Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის ჰეზბოლა, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი, რომელიც ებრძვის ისრაელს?


ჰეზბოლას მხარდამჭერი ბაზა არ სცილდება ლიბანის შიიტურ თემს
ჰეზბოლას მხარდამჭერი ბაზა არ სცილდება ლიბანის შიიტურ თემს

ჰეზბოლა სამხედრო ჯგუფიც არის და პოლიტიკური პარტიაც, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

ამერიკის შეერთებული შტატები მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, თუმცა ევროკავშირმა შავ სიაში მხოლოდ მისი შეიარაღებული ფრთა შეიყვანა.

ეს შიიტური ჯგუფი ლიბანის სამოქალაქო ომის ქაოსის დროს და 1982 წელს ისრაელის შეჭრის საპასუხოდ წარმოიშვა.

მიიჩნევენ, რომ ჰეზბოლა შექმნა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა”, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ელიტარულმა დანაყოფმა.

ირანი, რომელიც უმეტესად შიიტებითაა დასახლებული, ცდილობდა ლიბანის შიიტური პოლიტიკური ჯგუფებისა და შეიარაღებული ჯგუფების გაერთიანებას ერთი ორგანიზაციის ქვეშ, - ამბობს დენი ციტრინოვიჩი, ისრაელში დაფუძნებული “ეროვნული უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის” მკვლევარი.

ჰეზბოლას თეირანი თავისი შეკავების სტრატეგიის მთავარ ნაწილად მიიჩნევდა.

„ირანი ამ ორგანიზაციას უყურებს, როგორც მთავარ ფაქტორს ისრაელის ან აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომში დაწყების შესაკავებლად. თეირანი დაუღალავად მუშაობს ამ ორგანიზაციის ძალაუფლების გასაძლიერებლად“, - თქვა ციტრინოვიჩმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანმა შეაიარაღა და გაწვრთნა ჰეზბოლას მებრძოლები და ამ საქმეში ასობით მილიონი დოლარი დახარჯა. სახელმწიფო დეპარტამენტმა მანამდე ჰეზბოლას უწოდა "მსოფლიოში ტექნიკურად ყველაზე ქმედუნარიანი ტერორისტული დაჯგუფება".

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის სამსახურის თანახმად, ჰეზბოლას დაახლოებით 40 000 მებრძოლი ჰყავს. მიიჩნევა, რომ მის განკარგულებაშია 150 000-ზე მეტი რაკეტა და ჭურვი. მათ შორისაა იარაღი, რომელსაც შეუძლია დარტყმები განახორციელოს ისრაელის ტერიტორიის სიღრმეში.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ჰეზბოლა იქცა "მსოფლიოს ყველაზე ძლიერ არასახელმწიფო აქტორად".

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი (მარჯვნივ) მიესალმება ჰეზბოლას გენერალურ მდივანს ჰასან ნასრალას (მარცხნივ). თეირანი, 2000 წლის ივლისი.
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი (მარჯვნივ) მიესალმება ჰეზბოლას გენერალურ მდივანს ჰასან ნასრალას (მარცხნივ). თეირანი, 2000 წლის ივლისი.

ციტრინოვიჩის თქმით, ირანი შესაძლოა ორგანიზაციას არაფერს უბრძანებდეს, მაგრამ თეირანი „ღრმად ახდენს გავლენას“ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

მან ჰეზბოლა დაახასიათა არა როგორც მარიონეტი, არამედ „ირანის პარტნიორი, რომელიც თეირანის ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიას მართავს“.

ჰეზბოლა უმთავრესი ნაწილია ირანის ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის ღერძისა - თეირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლი ჯგუფების ალიანსისა, რომელიც ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს უპირისპირდება.

ჰეზბოლამ, ჰასან ნასრალას ხელმძღვანელობით, მჭიდრო კავშირები დაამყარა თეირანის მიერ მხარდაჭერილ სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებთან და მათ მებრძოლების მომზადებასა და შეიარაღებაში ეხმარება.

ციტრინოვიჩის თქმით, თეირანი "თითქმის დამოკიდებულია" ლიბანურ ჯგუფზე, რათა გააკონტროლოს მისი ურთიერთობა წინააღმდეგობის ღერძის სხვა დაჯგუფებებთან.

2006 წელს ჰეზბოლას მიერ ორი ისრაელელი ჯარისკაცის გატაცებამ გამოიწვია 34-დღიანი კონფლიქტი ისრაელთან, რომელმაც საჰაერო დარტყმები და სახმელეთო შეტევა განახორციელა ლიბანზე.

ამ ომმა, რომელიც გაეროს შუამავლობით მიღწეული ზავით დასრულდა, ჰეზბოლას პოლიტიკური პოზიცია გააძლიერა ლიბანსა და რეგიონში.

ჰეზბოლა ლიბანში პოლიტიკურად გავლენიანი მოთამაშა, თუმცა მისი მხარდაჭერის ბაზა არ სცილდება ქვეყნის შიიტურ საზოგადოებას.

ლიბანის ქრისტიანული, დრუზული და სუნიტი მუსლიმური თემის მრავალი წევრი ჰეზბოლას ადანაშაულებს სახელმწიფოს კონტროლის მიღმა მოქმედებებსა და ქვეყნის ჩათრევაში რეგიონულ კონფლიქტებში.

„ჰეზბოლა არ სარგებლობს ისეთივე პოპულარობითა და საზოგადოების მხარდაჭერით, როგორიც ეს 2006 წელს იყო“, - თქვა ჰამირეზა აზიზიმ, გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის თანამშრომელმა. მან ჰეზბოლას პოპულარობის კლება მიაწერა ეკონომიკური და პოლიტიკური სკანდალების სერიას, რომელშიც ეს ჯგუფი ბოლო წლებში გაეხვია.

ჰეზბოლამ ბოლო თვეებში არაერთი მარცხი განიცადა. ისრაელმა მოკლა მისი არაერთი მეთაური, გაანეიტრალა მისი სამხედრო არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი და შეაფერხა მისი კომუნიკაციები.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი დასუსტდა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია.

„ჰეზბოლას საკმარისი რესურსი და გამოცდილება აქვს და შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ისრაელს სახმელეთო ომში“, დასძინა აზიზიმ. მისი თქმით, დაჯგუფება უკეთ არის შეიარაღებული და გაწვრთნილი, ვიდრე აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ჯგუფად მიჩნეული პალესტინური ჰამასი.

XS
SM
MD
LG