Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკოორდინაციო საბჭოს არჩევნების გადადების საკითხი არ განუხილავს - გიორგი ღიბრაძე


უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების საკითხი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე არ განხილულა.

„მომავალში რა მსჯელობა იქნება, მაგის შესახებ ნამდვილად ვერ მოგახსენებთ, აღნიშნულ ეტაპზე მსგავსი საკითხი არ განხილულა“, - უპასუხა ჟურნალისტებს გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, მიმდინარეობს პროტოკოლების შემუშავება არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

„ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რომ დაგეგმილი არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. მიმდინარეობს მუშაობა პროტოკოლებზე, მათ შორის, დამკვირვებლების ჩამოსვლის პროტოკოლებზე და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება ისე დაგეგმილი, რომ მომავალმა არჩევნებმა რაც შეიძლება უსაფრთხოდ ჩაიაროს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიიჩნევენ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

არჩევნების შესაძლო გადადების საკითხი დააყენა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამაც, რომლის შეფასებით, როდესაც ქვეყანას დღეში კორონავირუსისგან 60-70 ადამიანი უკვდება, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული. ხოლო პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა საერთოდ არჩევნების ჩატარება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არჩევნების შესაძლო გადადებას არ განიხილავენ.

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 924 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 523 022-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 891 პირი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG