჟამადაც გრძელდება. ეს არის პოზიტიური აზერბაიჯანისათვის, როგორც შედეგის თვალსაზრისით, ისე მნიშვნელოვანია, როგორც უსაფრთხოების დამატებითი გარანტია“, - ამბობს „თურანის“ მთავარი რედაქტორი, მეხმან ალიევი.

რუსეთი რუსეთად, მაგრამ აზერბაიჯანში ფიქრობენ, რომ მთიანი ყარაბაღის მოწესრიგების პრობლემებზე მსჯელობა სულ მალე კვლავ საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში გადაინაცვლებს, რუსეთის როლი კი მხოლოდ საპოლიციო ტიპის სამშვიდობო მისიით გაგრძელდება, რაშიც არსებითად შეთანხმებული არიან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები.

„და ამ სამშვიდობო ოპერაციას მხარი დაუჭირეს აშშ-მა, ევროკავშირმა, ანუ მინსკის ჯგუფის ყველა მონაწილემ. უბრალოდ, მათ თავი ისე უჭირავთ, თითქოს ეს არ იციან, ამაში არ ერევიან, აშშ-ში არჩევნების თუ პანდემიის გამო. მაგრამ ეს ასე არ არის. ანუ ეს იყო კონსოლიდირებული ეტაპი. ამიტომ რუსეთს, რომელსაც სწრაფად შეუძლია მიიღოს სამხედროების გადასროლის გადაწყვეტილება, დაეკისრა პირველი ეტაპის სამუშაოს შესრულება - ესაა ომის შეჩერება და იმ ტერიტორიების გათავისუფლება, რომელთაც დაჟინებით ითხოვდა აზერბაიჯანი და, გულწფრელად რომ ითქვას, ყველას სურდა, რომ პრობლემა ასე გადაჭრილიყო. შემდეგ კი იქნება სხვა პროცესი. შესაბამისად, თურქეთიც მონაწილეობს ამაში და გამოდის დამკვირვებლის როლში, რომ რუსეთმა შეასრულოს სამმხრივი განცხადების ფარგლებში დაკისრებული ამოცანა, რომ არ გასცდეს ამ ჩარჩოებს და, ვთქვათ, უარი არ თქვას რომელიმე ვალდებულების შესრულებაზე. აი, ამაზეა საუბარი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „თურანის“ მთავარი რედაქტორი, მეხმან ალიევი.

13 ნოემბერს აშშ, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მიესალმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარებას და საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას, - განაცხადა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ეუთოში, ელჩმა ჯეიმს გილომორმა და დასძინა, რომ „მინსკის ჯგუფი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მთიან ყარაბაღში მტკიცე და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში“.

მაგრამ ასეთ მშვიდობამდე მთიან ყარაბაღს ბევრი უკლია.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რუსეთის შუამავლობით მიღწეული სამმხრივი შეთანხმების შემდეგ ეთნიკურმა სომხებმა დაიწყეს იმ რაიონების დატოვება, რომლებიც, შეთანხმებით, ახლო მომავალში გადავა აზერბაიჯანის კონტროლქვეშ.

15 ნოემბრამდე მოხდება ქელბაჯარის რაიონის, 20-მდე - აღდამის, ხოლო პირველ დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონის გადაცემა, გარდა ე.წ. ლაჩინის დერეფნისა. ყველა ეს არეალი 1990-იანი წლების მერე სომხური ძალების კონტროლქვეშ იყო. მანამდე იქ ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები, რომლებმაც ეს რაიონები დატოვეს.

სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი მოსახლე, სანამ თავის საცხოვრებელს დატოვებდეს, სახლს წვავს. ერთი ასეთი ეპიზოდი მოხვდა ბი-ბი-სის რეპორტაჟში.

მთიანი ყარაბაღიდან ახლა გაქცეული მოსახლეობა ერევანში საპროტესტო გამოსვლას მართავს და სომხეთის ხელისუფლებას ბრალად სდებს, რომ დასთანხმდა სამშვიდობო შეთანხმების მძიმე პირობებს.

„სომხეთში არის გარკვეული წყენა რუსეთზე, რომელიც არ დაეხმარა ერევანს, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და როგორც კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების (CSTO) წევრი ქვეყანა. მესმის, რომ ეს ძალიან რთული მომენტია, ხალხი შოკშია, არის იმედგაცრუების მომენტი და ძნელია თითოეულ ადამიანს გააგებინო, რომ ეს სომხეთის რესპუბლიკაა CSTO-ს წევრი და არა მთიანი ყარაბაღი, რომელიც არაღიარებული სახელმწიფოა. ასე რომ, რუსეთი ბოლო მომენტში გამოჩნდა და ამ სამშვიდობო მისიამ, მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროების გამოჩენამ, რა თქმა უნდა, შეაჩერა საომარი მოქმედება, შეაჩერა სისხლისღვრა. ეს მართალია, მაგრამ სრულიად შეუძლებელია, ეს მივიჩნიოთ სერიოზულ ფუნდამენტად, სამომავლოდ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგებისა და პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. საუბარია მხოლოდ ზავზე, მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ განცხადებაში არ არის არც ერთი სიტყვა მთიანი ყარაბაღის სტატუსზე, არ არის ნათელი, თუ როგორ განხორციელდება ამ ტერიტორიების მართვა და განვითარება. ასე რომ, პრეტენზიები მეც მაქვს. მესმის, რომ შეთანხმება შედგა კრიზისის დროს, ცაიტნოტის დროს და, როგორც ჩანს, იგულისხმება, რომ მომავალში დაიწყება კონფლიქტის მოწესრიგებაზე მუშაობა, მაგრამ საკითხავი ისაა, ეს დარეგულირება თუ 30 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, როგორ მოხერხდება ახლა, როდესაც აზერბაიჯანი თავს გამარჯვებულად გრძნობს?“- ეუბნება ალექსანდრ ისკანდარიანი რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG