Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ეთნიკური სომეხი ტოვებს ყარაბაღს


მთიანი ყარაბაღიდან სომხეთისკენ გზაზე ქელბაჯარის გავლით, 11 ნოემბერი, 2020 წელი.
მთიანი ყარაბაღიდან სომხეთისკენ გზაზე ქელბაჯარის გავლით, 11 ნოემბერი, 2020 წელი.

აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღისთვის ომის განახლების შემდეგ, სექტემბრის ბოლოდან, საკუთრივ რეგიონის და ასევე მიმდებარე, დე იურე აზერბაიჯანის კუთვნილი რაიონების მოსახლეობამ დაიწყო იქიდან გაქცევა და მათმა რიცხვმა 90 ათასს მიაღწია, აცხადებს სომხეთის ხელისუფლება. სულ, ერთ-ერთი შეფასებით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა 150 ათასს უდრის.

რეგიონის მთავარი ქალაქი, სტეფანაკერტი, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა ჯერ კიდევ სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის რუსეთის შუამავლობით გაფორმებული 9 ნოემბრის შეთანხმებამდე.

ხელმოწერის შემდეგ ეთნიკურმა სომხებმა დაიწყეს იმ რაიონების დატოვება, რომლებიც, შეთანხმებით, ახლო მომავალში გადავა აზერბაიჯანის კონტროლს ქვეშ.

15 ნოემბრამდე მოხდება ქელბაჯარის რაიონის, 20-მდე - აღდამის, ხოლო პირველ დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონის გადაცემა, გარდა ე.წ. ლაჩინის დერეფნისა. ყველა ეს არეალი 1990-იანი წლების მერე სომხური ძალების კონტროლქვეშ იყო. მანამდე იქ ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები, რომლებმაც ეს რაიონები დატოვეს.

სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი მოსახლე, სანამ თავის საცხოვრებელს დატოვებდეს, სახლებს წვავს. ერთი ასეთი ეპიზოდი მოხვდა ბი-ბი-სის რეპორტაჟში.

მთიანი ყარაბაღიდან ახლა გაქცეული მოსახლეობა ერევანში საპროტესტო გამოსვლას მართავს და სომხეთის ხელისუფლებას ბრალად სდებს, რომ დათანხმდა სამშვიდობო შეთანხმების მძიმე პირობებს.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არ მოითხოვს მთიანი ყარაბაღიდან და მიმდებარე რაიონებიდან სომხური მოსახლეობის წასვლას, თუმცა განსაკუთრებულ სტატუსსაც არ სთავაზობს.

9 ნოემბრის შეთანხმებით, მთიანი ყარაბაღის იმ არეალებში, რომლებიც აზერბაიჯანის არმიამ ვერ დაიკავა ომის დროს, განთავსდება რუსეთის სამშვიდობო ჯარი. ამ ეტაპზე ეს არეალები რჩება სეპარატისტების ხელში. სტეფანაკერტის მერმა, არტურ სარგსიანმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ქალაქის მოსახლეობის 20-30 პროცენტი დაბრუნდა.

რუსეთის მედია 13 ნოემბერს იტყობინებოდა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები სტეფანაკერტში შევიდნენ.

XS
SM
MD
LG