კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის და მისი უწყების წინააღმდეგ ამავე სამინისტროდან ერთი წლის წინ გათავისუფლებული თანამშრომლის სასამართლო დავა ყოფილი საჯარო მოხელის გამარჯვებით დასრულდა - მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის სამსახურში უნდა აღადგინონ და შრომითი განაცდურიც გადაუხადონ.
აგვისტოში სასამართლო მოიგო მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემაც. წულუკიანის ბრძანებით სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას სხვა ათობით ადამიანი ასაჩივრებს და სასამართლო სხდომების დანიშვნას ელოდება.
რამდენიმე წლის წინ, წულუკიანს, სასამართლო დავა მოუგეს სამსახურიდან გათავისუფლებულმა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმაც - მაშინ თეა წულუკიანი ამ უწყების ხელმძღვანელი იყო.
ჯერ გავოცდი. შემდეგ უდიდესი შეურაცხყოფა ვიგრძენი და გავიფიქრე, რას ვეტყოდი ჩემს შვილსსაჯარო მოხელე რომელმაც მოუგო სასამართლო წულუკიანის უწყებას
რას გვიყვება გათავისუფლებული მოხელე?
„ჯერ გავოცდი. შემდეგ უდიდესი შეურაცხყოფა ვიგრძენი და გავიფიქრე, რას ვეტყოდი ჩემს შვილს, რომლისთვისაც არ მინდოდა ისეთი დედა ვყოფილიყავი, რომელიც გამოცდებს ვერ აბარებს და რომელსაც სამსახურიდან ათავისუფლებენ. საშინელი გრძნობა იყო, ვერ ვხსნიდი რატომ გამიშვეს. რატომ აღარ ვჭირდებოდა იმ სამსახურს, რომელმაც ჩემს პროფესიულ განვითარებაში საკმაოდ დიდი რესურსი ჩადო“, - ასე იხსენებს ერთი წლის წინანდელ ამბავს კულტურის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ახლახან სასამართლო დავა მოიგო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის სამსახურშიც უნდა აღადგინონ და შრომითი განაცდურიც აუნაზღაურონ, დაახლოებით 25 000 ლარი.
ის (ჩვენი რესპონდენტი ამ ეტაპზე ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს) და მისი ადვოკატი ახლა მოელიან, რომ კულტურის სამინისტრო, სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, თუმცა თუ გამარჯვება საბოლოოდ საჯარო მოხელეს დარჩება, ის სამინისტროში დაბრუნდება. იცის, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ სამსახურში აღდგენა, სულ ცოტა, იმისთვის სჭირდება, რომ საჯარო სექტორში მუშაობის გაგრძელება შეძლოს და თუნდაც სხვა სტრუქტურაში გადავიდეს სამუშაოდ.
როგორც ირკვევა, ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს ამ სფეროში დასაქმების ყველა გზა ეკეტებათ. საჯარო სექტორისთვის „არასასურველი კადრი“ ხდები, რაც ნიშნავს, რომ რასაც წლები შეალიე, იქ ვეღარ დაბრუნდები.
ჩვენი რესპონდენტი იმასაც ამბობს, რომ არც საჯარო მოხელეთა ე.წ. რეესტრში ჩარიცხვა შველის საქმეს: „ეს ბაზა აბსოლუტურად ტყუილად არსებობს. როდესაც საჯარო უწყებები კონკურსს აცხადებენ, არავინ ამ ბაზით არ სარგებლობს - იქ კადრს არავინ ეძებს“.
სასამართლოს გზით ბრძოლაც დიდწილად ამიტომ გადაწყვიტა - სურდა დაემტკიცებინა, რომ წულუკიანმა ის უკანონოდ გაათავისუფლა.
ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ მისი დასკვნა ისაა, რომ კულტურის სამინისტროში, უბრალოდ, არ სჭირდებათ წარმატებული, საქმის მცოდნე, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევაც შეუძლია.
ყოფილი საჯარო მოხელე გვიყვება, რომ იმის წინათგრძნობაც კი არ ჰქონია, რომ შესაძლოა, ის სამსახურიდან დაეთხოვათ. ტესტირებში უმაღლესი ქულები მიიღო. კომისიის წინაშე გასაუბრებაც მშვიდად წარიმართა.
თეა წულუკიანმა ამ გასაუბრების დროს მას ჰკითხა კიდეც, შეძლებდა თუ არა კონკრეტული საქმის გაკეთებას. გასაუბრებიდან გამოსულმა დავალების შესასრულება დაიწყო.
თუმცა მალევე მას და კიდევ ერთ თანამშრომელს აცნობეს, რომ ისინი სამსახურიდან დაითხოვეს. სასამართლოსაც მაშინ მიმართა.
