Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას ისევ პროვოკაციის მზადებაში ადანაშაულებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა და პოლიტიკური გუნდი იღებენ პასუხისმგებლობას არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებაზე.

მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა ისევ გაიმეორა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი უნდა ჩამოვიდეს, რათა არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს.

ღარიბაშვილმა კვლავ ილაპარაკა იმაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა, „ხელოვნურად ინსპირირებული, გამოგონილი ბრალდებებითა და პროვოკაციებით“, საბოტაჟი და ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის მუშაობას და არჩევნების გაყალბებაზე უსაფუძვლო სპეკულაციებით ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი დააზიანა:

„მოგეხსენებათ, ჩვენი დიდი მეგობრების, შარლ მიშელის, აშშ-ის დიდი დახმარებით, როგორც იქნა, მივაღწიეთ იმას, რომ ეს მავნებლები შეგვეყარა, უკაცრავად. შეგვეყვანა პარლამენტში. ამის შემდეგ, ხედავთ, რომ მორიგი პროვოკაცია მზადდება - გამოაცხადეს რეფერენდუმი, უნდათ, წინასწარ დაიწყონ სპეკულაციები, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად, თავისუფლად, გამჭვირვალედ“.

ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მაქსიმალურად მეტი დამკვირვებლის ჩამოსვლაა მთავარი ამოცანა და გამოწვევა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რადგან იციან, ვისთან აქვს საქმე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საჭიროა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების, კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზებაც, რათა არავის მისცენ პროვოკაციების საშუალება.

ღარიბაშვილის თანახმად, ასევე, მისი ინიციატივაა, რომ არჩევნები ჩატარდეს კოვიდუსაფრთხო გარემოში: „ჩვენ დავიწყეთ და მაქსიმალურად დავაჩქარეთ ვაქცინაციის ტემპები და დავიწყეთ კოორდინატორების, მერების, ყველა კანდიდატის აცრა... ჩვენ ცესკოს შევთავაზეთ ვაქცინაციის პროცესის გაფართოება და თითოეული თანამშრომლის ჩართულობა ამ პროცესში, რაც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს“.

საქართველოში დღეს არსებული მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი და სახალხო დამცველიც მიიჩნევენ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების შესაძლო გადადებაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული. ოპოზიცია ამ არჩევნებს მიიჩნევს ერთგვარ რეფერენდუმად ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით "ქართულ ოცნებასთან" აპრილში მიღწეული შეთანხმების იმ დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ მმართველი პარტია ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ივლისის ბოლოს, "ქართულმა ოცნებამ" ეს შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და მას შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერებმა არაერთხელ თქვეს, რომ საპარლამენტო არჩევნები დადგენილ ვადაში, 2024 წელს ჩატარდება.

XS
SM
MD
LG