Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილის თანახმად, არჩევნების გადადების მოთხოვნა დანიშნულზე 1 თვით ადრე, კაპიტულაციის ტოლფასია


„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში წარუმატებლობის პერსპექტივის გამო გეგმავს არჩევნების ბოიკოტირებას, დაწყებული აქვთ არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, საბაბად კი პანდემიას იშველიებენ.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა, პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას, რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ, თითქოსდა მათ მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ. ჩვენ პანდემიის თითქმის ორწლიან პერიოდში ვხედავდით "ნაციონალური მოძრაობის" უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ეპიდსიტუაციის და მათ შორის რეგულაციების მიმართ. რატომღაც მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიის პირობებში ცხოვრობს“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

რაც შეეხება არჩევნების კოვიდუსაფრთხოდ ჩატარებას, შალვა პაპუაშვილის თქმით, უნდა გაიმიჯნოს წინასაარჩევნო კამპანია და უშუალოდ არჩევნები.

მოსახლეობას, ისევე როგორც ოპონენტებს შევახსენებთ, რომ საქართველომ პანდემიის პირობებში არჩევნების მომზადების და უსაფრთხოდ ჩატარების მხრივ არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასება დაიმსახურა. ამ შეფასებების გარეშეც, ყველა მოქალაქე იყო იმის მოწმე, თუ რამდენად უსაფრთხო გარემოში ჩატარდა 31 ოქტომბრის არჩევნები. ცხადია, რომ ამ წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცესკო სრულად უზრუნველყოფს არჩევნების დღის კოვიდუსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ჩატარებას. ასე რომ, უშუალოდ არჩევნების დღის მიმართ რაიმე კითხვის ნიშნის გაჩენა ეწინააღმდეგება როგორც წინა არჩევნების გამოცდილებას, ისე იმ ცოდნას, რომელიც ამ მხრივ ჩვენთან თუ მსოფლიოში დაგროვდა. საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვაცხადებდით, რომ საარჩევნო უბნებზე მოქალაქეები იქნებიან უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ნებისმიერ თავშეყრის ადგილზე. ეს ასევე იქნება 2 ოქტომბრის არჩევნებზეც“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მისი განმარტებით, არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების კიდევ ერთი გარანტი იქნება მოსახლეობის ვაქცინაცია.

„სულ რამდენიმე დღეში ჩვენ უკვე გვეყოლება სულ მცირე ერთი დოზით აცრილი მილიონი ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 35%. არჩევნების დღისთვის კი, არსებული ტემპებით, ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 60% სულ მცირე ერთი დოზით იქნება აცრილი“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ თავად პარტიებზეცაა. მათაც უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ საარჩევნო კამპანიის კოვიდუსაფრთხოდ ჩატარება.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ფეისბუკის" გვერდზე დაწერა იმ პოლიტიკოსთა განცხადებების შესახებ, რომლებიც არჩევნების გადადების მიზანშეწონილობას ვერ ხედავენ არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში.

„ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა და უკონტროლო კონტაქტები საარჩევნო შტაბებში, საარჩევნო კომისიებში, შეკრებები და მანიფესტაციები... თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ ექიმები, რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ მალე არათუ კოვიდპაციენტებს, არამედ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც ვეღარ გაწევენ“, - აღნიშნავს ლომჯარია.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიიჩნევენ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 58 პაციენტი. მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან, კოვიდინფექციამ 1129 ადამიანი იმსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 52 747 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5021 შემთხვევა.

გასული დღის განმავლობაში, 24 აგვისტოს აიცრა 28 196 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 038 292 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 1 დოზით ვაქცინირებულია 719 380 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 25.2%), ხოლო სრულად, 318 912 (მოზრდილი მოსახლეობის 11.2%).

XS
SM
MD
LG