Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანალიტიკოსები: ნასრალას სიკვდილი დიდი დანაკარგია ჰეზბოლასთვის და ირანისთვის


ჰასან ნასრალა
ჰასან ნასრალა

ჰასან ნასრალას სიკვდილი დიდი დარტყმაა ლიბანური ჯგუფისთვის, ჰეზბოლასთვის და მისი მთავარი მხარდამჭერი სახელმწიფოსთვის, - ირანისთვის, აცხადებენ ანალიტიკოსები.

ჰეზბოლა გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლულ იქნა 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად.

ჰეზბოლას 30-წლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში, ნასრალამ ეს შიიტური დაჯგუფება გადააქცია ლიბანში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად და მეზობელი ისრაელის ძლიერ მეტოქედ.

ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი შავ სიაში. ეს ორგანიზაცია მნიშვნელოვანი წევრია ირანის ე.წ. წინააღმდეგობის ღერძისა - ანუ ირანის მოკავშირეების და მის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების ქსელის, რომელიც ისრაელს და აშშ-ს უპირისპირდება.

ნასრალას სიკვდილი ირანისთვის "დიდი დარტყმა და სირცხვილია", - ამბობს ალი ფატოლა-ნეჯადი, ბერლინში განთავსებული ახლო აღმოსავლეთის და გლობალური წესრიგის კვლევის ცენტრის დირექტორი.

თეირანის რეგიონული პოზიციისთვის ეს ყველაზე დიდი დარტყმაა მას მერე, რაც 2020 წელს ერაყში აშშ-ის საჰაერო დარტყმას შეეწირა ირანის წამყვანი მეთაური, ყასემ სოლეიმანი, - უთხრა ფატოლა-ნეჯადმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს.

ანალიტიკოსის თქმით, ნასრალა, სოლეიმანი და ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი "შეადგენდნენ ირანის ექსპანსიური რეგიონული ამბიციების ბირთვს".

ქარიზმატული სასულიერო პირი და კარგი ორატორი, ჰასან ნასრალა, ჰეზბოლას ლიდერი 32 წლის ასაკში გახდა. თეირანისგან მიღებული მნიშვნელოვანი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით, ნასრალამ ჰეზბოლა გადააქცია ძლიერ პოლიტიკურ და სამხედრო ძალად ლიბანში და მნიშვნელოვან მოთამაშედ რეგიონული მასშტაბით.

ნასრალას სიკვდილი "სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს ირანის წინააღმდეგობის ღერძის მუშაობაში, - ამბობს ჰამიდრეზა აზიზი, გერმანიაში მოქმედი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი.

"მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს გამოიწვევს სერიოზულ გარღვევებს, კოორდინაციის ნაკლებობას და ბუნდოვანებას", - უთხრა აზიზიმ რადიო თავისუფლებას.

აზიზის აზრით, ჰეზბოლას პოზიციები შესაძლოა გადაიბარონ იემენელმა მეამბოხეებმა ჰუთებმა, ასევე წინააღმდეგობის ღერძის წევრებმა, თუკი ირანი ამ ქსელში ახალი იერარქიის შემოღებას გადაწყვეტს.

ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, ჰუთები ისრაელთან დაპირისპირებას ახერხებდნენ "უფრო ეფექტიანად", ვიდრე ღერძის სხვა წევრები, და მათ დანაკარგიც ნაკლები განიცადეს, - ამბობს აზიზი და დასძენს, "მაგრამ იმის გარანტია, რომ ეს ასე დარჩება, არ არის, გათვალისწინებით ისრაელის მიზანმიმართულობისა სათითაოდ დაუპირისპირდეს [ღერძის წევრებს]".

საკუთრივ ჰეზბოლასთვის ნასრალას სიკვდილი შესაძლოა ძალიან დამაზიანებელი იყოს.

"ნასრალას შეცვლა რთული იქნება", - ამბობს ნორმან როული, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების დირექტორის ოფისში მუშაობდა.

"ვინც უნდა იყოს, შემცვლელს ლიბანში არ ექნება მისი პოლიტიკური სტატუსი და პირადი ურთიერთობა ირანის უზენაეს ლიდერთან", - უთხრა როულმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს.

ლიბანის ისტორიულად მარგინალიზებული შიიტური თემის ბევრი წევრისთვის ჰასან ნასრალა გმირია - თუმცა სხვები მას მიიჩნევენ აგრესიულ ფიგურად, რომელმაც ქვეყანა რეგიონულ კონფლიქტებში ჩართო.

ნასრალა 1960 წელს დაიბადა დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ უბანში მცხოვრებ ღარიბ ოჯახში. განათლება მან მიიღო ერაყში, შიიტთა სემინარიაში - რის შემდეგაც შეუერთდა მოძრაობას "ამალ", გასამხედროებულ ჯგუფს, რომელიც ლიბანის მარგინალიზებული შიიტური თემის სტატუსის გაძლიერებისთვის იბრძოდა.

1982 წელს, სამხრეთ ლიბანში ისრაელის შეჭრის შემდეგ - ლიბანის დამანგრეველი სამოქალაქო ომის დროს - ნასრალა შეუერთდა ახლად ფორმირებულ ჰეზბოლას.

ისრაელის წინააღმდეგ ჰეზბოლას მიერ წარმოებულმა ბრძოლამ ნასრალას მხარდაჭერა გაუზარდა როგორც ლიბანის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. 2000 წელს, ჰეზბოლას მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეტევების ფონზე, ისრაელმა თავისი ძალები სამხრეთ ლიბანიდან გაიყვანა, 18-წლიანი ოკუპაციის შემდეგ.

2006 წელს, ჰეზბოლას მხრიდან ისრაელის ორი ჯარისკაცის გატაცებამ ბიძგი მისცა 34-დღიან, დამანგრეველ ომს ისრაელთან. მსხვერპლისა და ნგრევის მიუხედავად, ომმა კიდევ უფრო მეტად გაზარდა ჰეზბოლას სტატუსი ლიბანსა და მთლიანად რეგიონში.

ნასრალას ხელმძღვანელობის პირობებში, ჰეზბოლა ეხმარებოდა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში, წვრთნიდა ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ ჯგუფებს ერაყსა და იემენში და ეხმარებოდა პალესტინურ ორგანიზაცია ჰამასს, რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ჰეზბოლამ ბოლო თვეებში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. ისრაელმა მოკლა ჯგუფის რამდენიმე მეთაური, გაანეიტრალა მისი სამხედრო არსენალის დიდი ნაწილი და გაწყვიტა ჯგუფის საკომუნიკაციო ხაზები.

ბრიუსელში განთავსებული საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანალიტიკოსი, ჰეიკო ვიმენი თვლის, რომ ჰეზბოლა "საკმარისად ინსტიტუციონალიზებულია საიმისოდ, რომ თავის გარეშე დარჩეს". თუმცა, მისი თქმით, ორგანიზაცია ბევრ დარტყმას მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე ვერ გაუძლებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG