Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა" - პანდემიის პოლიტიკური დილემა


ერთი მხრივ, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კოვიდის გავრცელების მხრივ ასეთი მძიმე მდგომარეობა საქართველოში ჯერ არ ყოფილა; ხოლო მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ მწვავედ უპირისპირდება ყველას, ვისაც არჩევნების შესაძლო გადადების თაობაზე სურს მსჯელობის  დაწყება.  

პოლიტიკური ოპონენტების გარდა, ხელისუფლების შეტევის სამიზნედ იქცა სახალხო დამცველიც. „ქართული ოცნების“ ლიდერები ნინო ლომჯარიას რადიკალური ოპოზიციის ხელშეწყობასა და პროვოკაციაში სდებენ ბრალს. ხელისუფლება ოპოზიციას უარს ეუბნება დისკუსიაზეც.

  • დამაჯერებელია თუ არა ხელისუფლების მტკიცება, რომ არჩევნების ჩატარება უსაფრთხოა?
  • არის თუ არა და რატომ არის საჭირო მსჯელობა არჩევნების გადადების შესახებ?
  • მივა თუ არა ხალხი არჩევნებზე და როგორი იქნება მძიმე კოვიდვითარების დროს ჩატარებული არჩევნების ხარისხი?
  • რას გვეუბნება წარსულის გამოცდილება?

პოლიტიკური პანდემია

კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მზარდი სტატისტიკის ფონზე, როცა პაციენტებს კლინიკები ვეღარ იტევს და მათი განთავსება სპორტულ დარბაზებში გახდა საჭირო, საქართველოს ხელისუფლება იმპერატიული ტონით აცხადებს, რომ, სულ რაღაც ხუთ კვირაში, არჩევნები აუცილებლად გაიმართება და ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება.

24-25 აგვისტოს, ერთმანეთის მიყოლებით გამართულ ბრიფინგებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ - არჩევნების გადადებას მარცხისთვის წინასწარ განწირული „რადიკალური ოპოზიცია“ ცდილობს და მას ამაში სახალხო დამცველი ეხმარება.

არჩევნების გადადებაზე დისკუსიის დაწყების აუცილებლობას სახალხო დამცველი ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარებით, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლით, სამედიცინო რესურსის ნაკლებობითა და ჯანდაცვის სისტემის ბუნდოვანი პროგნოზებით ხსნის.

ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ არჩევნები ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს და შექმნილ სიტუაციაში შესაძლო გამოსავლად ხედავს არჩევნების გადადებას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გზით.

„ვფიქრობ, არჩევნების გადადება-არგადადების საკითხი, ეს არ არის წმინდად პოლიტიკური საკითხი, უფრო მეტად ეს არის ეპიდემიოლოგიური საკითხი და ადამიანის უფლებების საკითხი. ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ჯანდაცვის სექტორი გადატვირთულია იმდენად, რომ მათ არათუ კოვიდპაციენტების მიღება, არამედ გადაუდებელი დახმარების გაწევაც უჭირთ და უგვიანდებათ“ - ასეთია ომბუდსმენის მორიგი პასუხი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მრავალრიცხოვან ბრალდებაზე.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არჩევნების გადადების საჭიროებას ვერ ხედავს.

პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 25 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თუკი ყველა პარტია „პედანტურად“ დაიცავს უსაფრთხოების წესებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არჩევნების დღე შარშანდელივით უსაფრთხო იქნება და მღელვარების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

კერძოდ, მდინარაძემ თქვა:

  • „საარჩევნო პროცესები, თუ რეგულაციებს ყველა დავიცავთ, არ არის რისკის შემცველი და ვერ შეედრება იმ რისკებს, რომლებიც არსებობს ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში; ჩვენ ამის წარმატებული გამოცდილება გვაქვს წინა არჩევნებთან დაკავშირებით“;
  • „რეგულაციების დაცვით ჩვენ შეგვიძლია 2-3 კვირაში მნიშვნელოვნად შევამციროთ ვირუსისგან მიყენებული ზიანი - ეს გავაკეთოთ აცრით, რეგულაციების დაცვით და ნუ დავაბრალებთ არჩევნებს იმიტომ, რომ ეს უნდათ ნაციონალური მოძრაობას, მიხეილ სააკაშვილსა თუ რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს“;
  • „ისინი [ოპოზიციის წარმომადგენლები] ელოდებიან რაღაცას, რომელიც გამოიწვევს ქაოსს, არეულობას, როგორც წინა შემთხვევაში... რადგან ამ მოკლე დროში ვერ ახერხებენ, ამისათვის სჭირდებათ დრო ნაცმოძრაობას და რადიკალურ ოპოზიციას“.

„ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩატარდა და არც სტატისტიკის დამძიმება გამოვლენილა.

ასეა თუ არა ეს?

პროცესის მეთვალყურეებისთვის ცხადია, რომ შარშან, არჩევნების შემდგომ პერიოდში ვითარება მკვეთრად დამძიმდა და ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც.

  • 20 ოქტომბერი - 1 194 შემთხვევა;
  • 28 ოქტომბერი - 1 731 შემთხვევა;
  • 30 ოქტომბერი - 1 696 შემთხვევა;
  • 31 ოქტომბერი - 1 673 შემთხვევა;
  • 2 ნოემბერი - 1 852 შემთხვევა;
  • 3 ნოემბერი - 1 943 შემთხვევა;
  • 4 ნოემბერი - 2 295 შემთხვევა;
  • 5 ნოემბერი - 2 401 შემთხვევა;
  • 8 ნოემბერი - 2 901შემთხვევა;
  • 14 ნოემბერი - 3 504 შემთხვევა;
  • 21 ნოემბერი - 3 824 შემთხვევა;
  • 5 დეკემბერი - 5 450 შემთხვევა.

ამასთან, ეპიდემიოლოგები მუდმივად აღნიშნავენ, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს გაცილებით უარესი მოცემულობა და შესაბამისად, უარესი სასტარტო პირობებია.

ამას ელემენტარული შედარებაც ადასტურებს.

  • 2020 წლის 25 აგვისტოს - 8 ახალი შემთხვევა;
  • 2021 წლის 25 აგვისტოს (დღეს) - 5 021 ახალი შემთხვევა.

გარდა ამისა, ქვეყანაში უკვე ფართოდ არის გავრცელებული დელტა შტამი, რომელიც გავრცელების გაცილებით მაღალი სისწრაფით და მეტი აგრესიულობით გამოირჩევა.

ჯანდაცვის სექტორი არჩევნების გადადების აუცილებლობას ვერ ხედავს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ შესაბამისი რეგულაციების პირობებში არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება, ხოლო შარშანდელი მაჩვენებლების მკვეთრი ზრდა, მისი აზრით, არა არჩევნებმა, არამედ დიდწილად ქუჩის „უკონტროლო აქციებმა“ გამოიწვია.

ყოფილი დეპუტატისთვის, ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილისთვის აშკარაა, რომ პოლიტიკური ინტერესების გამო, „ქართული ოცნება“ პანდემიასთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებას „არ იმჩნევს“და არც არჩევნების გადადებაა მოსალოდნელი.

ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ხელიდან არც ოპონენტებზე თავდასხმის შანსს უშვებს და პარალელურად, აცრის მოწინააღმდეგე და მოძალადე ჯგუფების გულის მოგებას ცდილობს:

აშკარაა, რომ ხელისუფლება ფსონს დებს საზოგადოების ყველაზე ბნელ, რეტროგრადულ და რეაქციულ ნაწილზე... ხელისუფლება ცდილობს არ გააღიზიანოს ანტივაქსერები და ხალხი, რომელიც კოვიდპანდემიას მსოფლიო შეთქმულებად თვლის... ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს ხალხი არ გააღიზიანონ...

როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს აცრისკენ მოუწოდებენ, ლამის ბოდიშობენ - აი, რა ვქნათ, უნდა ავიცრათ და ასე შემდეგ... ასე ვივლით არჩევნებამდე და ამას საზოგადოებამ არჩევნებზე უნდა გასცეს პასუხი... ხელისუფლების დამუნათება აქ უკვე აღარ გამოვა. არაფერი შეიცვლება“ - გვეუბნება ზურაბიშვილი.

როგორც კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, არჩევნების გადადება შესაძლებელია მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველს მათ შორის - ეპიდემიოლოგიური ვითარებაც წარმოადგენს.

რას ამბობს ოპოზიცია?

„ქართული ოცნების" ბრალდებების მიხედვით,„ნაციონალური მოძრაობის“ დირექტივებით მოქმედ „რადიკალურ ოპოზიციას“ არჩევნების ბოიკოტირების გეგმა მანამდეც ჰქონდა და ახლა უკვე სამომავლო თადარიგს იჭერს.

მმართველი პარტიის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა 25 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის გეგმა სამ პუნქტად ჩამოაყალიბა:

  • პირველი - საჭიროების შემთხვევაში, წინმსწრებად ჰქონდეთ მომზადებული საბაბი, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის გამოსაცხადებლად;
  • მეორე - არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში გარდაუვალი მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, რომ ეს მარცხი მძიმე ეპიდვითარებამ გამოიწვია და თითქოს ჩატარებული არჩევნები მოსახლეობის ნებას სრულფასოვნად არ გამოხატავს;
  • მესამე - წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოონ მადისკრედიტებელი კამპანია, რომ თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ამის გამო არ ვდებთ არჩევნებს.

ამ ბრალდებებს ოპოზიციაში სრულიად აბსურდულად მიიჩნევენ და მათ შორის - ბრალდებათა მთავარი ადრესატიც - „ნაციონალური მოძრაობა“.

„არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა, არავის არ უთქვამს ეს“ – უთხრა ჟურნალისტებს 25 აგვისტოს ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მისი აზრით, აუცილებელია საკითხის საფუძვლიანი განხილვა და ეპიდემიოლოგების დასაბუთებული დასკვნის მოსმენა.

„იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ, დაამარცხებენ ან როგორ დაამარცხებენ პანდემიას, რომელიც დღეში 60-70 ადამიანს გვაკარგინებს მათივე უმოქმედობით, ისინი პროპაგანდისტულად საუბრობენ, რომ ოპოზიციას დაამარცხებენ, არცერთი სიტყვა, როგორ დაამარცხებენ პანდემიას“, - თქვა მელიამ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ჩვენთან საუბარისას აღნიშნავს, რომ აკრძალვების ხელაღებით გაუქმებით „მძიმე ვითარება“ თავად ხელისუფლებამ შექმნა და ახლა „ქართული ოცნება“ მისთვის ხელსაყრელი ვითარების გამოყენებას ცდილობს.

გეგელიას თქმით:

  • „მაშინ, როცა ქვეყანაში იყო 3%-ზე ნაკლები აცრილი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოხსნა მთელი რიგი რეგულაციები და არც არსებული რეგულაციების შესრულებას ზედამხედველობდა. მთავრობა მართავდა კონცერტებს, ბანკეტებს და სუფრებს. ხელისუფლებამ შექმნა სათავისო სიტუაცია - მე ამას ვუწოდებდი განზრახ მკვლელობას... „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა გარემო, რომელშიც იქნებოდა ნაკლები მოტივაცია მოქალაქეებში, რომ მონაწილეობა მიიღონ მომავალ არჩევნებში, რომელიც რეფერენდუმის ტოლფასია და იქნებოდა მეტი შიში. შიში დღეს აწყობს „ქართულ ოცნებას“;
  • „ქართულმა ოცნებამ“ დაგვანახა ყველას და მათ შორის დასავლეთს, რომ ის მზად არის, წავიდეს ყველაფერზე ამ არჩევნების მოსაგებად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ამის გამოხატულებაა თავად „მიშელის შეთანხმებიდან“ გამოსვლა, რაც იყო დარტყმა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე“;

გრიგოლ გეგელია გვეუბნება ასევე, რომ „არჩევნების ჩატარება-არჩატარება ერთი და ორი პარტიის გადასაწყვეტი საკითხი არ არის" და რომ აუცილებელია მაქსიმალურად "ფართო და გამჭვირვალე ეროვნული დიალოგის" გამართვა, საზოგადოების ჩართულობით. ხოლო თუკი ასეთი განხილვა არ შედგება, გეგელიას შეფასებით, "არჩევნები ვერ ჩატარდება დემოკრატიული ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხით“.

დიალოგზე, დისკუსიებსა და პოლემიკაზე უარს აცხადებს „ქართული ოცნება“. მისი საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია გვეუბნება, რომ საზოგადოება არ არის ვალდებული ბრმად ენდოს ერთ ან მეორე მხარეს და რეალური სურათი ხალხმა მხოლოდ არგუმენტირებულ დისკუსიებში უნდა დაინახოს. იმედი არა აქვს, მაგრამ დისკუსიისთვის შესაბამის სივრცეებად ჩოკორაია - პარლამენტსა და მედიას განიხილავს.

კონსტიტუციონალისტის თქმით,თუკი ეჭვებსა და შიშებს შესაბამისი, დამაჯერებელი პასუხი არ გაეცემა, ამომრჩეველი თავს შეიკავებს არჩევნებზე მისვლისგან, ხოლო ასეთი მოცემულობით ხელისუფლება იხეირებს.

„თუკი ამას ჩვენ მათემატიკურად შევხედავთ, ნაკლები ამომრჩევლის მისვლა არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის იმის სასარგებლოდ, ვისაც ძალაუფლება და ადმინისტრაციული რესურსი აქვს“ - გვეუბნება ჩოკორაია.

გამწვავებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ის ხედავს ასევე არჩევნებისთვის საერთაშორისო მეთვალყურეთა ნაკლებობის საფრთხესაც, რაც 2020 წლის არჩევნების შემთხვევაში გამართლდა.

ნაკლები მეთვალყურის პირობებში კი, კოტე ჩოკორაიას თქმით, იზრდება მიზანმიმართული დარღვევის საფრთხე როგორც არჩევნების წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG