Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ განიხილავს სარჩელს წულუკიანის წინააღმდეგ - მოსამართლემ დრო ითხოვა  


თამარ ბელაშვილის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში. 2 მაისი, 2023 წელი
თამარ ბელაშვილის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში. 2 მაისი, 2023 წელი

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაცია, გიორგი ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრი მინისტრს დისკრიმინაციულ მიდგომასა და შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის.

მოსამართლე ლელა გოგიშვილმა ვერ გადაწყვიტა, საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ უნდა განიხილოს თუ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ და საქმის განხილვა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გადადო.

რატომ ჩივის ჩუბინაშვილის ცენტრი სამინისტროს წინააღმდეგ

ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრი სამინისტროს დირექტორის არჩევნებში უხეში ჩარევის გამო უჩივის.

2022 წლის 15 თებერვალს, როცა ცენტრის მოქმედ დირექტორს, თამარ ბელაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, კანონის დაცვით, ცენტრის სამეცნიერო საბჭომ სამინისტროს აცნობა, რომ გამოაცხადებდნენ ღია კონკურსს დირექტორის ასარჩევად, შემდეგ კი კვლავ თამარ ბელაშვილი აირჩიეს ხმათა უმრავლესობით ცენტრის დირექტორად.

სამინისტრომ არჩეული დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებაზე უარი ისე თქვა, რომ გადაწყვეტილება არ დაუსაბუთებია.

მინისტრმა ცენტრს მოსთხოვა, ახალი კონკურსი გამოეცხადებინათ და დირექტორის კანდიდატურა წინასწარ შეეთანხმებინათ მასთან. მეორედ გამოცხადებულ კონკურსში კვლავ თამარ ბელაშვილი შეირჩა, მინისტრმა მეორედაც უარი თქვა მისი კანდიდატურის დამტკიცებაზე. მიზეზი არც ამჯერად განუმარტავს. ცენტრს ამ დრომდე არ ჰყავს არჩეული ხელმძღვანელი - დირექტორის მოვალეობას მარინე გაჩეჩილაძე ასრულებს.

„მინისტრისთვის მიუღებელი იყო კონკრეტულად თამარ ბელაშვილის კანდიდატურა, უარის საფუძველი კანონმდებლობა არ ყოფილა“, - ასე აფასებენ მოვლენებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს თამარ ბელაშვილის და სამეცნიერო საბჭოს ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საიას შეფასებით, არჩეული დირექტორის დამტკიცებაზე უარი და კანდიდატურის წინასწარ შეთანხმების მოთხოვნა სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებებში უხეში ჩარევაა.

„ეს არ არის მხოლოდ თანამდებობისთვის დავა”, - უთხრა 2 მაისს, საქალაქო სასამართლოში რადიო თავისუფლებას თამარ ბელაშვილმა. მას უნდა, ამ საქმით სასამართლოში დაამტკიცოს, რომ სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებებში გარედან ჩარევა მიუღებელია.

თამარ ბელაშვილი თვლის, რომ მინისტრმა მისი კანდიდატურა მიუღებლად მიიჩნია ორი ძალიან პრინციპული საკითხის, გელათისა და ჯვრის მონასტრების რესტავრაციის შესახებ სამინისტროში გამართული შეხვედრებისას გამოჩენილი პოზიციების გამო.

თამარ ბელაშვილი
თამარ ბელაშვილი

„დირექტორის არჩევნებამდე მქონდა დაახლოებით ნახევარწლიანი ურთიერთობა სამინისტროს ამ ხელმძღვანელობასთან - ამ დროის განმავლობაში ჩვენ დაგვიგროვდა ბევრი უთანხმოება პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით. ყველაზე სერიოზული იყო გელათის საკითხი“, - გვითხრა თამარ ბელაშვილმა. ის თვლის, რომ დღეს უკვე დადასტურდა, რომ ცენტრის შეფასებები გელათთან დაკავშირებით სწორი იყო, და ამის აღიარება სამინისტროსაც მოუწია ირიბად, იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების საპატრიარქოსთვის გადაბარებით.

ფაქტობრივად, ცენტრის იდენტური კრიტიკული დასკვნა მოამზადა იუნესკომაც, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სამინისტროს ამ დრომდე ხისტი პოზიცია აქვს ცენტრთან დაკავშირებით, მცხეთის ჯვრის საფასადე ქვების რეაბილიტაციის პროექტია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით უნდა განახორციელოს ცენტრმა - პროექტი წელიწადზე მეტია ვერ იწყება იმის გამო, რომ მინისტრი შესაბამის ნებართვას ხელს არ აწერს.

ამ პროექტის ხელმძღვანელმა, დავით ხოშტარიამ რადიო თავისუფლებას 2023 წლის თებერვალში უთხრა, რომ სამინისტრო მას „მათთვის სანდო კადრების ჩასმას” სთხოვდა პროექტში ნებართვის სანაცვლოდ. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი არ დათანხმდა სამინისტროს გამოგზავნილი იურისტის, ფინანსისტისა და რესტავრატორის ჩასმას მართვის ჯგუფში.

თამარ ბელაშვილი სამინისტროს სამეცნიერო საბჭოსთან ერთად უჩივის - ცენტრის სამეცნიერო საბჭოში 30-მდე ადამიანია, გადაწყვეტილება ინსტიტუციური დავის წამოწყების შესახებ მეცნიერებმა საერთო კრებაზე მიიღეს თითქმის ხმათა სრული უმრავლესობით.

როგორ განიხილავს სასამართლო საჩივარს თეა წულუკიანის წინააღმდეგ

მოსამართლე ლელა გოგიშვილმა დღევანდელი სხდომა, რომელზეც მხარეებს იმედი ჰქონდათ, რომ არსებით მსჯელობას დაიწყებდნენ, გადადო იმ ვადამდე, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელმა კოლეგიამ უნდა განიხილოს ეს საქმე.

საქმეს დღეს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს, მოსამართლეს აქვს ეჭვი, რომ შეიძლება უფრო მართებული იყოს ეს საქმე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილოს, ვინაიდან იგი შრომით დავას ეხება და რთულია მასში საჯარო ინტერესის დანახვა.

„პირდაპირ გეტყვით, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ თქვენი მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სასამართლო ჩამოყალიბდება და მიიღებს გადაწყვეტილებას”, - თქვა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ლელა გოგიშვილმა.

სამინისტროს ადვოკატებიც და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ცირა ჯანანაშვილიც თვლიან, რომ საქმე სწორედ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ უნდა განიხილოს - მხარეებს ამ თემაზე მოსაზრებების და არგუმენტაციის წერილობით წარსადგენად სასამართლომ რამდენიმე დღე მისცა.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე საქმეს განსახილველად სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადააბარებს, ყველა ის ეტაპი, რაც ამ საქმის განხილვაშია გავლილი, მტკიცებულებების გამოკვლევა, მოწმეების დაკითხვა, თავიდან იქნება გასავლელი.

რატომ არის ეს საქმე მნიშვნელოვანი

კულტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების წინააღმდეგ ათობით სარჩელი შევიდა სასამართლოში მას შემდეგ, რაც მინისტრი თეა წულუკიანი გახდა და სხვადასხვა სფეროში რეორგანიზაციისა და რეფორმების გატარების სახელით თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლება დაიწყო. ესაა ძირითადად შრომითი დავები, სადაც მეცნიერები ჩივიან, რომ ისინი უკანონოდ და რიგ შემთხვევებში კი დისკრიმინაციის ფონზე დაითხოვეს.

კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ დაწყებული დავების მცირე ნაწილზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და ჯარიმები, რომლებიც უწყებას აქვს გადასახდელი გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის, ათობით ათას ლარს შეადგენს. საქმეების ნაწილის განხილვა ჯერაც არ დაწყებულა.

ჩუბინაშვილის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის და სამეცნიერო საბჭოს სარჩელი განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის შრომითი დავა - ესაა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების მოქმედი თანამშრომლების ინსტიტუციური სარჩელი.

სამინისტრომ ჩუბინაშვილის ცენტრი „ურჩობისთვის“ დასაჯა არა მხოლოდ არჩეული დირექტორის კანდიდატის დაბლოკვით, არამედ გელათის საკითხზე მომზადებული კრიტიკული დასკვნის შემდეგ იქ სამინისტროს აუდიტის შესვლითაც - ცენტრის თანამშრომლების აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან გასაუბრებას დაკითხვას ადარებენ.

XS
SM
MD
LG