თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სოსო ღურწკაიამ 10 აგვისტოს მოსამზადებელი სხდომა გამართა ეკა კიკნაძის საქმეზე, რომელიც ეროვნული მუზეუმიდან 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას წინ უძღოდა ჩამოქვეითება მუზეუმის მმართველიდან ლაბორანტის პოზიციაზე. ეკა კიკნაძე თვლის, რომ კულტურის მინისტრმა და ხელოვნების მუზეუმის ახალმა ხელმძღვანელობამ ის განსხვავებული მოსაზრების გამო "ჩამოალაბორანტა" და გაათავისუფლა სამსახურიდან. დღეს კიკნაძის სასარგებლოდ ჩვენება მისცა სასამართლოს ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ნანა ბურჭულაძემ.
"პირველი მოსვლა ქალბატონი მინისტრის მოხდა [2020 წლის] დეკემბერში და პირველივე შეხვედრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ქალბატონი თეა მობრძანდა მუზეუმში, როგორც ბრალმდებელი. არა როგორც ადამიანი, რომელიც მოდის, გაარკვიოს, რა ხდება ამ დაწესებულებაში, შეხვდეს თანამშრომლებს და მოისმინოს მათგან რა ვითარებაა, არამედ მოვიდა ბრალდებებით. და თავიდანვე გამოაცხადა ის, რაც შემდეგ ხშირად გაიმეორა ტელევიზიებში, რომ მუზეუმი გამოშიგნულია, ჩვენ გამოვშიგნეთ მუზეუმი და მუზეუმისგან დარჩენილია ცარიელი ქაღალდი, რას ნიშნავდა ეს, ვერ გეტყვით.
ქალბატონი ეკას მიმართ პირველივე შეხვედრაზე მან გამოამჟღავნა განსაკუთრებული მიუღებლობა. ჩვენ ყველამ რაღაც კითხვებს გავეცით პასუხი და როცა ქალბატონი ეკა შეეცადა რაღაც განმარტების მიცემას, უთხრა: თქვენ ძალიან ამბიციური ბრძანდებით, გაჩუმდით! ასეთი იყო პირველივე შეხვედრაზე ქალბატონი ეკას მიმართ მისი დამოკიდებულება, რაც სამწუხაროდ გაგრძელდა მეორე შეხვედრაზეც. არ ალაპარაკა, დასვა და უთხრა, თქვენ გაჩუმდით. იყო გამოსვლები, როცა ყველას ჩვენ მოგვმართავდა შეურაცხმყოფელად და ხაზგასმულად ქალბატონ ეკას, როგორც ჩანს, მასზე ინფორმაციები დეფორმირებულად ჰქონდათ მიტანილი ინფორმატორებს. გულდასაწყვეტი, საწყენი და გაუგებარია, როგორ შეიძლება ოფიციალურმა, სახელმწიფოს წარმომადგენელმა პირმა ასეთი დამოკიდებულება გამოამჟღავნოს ადამიანების მიმართ, მით უმეტეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მას ექვემდებარებიან და რომლებთანაც, წესით, უნდა უნდოდეს თანამშრომლობა", - უთხრა დღეს სასამართლოს ნანა ბურჭულაძემ. მან ხელოვნების მუზეუმში 46 წელი იმუშავა და დღეს თავადაც სამართლებრივი დავა აქვს ეროვნულ მუზეუმთან. ნანა ბურჭულაძე ფონდის კურატორობიდან 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს რეორგანიზაციის ფარგლებში. მინისტრთან შეხვედრებისას არსებულ არამეგობრულ გარემოსა და გასაუბრებაზე, რომელსაც დაკითხვების ფორმა ჰქონდა, ნანა ბურჭულაძე რადიო თავისუფლებასთან 2022 მარტში ჩაწერილ ინტერვიუშიც საუბრობდა.
ნანა ბურჭულაძეს სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას კითხვებს უსვამდა ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი, სალომე ბარბაქაძე. მისი კითხვები ეკა კიკნაძის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან არ იყო დაკავშირებული. სალომე ბარბაქაძე დაინტერესდა იმით, იცის თუ არა მოწმემ, რა ექსპონატები იყო წლების განმავლობაში გატანილი ხელოვნების მუზეუმიდან, მათ შორის, ვადაგადაცილებითაც.
"ორი ექსპონატი ვადაგადაცილებითაც რომ ყოფილიყო გატანილი, ეს გამოშიგნულობას ნიშნავს?" - ამ შეკითხვით უპასუხა ნანა ბურჭულაძემ სალომე ბარბაქაძის კითხვას და შემდეგ დეტალურად განმარტა, რომ მისი ფონდიდან გატანილ ექსპონატებთან დაკავშირებით ვადაგადაცილებით დაბრუნების პრობლემა არ არსებობდა, ისე კი მუზეუმიდან საექსპოზიციოდ ნივთების გატანა ჩვეული სამუზეუმო ცხოვრების ნაწილია. ნანა ბურჭულაძემ გაიხსენა, რომ თავად ჰქონია გატანილი ექსპონატები სხვადასხვა ქვეყანაში საგამოფენოდ და ეს ტრადიცია ხელოვნების მუზეუმისთვისაც არ არის ახალი. ჯერ კიდევ გიორგი ჩუბინაშვილს ჰქონდა გასული საუკუნის 30-იან წლებში გერმანიის ქალაქებში საექსპოზიციოდ ქვეყნიდან წაღებული ექსპონატები ხელოვნების მუზეუმიდან, მათ შორის, ჯვრები, ხატები და ნაქარგები.
"მუზეუმი არის ის დაწესებულება, სადაც ექსპონატები გადის და შემოდის. ექსპონატები, რომლებიც ვერ უძლებს ტრანსპორტირებას, არ გადის. ყველა ნივთის გატანამდე იწერება რესტავრატორების დასკვნა და თუკი გადის, ხდება მისი მომზადება ამისთვის", - უთხრა ნანა ბურჭულაძემ სასამართლოს.
"რა ვადა აქვს ექსპონატების გატანას?" - დაინტერესდა სალომე ბარბაქაძე მისი განმარტების შემდეგ. ნანა ბურჭულაძემ ახსნა, რომ მუზეუმიდან ნივთები ყოველთვის შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე გადის და ვადებიც, რომელიც ექსპოზიციის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, ამ დოკუმენტებშია მითითებული.
"თქვენთვის არ არის ცნობილი, რომ ეს ექსპონატები ვადის დარღვევით გადიოდა მუზეუმიდან, ამიტომ [მინისტრის] ეს მიმართვა ამ ფორმით [გამოშიგნულ მუზეუმზე], როგორც თქვით, რომ იყო, აღიქვით ბრალდებად. გასაგებია", - თქვა სალომე ბარბაქაძემ ნანა ბურჭულაძის პასუხების შემდეგ.
ეკა კიკნაძის საქმეზე სასამართლოში მომდევნო სხდომა 21 სექტემბერს ჩაინიშნა. ამ საქმეზე მოწმის სახით გამოსაკითხია ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომელი, ფერწერისა და გრაფიკის ფონდების ყოფილი კურატორი ნინო ხუნდაძე.
ეკა კიკნაძის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
ეკა კიკნაძე ერთ-ერთია იმ 70-მდე ადამიანს შორის, რომლებიც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან და ვინც თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლო იყო. ამ დროისთვის სასამართლომ გათავისუფლებულ თანამშრომელთაგან მხოლოდ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი კურატორის, დინარა ვაჩნაძის საქმე განიხილა და უსამართლოდ ცნო მისი მუზეუმიდან გათავისუფლება. სახელმწიფოს დინარა ვაჩნაძისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.