Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი არჩევნების გადადებაზე: „პოლიტიკური პროცესის შეჩერების სურვილი მათ აქვთ, ვისაც დესტაბილიზაცია არ გამოუვიდა"


მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არჩევნები, საარჩევნო ხმის მიცემის დღესაც და მომდევნო დღეებშიც ისე ჩატარდება, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული საფრთხე მინიმუმამდე შემცირებული იყოს.

მისი სიტყვებით, რადგან არ არსებობს უახლოეს ერთ-ორ თვეში კოვიდსაფრთხისგან მსოფლიოს გათავისუფლების პერსპექტივა, პოლიტიკური პროცესის ამის გამო შეწყვეტაც არ არის მართებული.

„მგონია, რომ სახალხო დამცველი, ისევე როგორც არაერთი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს, გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ იმ ინტერესების, რომელიც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე სიტყვებით, სახალხო დამცველმაც და ყველა სხვამაც სიღრმისეული კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან უნდა გაიარონ და არა პოლიტიკურ პარტიებთან, ვისაც თავიანთი ინტერესი აქვთ.

„პოლიტიკური პროცესის შეჩერების სურვილი აქვს მხოლოდ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც ის სტრატეგიული გეგმა, რასაც დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარების განვითარება ჰქვია, არ გამოუვიდათ, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გამჟღერებელი გარე სპიკერები მომრავლდებიან, მათ შორის არის სახალხო დამცველიც“, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სახალხო დამცველის განცხადების პასუხად არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობის თაობაზე.

შემოდგომაზე დანიშნული თვითმმართველობის არჩევნების გადადების შესახებ განცხადებები არაერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა გააკეთა - მათი თქმით, ამ საკითხზე დისკუსია უნდა დაიწყოს.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კი განაცხადა, რომ როდესაც ქვეყანას დღეში ვირუსით უკვდება 60-70 ადამიანი, პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უკვე უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა საერთოდ არჩევნების ჩატარება.

XS
SM
MD
LG