ეს ადამიანი 51 წლისაა. არ მუშაობს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე თვით მოახერხა დასაქმება და ისიც, კერძო სამსახურში.
ეს ამბავი ფეისბუკზე ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა გუშინ, 31 აგვისტოს გაავრცელა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბაია ოტიაშვილის გადაწყვეტილებაც გამოაქვეყნა, რომლითაც მოსამართლემ გააუქმა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის 2021 წლის 1 ივლისის ბრძანება, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის გათავისუფლების შესახებ.
სასამართლომ კულტურის სამინისტროს დაავალა როგორც თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, ასევე 13 თვის განაცდური გასამრჯელოს ანაზღაურებაც.
თუმცა ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო მას სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრებს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია. ადვოკატი გვეუბნება, რომ სახელმწიფო უწყებები ასეთ დროს დავას ყოველთვის აგრძელებენ. თუმცა გაგრძელებული დავა იმასაც ნიშნავს, რომ თვეების მიხედვით გაიზრდება განაცდურის რაოდენობაც.
კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებული მოხელე, რომელიც იქ 5 წლის განმავლობაში მუშაობდა, ყოველ წელს იღებდა უმაღლეს სამოხელეო შეფასებას. ვახტანგ ბარამაშვილის სიტყვებით, ის იყო „ზეკვალიფიციური კადრი“, რომელსაც სამინისტროს მიერვე დაფინანსებული არაერთი საერთაშორისო ტრენინგი ჰქონდა გავლილი. თუმცა თეა წულუკიანი, ადვოკატის თქმით, კულტურის სამინისტროშიც იმ გეგმით მივიდა, რაც მას იუსტიციის სამინისტროში ჰქონდა - ეს იყო არასასურველი კადრების წმენდა.
მისი [წულუკიანის] გადაწყვეტილებები იმდენად შორს დგას კანონიერებისგან, ლოგიკურია, რომ ის აგებს სასამართლო პროცესებს.ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი
„იმისთვის, რომ ეს პროცესი კანონიერს ჰგავდეს და როგორმე შენიღბოს ის კრიტერიუმები, რომლითაც ის არჩევს სამსახურიდან გასაშვებ ადამიანებს, ნიშნავს კომისიას, რომლის წევრიც თავადაა. კომისია პასუხისმგებელია ოთხკომპონენტიან გამოცდაზე, რაც მოიცავს სამ წერით გამოცდას (ქართული ენა, უნარები, უცხო ენა) და ბოლოს გასაუბრებას. დაბალი შეფასება გასაშვებ კადრს სწორედ ამ ბოლო ეტაპზე ეწერება“.
ვახტანგ ბარამაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ადამიანმა პირველ სამ გამოცდაში უმაღლესი შეფასებები მიიღო და 88% დააგროვა. მინიმალური შეფასება მას გასაუბრებაზე დაუწერეს და მისი ბედიც ამან გადაწყვიტა.
ვახტანგ ბარამაშვილს, როგორც ადვოკატს, ასევე ვკითხეთ აზრი, რატომ აგებს სასამართლო დავებს თეა წულუკიანის უწყება, რას ვერ ითვალისწინებენ, რაზეც ადვოკატი გვიპასუხებს, რომ ქცევის ის სტანდარტი, რომლითაც კულტურის მინისტრი სამსახურიდან უშვებს კადრებს, საერთოდ არ შეესაბამება იმ სამართლებრივ პრაქტიკას, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს:
„მისი გადაწყვეტილებები იმდენად შორს დგას კანონიერებისგან, ლოგიკურია, რომ ის აგებს ამ სასამართლო პროცესებს. თუმცა, ჩემი, როგორც ადვოკატის დაკვირვებით და მოგროვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ის ამ წაგებებს მისაღებ რისკად მიიჩნევს“, - უთხრა ვახტანგ ბარამაშვილმა რადიო თავისუფლებას.
„სასწორზე უფრო დიდი რამ დევს - მათ უღირთ წაგება“
დღეს თეა წულუკიანს სასამართლოში როგორც სამინისტროს, ისე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ეროვნული მუზეუმის სხვა თანამშრომლებიც უჩივიან.
ერთმა მათგანმა, დინარა ვაჩნაძემ, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს, საქმე ახლახან ნაწილობრივ მოიგო კიდეც,
თუმცა, როგორც ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, თათული ჭუბაბრიამ დაგვიზუსტა, სასამართლომ მისი გათავისუფლება კი ცნო უკანონოდ, თუმცა არ დააკმაყოფილა სამსახურში მისი აღდგენის მოთხოვნა.
სასამართლომ უწყებას დაავალა 2000-ლარიანი კომპენსაციის და შვიდი თვის შრომითი განაცდურის ანაზღაურება, რაც ამ დავის მოგების დროისთვის, დაახლოებით, 5000 ლარამდე აღწევდა.
სავარაუდოდ, სასამართლოს ეს გადაწყვეტილებაც გასაჩივრდება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წულუკიანის მიერ გათავისუფლებული სულ 9 ადამიანის ინტერესებს იცავს (მათ შორის არიან ეროვნული მუზეუმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები), თუმცა მოსარჩელეებს სამსახურში აღდგენის მოთხოვნა არ აქვთ - მათ აღარ სურთ ძველ ადგილას დაბრუნება.
ამ საქმეებიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ერთი პროცესი წააგო, ერთი მოიგო, ხოლო დანარჩენზე სხდომები ამ დრომდე არ დანიშნულა.
ჩვენ თათული ჭუბაბრიასაც ვთხოვეთ ჩვენთვის გაეზიარებინა, მისი აზრით, რის ხარჯზე წააგო წულუკიანის უწყებამ კონკრეტული სასამართლო დავა, რაზეც მან გვიპასუხა, რომ პროცესში იყო ძალიან ბევრი ხარვეზი:
- მკაფიოდ ჩანდა, რომ რეორგანიზაცია რაღაც ცვლილებებს მიდევნებული ლამპარი უფრო იყო, ვიდრე რეალური რეორგანიზაცია.
- არ იყო მკაფიოდ განსაზღვრული შეფასების ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც ეს გასაუბრებები ტარდებოდა.
- ჩანაწერებში პირდაპირ იკითხებოდა დისკრიმინაციული შინაარსის ტექსტები, რომ კონკრეტული თანამშრომელი არ ეთანხმებოდა ხელმძღვანელობის პოზიციას.
„ეს, ჩვენ, ცხადია, მათ საწინააღმდეგოდ გამოვიყენეთ, რადგან ამ მიზეზით ადამიანისთვის დაბალი ქულის დაწერა განსხვავებული აზრის გამო დევნაა და არა ის, რომ თანამშრომელი რაიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. ასევე უსაფუძვლო იყო ბრალდებები, რომ თითქოს კოლექციიდან რაღაც იყო გამქრალი - არც ეს დასტურდებოდა. ვერაფერი ამ ადამიანების კომპეტენციის სისუსტეს ვერ ასაბუთებდა. მოსამართლისთვისაც ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი“.
ეს შრომითი დავები, თუნდაც მოგებული, მათ რეალურად ვერაფერს დააკლებს.თათული ჭუბაბრია
თუმცა, მიუხედავად ამისა, თათია ჭუბაბრია ფიქრობს, რომ, როგორც ჩანს, წულუკიანის მოტივაცია, უწყება გაწმინდოს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებისგან, იმდენად მაღალია, თითქოს წაგება უღირთ კიდეც - „სასწორზე უფრო დიდი რამე უდევთ, - გვეუბნება თათია, - ეს შრომითი დავები, თუნდაც მოგებული, მათ რეალურად ვერაფერს დააკლებს. მით უმეტეს, რომ სავარაუდოდ, სამინისტრო ყველა საქმეს სააპელაციოში გაასაჩივრებს“.
იმ 70-მდე პირიდან, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან გაათავისუფლეს, სასამართლოს მხოლოდ ნაწილმა მიმართა.
ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის, არქეოლოგ ნიკოლოზ წიქარიძის სიტყვებით, მათ შორის, პროფკავშირიდან სასამართლოში ჩივის 18 ადამიანი - აქედან 5 საქმე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს გადაცემული, 13 კი სოლიდარობის ქსელს.
18-ვე საქმეზე ელიან სასამართლო სხდომების დანიშვნას.
უფრო ადრე სასამართლოს მიმართეს მუზეუმის სხვა თანამშრომლებმა, მათ შორის, ეკა კიკნაძემ, ნინო ხუნდაძემ და ნანა ბურჭულაძემ.
ცალკე სარჩელი შეიტანა სასამართლოში იულონ გაგოშიძემაც.
წულუკიანისთვის მოგებული ორი ძველი საქმე
თეა წულუკიანს თანამშრომლებმა იუსტიციის მინისტრობის დროსაც უჩივლეს. მათგან ორმა - ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ საქმე ყველა ინსტანციაში მოიგეს. ანა სუბელიანს სახელმწიფომ 60 000 ლარი კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა ის ძველ თანამდებობაზე ვერ აღადგინეს „ეკვივალენტი პოზიციის გაუქმების“ გამო.
თამაზ ახობაძე კი სამსახურშიც აღადგინეს და განაცდურიც, 89 40 ლარი, სრულად გადაუხადეს.
კულტურის სამინისტროს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, გეგმავს თუ არა მიმართოს სააპელაციო სასამართლოს, რაზეც ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.