Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია: თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ!


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება იმ პოლიტიკოსთა განცხადებებს, რომლებიც არჩევნების გადადების მიზანშეწონილობას ვერ ხედავენ არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში.

ომბუდსმენი წერს, რომ ეპიდსიტიაციის გამო მესამე სასწავლო წელი იწყება ისე, რომ ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან „მესამე წელი უნდა დარჩნენ ფიზიკური თუ გონებრივი განვითარების შესაძლებლობის გარეშე“, ამ ფონზე კი, მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

„ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა და უკონტროლო კონტაქტები საარჩევნო შტაბებში, საარჩევნო კომისიებში, შეკრებები და მანიფესტაციები... თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია, ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ამბობენ ექიმები, რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ მალე არათუ კოვიდ პაციენტებს, არამედ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც ვეღარ გაწევენ. ადამიანს სიცოცხლეში უნდა უფლებებიც და თავისუფლებებიც და ყველა უფლება იმიტომ არსებობს, რომ ვიცოცხლოთ და თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ ადამიანთა გადასარჩენად!“ - წერს ნინო ლომჯარია.

დღეს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაუმართა, საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების საკითხი დღევანდელ სხდომაზე არ განხილულა.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიიჩნევენ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

არჩევნების შესაძლო გადადების საკითხი სახალხო დამცველმა პირველად 23 აგვისტოს ახსენა "ტვ პირველთან" საუბარში. მისი შეფასებით, როდესაც ქვეყანას დღეში კორონავირუსისგან 60-70 ადამიანი უკვდება, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული. ხოლო პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა საერთოდ არჩევნების ჩატარება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არჩევნების შესაძლო გადადებას არ განიხილავენ.

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 924 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 523 022-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 891 პირი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG