ჰასან ნასრალა იყო ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფის და პოლიტიკური პარტიის -ჰეზბოლა ლიდერი. ეს ჯგუფი სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს.
ჰეზბოლას 30-წლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში, ნასრალამ შიიტური დაჯგუფება გადააქცია ლიბანში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად და მეზობელი ისრაელის ძლიერ მეტოქედ.
ამ პერიოდში ნასრალა - 64 წლის სასულიერო პირი - გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და, ასევე, აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევ ფიგურად ახლო აღმოსავლეთში.
ლიბანის ისტორიულად მარგინალიზებული შიიტური თემის ბევრი წევრისთვის ნასრალა გმირია - თუმცა სხვები მას მიიჩნევენ აგრესიულ ფიგურად, რომელმაც ქვეყანა რეგიონულ კონფლიქტებში ჩართო.
შეერთებული შტატები ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, თუმცა ევროკავშირს შავ სიაში მხოლოდ ჰეზბოლას გასამხედროებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი.
ნასრალა 1960 წელს დაიბადა დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ უბანში მცხოვრებ ღარიბ ოჯახში. განათლება მან მიიღო ერაყში, შიიტთა სემინარიაში - რის შემდეგაც შეუერთდა მოძრაობას "ამალ", გასამხედროებულ ჯგუფს, რომელიც ლიბანის მარგინალიზებული შიიტური თემის სტატუსის გაძლიერებისთვის იბრძოდა.
1982 წელს, სამხრეთ ლიბანში ისრაელის შეჭრის შემდეგ - ლიბანის დამანგრეველი სამოქალაქო ომის დროს - ნასრალა შეუერთდა ახლად ფორმირებულ ჰეზბოლას.
როგორც ქარიზმატული სასულიერო პირი და კარგი ორატორი, ნასრალა სწრაფად წავიდა წინ ჰეზბოლას რიგებში. როცა ისრაელის ძალებმა 1992 წელს ჰეზბოლას მაშინდელი ლიდერი, აბას ალ-მუსავი მოკლეს, მის შემცვლელად 32 წლის ნასრალა დასახელდა.
ნასრალამ ახლო კავშირები განავითარა ჰეზბოლას მთავარი მხარდამჭერის, ირანის შიიტთა უმრავლესობასთან. თეირანისგან მიღებული მნიშვნელოვანი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით, ნასრალამ ჰეზბოლა გადააქცია ძლიერ პოლიტიკურ და სამხედრო ძალად ლიბანში და მნიშვნელოვან მოთამაშედ რეგიონული მასშტაბით.
ისრაელის წინააღმდეგ ჰეზბოლას მიერ წარმოებულმა ბრძოლამ ნასრალას მხარდაჭერა გაუზარდა როგორც ლიბანის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. 2000 წელს, ჰეზბოლას მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეტევების ფონზე, ისრაელმა თავისი ძალები სამხრეთ ლიბანიდან გაიყვანა, 18-წლიანი ოკუპაციის შემდეგ.
2006 წელს, ჰეზბოლას მხრიდან ისრაელის ორი ჯარისკაცის გატაცებამ ბიძგი მისცა 34-დღიან, დამანგრეველ ომს ისრაელთან. მსხვერპლისა და ნგრევის მიუხედავად, ომმა კიდევ უფრო მეტად გაზარდა ჰეზბოლას სტატუსი ლიბანსა და მთლიანად რეგიონში.
ნასრალას ხელმძღვანელობის პირობებში, ჰეზბოლა ეხმარებოდა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში, წვრთნიდა ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ ჯგუფებს ერაყსა და იემენში და ეხმარებოდა პალესტინურ ორგანიზაცია ჰამასს, რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
ნასრალას ლიდერობისას ჯგუფი სკანდალებშიც იყო გახვეული. 1994 წელს ჰეზბოლა დაადანაშაულეს ებრაელთა თემის ცენტრის სისხლიან დაბომბვაში არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ნასრალა საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა და მხარდამჭერებს ძირითადად ტელევიზიით მიმართავდა. ის ხანგრძლივი სიტყვით გამოდის ხოლმე ვიდეოჩართვით, რომელიც გასაიდუმლოებული ადგილიდან ხორციელდება.
2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ცეცხლის მუდმივი გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს საზღვრის ორივე მხრიდან. ჰეზბოლა აცხადებს, რომ მოქმედებს პალესტინელების სოლიდარობით.
ჰეზბოლამ ბოლო თვეებში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. ისრაელმა მოკლა ჯგუფის რამდენიმე მეთაური, გაანეიტრალა მისი სამხედრო არსენალის დიდი ნაწილი და გაწყვიტა ჯგუფის საკომუნიკაციო ხაზები.
19 სექტემბერს წარმოთქმულ სიტყვაში ნასრალა ისრაელს აფრთხილებდა, რომ „სამაგიერო გადახდილი იქნება“.
ფორუმი