აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ინტერესებს „უფლებები საქართველო“ იცავს. არსებული ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცველებმა სადიგოვი დააკავეს აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე.
დაკავებულის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს; თავად ადვოკატმა კი არაფერი იცის ბაქოში მიმდინარე გამოძიების დეტალებზე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და რომ სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ გაავრცელა. სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და ორი კვირის წინ მისი დატოვება უნდოდა, მაგრამ აეროპორტში ქვეყნიდან არ გაუშვეს.
პროკურატურა მის პატიმრობას გაქცევის საფრთხის გამო ითხოვდა.
ფორუმი