Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან სადიგოვი - ვინ არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელსაც თბილისში საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, ხოლო 4 აგვისტოს სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, ხოლო 4 აგვისტოს სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში 3 აგვისტოს დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, Azel.tv-ის მთავარ რედაქტორს - აფგან სადიგოვს, 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. არაერთი წყარო ადასტურებს, რომ სადიგოვი ბაქოში პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა.

მეუღლე, ასევე ჟურნალისტი, სევინჩ სადიგოვა შიშობს, რომ აფგანს ბაქოში სიკვდილი ელის.

სადიგოვი აზერბაიჯანში 2016 წლის შემდეგ, არაერთხელ გაასამართლეს, მათ შორის ორჯერ - სისხლის სამართლის წესით. აზერბაიჯანელი უფლებადამცველები მას ჟურნალისტური საქმიანობისთვის დევნილად და პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.

თბილისში ჩამოსვლა და დაკავება

აფგან სადიგოვი ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან - 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში შარშან, 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა; როგორც თავად აღნიშნავდა - ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებითა და მკურნალობის მიზნით.

სადიგოვმა რადიო თავისუფლებას დაკავებამდე უთხრა, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში სურდა წასვლა, მაგრამ ის 18 ივლისს საზღვარზე არ გაატარეს.

საერთაშორისო აეროპორტში მისულ ჟურნალისტს, საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც მას საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები მეგობრობენ. ალიევს შეუძლია მოსთხოვოს საქართველოს ჩემი გადაცემა და რასაც ის მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლება ამას შეასრულებს. მე ამის მეშინია“, - ეუბნებოდა აფგან სადიგოვი რადიო თავისუფლებას, დაკავებამდე 10 დღით ადრე.

ის აღნიშნავდა, რომ აზერბაიჯანში არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ იყო აღძრული, მაგრამ "საქმის შეკერვას" მოელოდა.

4 აგვისტოს, როდესაც აფგან სადიგოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, პროკურორმა, კოკა ცანცუამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში აღძრული საქმის მიხედვით, დაკავებულს "გამოძალვის ორ ეპიზოდში ედება ბრალი". "ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეთხოვა დაპატიმრება", - ამბობს პროკურორი.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პროცესზე განმარტა, რომ სადიგოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აღძრული საქმის მიხედვით, ბრალად ედება ადამიანებისგან შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის მიზნით.

დაკავებულის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე აცხადებს, რომ საქმე აზერბაიჯანში 2024 წლის მაისში აღიძრა, ხოლო ძებნა ივნისში გამოცხადდა.

გამოძალვა - მსგავსი ბრალდება 2020 წელს

Azel.tv-ის მთავარ რედაქტორ აფგან სადიგოვს 2020 წლის ნოემბერში ბაქოს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ის 2020 წლის 13 მაისს, ბაქოში დააკავეს, ხოლო 14 მაისს ჟურნალისტს ბრალი დასდეს ჩინოვნიკისთვის ფულის გამოძალვაში - რომ თითქოს, ქრთამის სანაცვლოდ, უარს იტყოდა ჩინოვნიკის შესახებ არსებული მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებაზე.

პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ ჩინოვნიკს ორი ჟურნალისტი სთხოვდა 15 000 მანათს და ბოლოს, გამოძალვის გზით - 10 000 მანათი [დაახლოებით 6 000 დოლარი] მიიღეს.

ამ საქმეზე ბრალდება წაუყენეს ასევე სახელისუფლებო პორტალის - Xeberfakt.az-ის მთავარ რედაქტორს, საკიტ მურადოვს, თუმცა ის 5-წლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.

აფგან სადიგოვის ადვოკატს, ელჩინ სადიგოვს მაინც ჰქონდა ეჭვი, რომ სწორედ მურადოვმა მიიღო მონაწილეობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საქმის გაყალბებაში.

ადვოკატი აცხადებდა, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართული ბრალდება იყო საპასუხო რეაქცია 13 მაისს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე ქალაქ სუმგაითის ადგილობრივ ხელისუფლებაზე, რომელმაც სავარაუდოდ გააჩუმეს ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სექსუალური ძალაობის მსხვერპლი არასრულწლოვანები.

აფგან სადიგოვის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ] ბაზებშიც ინახება.

დამოუკიდებლად შეგროვებული ინფორმაციის გარდა, აქ ოჯახის, ადვოკატისა მონათხრობებსა და მედიაში გავრცელებულ მასალებს ვხვდებით. სადიგოვის საქმეს „კავკაზსკი უზელი“ [«Кавказский узел»] დინამიკაში აკვირდებოდა.

მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ჰყვება, რომ 2020 წლის 13 მაისს სადიგოვი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა; დაახლოებით 2 საათში კი სახლში მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლები და ჩაატარეს ჩხრეკა. მათ წაიღეს ორი მობილური ტელეფონი, ორი კომპიუტერი და ჟურნალისტის ჩანაწერები. მედია სერიოზულ პროცედურული დარღვევებზე მიუთითებს.

„აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა მოუხსნას ყველა გამოგონილი ბრალდება აფგან სადიგოვს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის“, - განაცხადა 2020 წლის 4 ნოემბერს, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევროპისა და აზიის პროგრამის კოორდინატორმა, გულნოზა საიდმა, როცა ჟურნალისტს 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

CPJ აღნიშნავს, რომ „[აზერბაიჯანის] ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სადიგოვის დევნა თავისი რეპორტაჟების გამო და დართოს ნება მას და სხვა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აზერბაიჯანში შეასრულონ თავიანთი საქმე, დაბრკოლებებისა და სიცოცხლის საფრთხის გარეშე“.

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, კავშირმა „აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა თავისუფლებისთვის“, 2021 წლის ივნისში სადიგოვი პოლიტპატიმრად გამოაცხადა.

ხანგრძლივი შიმშილობა და გათავისუფლება

CPJ-ის თანახმად, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, 2020 წლის 3 ნოემბრიდან, სადიგოვი ხანგრძლივი დროის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 79-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და ჯერ ციხის საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშიც მოხვდა, გონების დაკარგვის შემდეგ. თუმცა ამის შემდეგაც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში სადიგოვი უარს ამბობდა საკვების მიღებაზე.

აფგან სადიგოვმა რადიო თავისუფლებას ივლისში უთხრა, რომ, ჯამში, 242 დღის განმავლობაში იშიმშილა.

  • 2021 წელს, სააპელაციო სასამართლომ სადიგოვს სასჯელი ექვს წლამდე შეუმცირა; ხოლო უზენაესმა სასამართლომ - ოთხ წლამდე.
  • 2022 წლის მაისში სადიგოვმა საპატიმრო შეწყალების გზით დატოვა - [„კავკაზსკი უზელის“ თანახმად, შეწყალებაზე პრეზიდენტ ალიევს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მიმართა].

საპატიმრო სასჯელების მიუხედავად, აფგან სადიგოვი კვლავ განაგრძობდა ჟურნალისტურ საქმიანობასა და აზერბაიჯანის ხელისუფლების მწვავე კრიტიკას.

სხვა სასჯელები და პარალელი

CPJ-ის თანახმად, მანამდე აფგან სადიგოვი დაკავებული იყო ორჯერ, 2018 წელს - ივნისსა და ნოემბერში, როდესაც მას თითო თვით ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული; ხოლო 2016 წელს, ხელისუფლებამ სადიგოვი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის საქმეზე - თავდასხმაში [დამამძიმებელ გარემოებაში] და 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ პატიმრობასაც ყველა დამოუკიდებელი წყარო მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

„ილჰამ ალიევის ბრძანება აღსრულდა“, - დაწერა სევინჩ სადიგოვამ სოციალურ ქსელში, 3 აგვისტოს, მეუღლის დაკავების შემდეგ. სევინჩი თავადაც ჟურნალისტია და თბილისიდან ბოლო დღეებში აზერბაიჯანულ ენაზე არაერთი ვიდეო ჩაწერა, მათ შორის - სასამართლოს ეზოდან.

აფგან სადიგოვის საქმეს ბევრი ადარებს აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - 2017 წელს თბილისიდან გაუჩინარებული აფგან მუხთარლის საქმეს. საბოლოოდ ის აზერბაიჯანის საპატიმროში აღმოჩნდა - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

აზერბაიჯანში მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო 2020 წელს მოულოდნელად გაათავისუფლეს. აფგან მუხთარლი ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

მუხთარლი დარწმუნებულია, რომ ექსტრადიციის შემდეგ სადიგოვს ბაქოში დააკავებენ და საქართველოს ხელისუფლებისგან საიმედოს არაფერს მოელის.

დიდი ალბათობით, თუკი აფგანი თავისით არ დაბრუნდება, ივანიშვილის ხელისუფლება მას მაინც გადასცემს აზერბაიჯანს. ივანიშვილი მთავარი ფიგურაა, განსაკუთრებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, - წერდა აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში, აფგან სადიგოვის შესახებ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG