Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე იმსჯელეს პანკისელებმა სათემო კრებაზე


24 აპრილს, პანკისის ხეობის მცხოვრებთა სათემო კრება გაიმართა სოფელ ჯოყოლოში. კრებას ხეობის თითქმის ყველა სოფლიდან ესწრებოდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ არ დაუშვებს ხეობაში მესამე ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობას. ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა სოფელ ბირკიანის მახლობლად, მდინარე ალაზანზე იგეგმება.

სათემო კრების მონაწილეთა ინფორმაციით, ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ მაშინაც, როცა მისი ნებართვა გაიცა, თუმცა, მათი მოთხოვნა არც მშენებელმა კომპანიამ გაითვალისწინა და არც მთავრობამ. როგორც კრების ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, „ერთი ქისტიც, რომ არ დარჩეს ცოცხალი, ჰესის მშენებლობას მაინც არ დაუშვებენ.“

პანკისელები სწორედ მათი ინტერესების გაუთვალისწინებლობას ასახელებენ მიზეზად, რომელმაც 21 აპრილს შეტაკება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის.

სათემო კრება
სათემო კრება

სათემო კრების მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა, ეს არ მოხდებოდა ხელისუფლება ხალხის ნების წინააღმდეგ რომ არ წასულიყო.

პანკისელები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ 21 აპრილის საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებთან დაპირისპირების არცერთი მონაწილის დაკავებას, თუმცა, მათ გამოკითხვას არ ეწინააღმდეგებიან.

ხეობის მცხოვრებთ „ხადორი 3“-ის მშენებლობა იმ მიზეზით არ სურთ, რომ ჰესი გაანადგურებს ბუნებას და სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დატოვებს. თავის მხრივ, ჰესის მშენებელი კომპანიის, „ფერის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა 24 აპრილს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე კვლავ გაიმეორა, რომ „ხადორი 3“ დერივაციული ელექტროსადგურია, არ გააჩნია სათავე ნაგებობა, არ ხდება მდინარის გადაკეტვა, კერძო საკუთრების დაზიანება და არც ერთი კვადრატული მეტრის დატბორვა.

ლაშა იორდანიშვილი
ლაშა იორდანიშვილი

ლაშა იორდანიშვილმა სიცრუე უწოდა განცხადებებს, რომ ახალი ჰესის მშენებლობა წყალს დააშრობს. უცვლელია „ფერის“ გენერალური დირექტორის პოზიციაც, რომ პანკისის მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ იმ ჯგუფებს, რომლებიც ზოგადად, ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

24 აპრილს, ლაშა იორდანიშვილმა ისიც თქვა, რომ 21 აპრილს მშენებლობის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ჩათვალეს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების შედეგად მათ შეკითხვები აღარ დარჩათ. მისივე თქმით, შეკითხვები არც მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დასმულა, როცა პანკისელებთან შესახვედრად ხეობაში იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები და გეოლოგიური დეპარტამენტის, ჰიდროლოგიური სამსახურის და წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელები.

სოფელ ბირკიანთან „ხადორი 3“-ის მშენებლობის დაწყების პირველი მცდელობა 2018 წელს იყო, თუმცა, ადგილობრივ მცხოვრებთა პროტესტის გამო პროცესი შეჩერდა. როგორც კომპანია „ფერის“ ხელმძღვანელები ამბობენ, ამ პერიოდში მოსახლეობასთან დამატებით შეხვედრებს მართავდნენ.

თავის მხრივ, პანკისელები აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობას არასდროს დათანხმებიან და არც ახლა დაუშვებენ. 24 აპრილს, ჯოყოლოში გამართული სათემო კრების მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ უახლოეს ხანში საქართველოს მთავრობის და ქვეყნის მოსახლეობის სახელზე სპეციალურ მიმართვას გაავრცელებენ. როგორც კრების შემდეგ მისმა მონაწილემ თამაზ ბაღაკაშვილმა თქვა: „ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი და აქედან გამომდინარე, არ გვინდა საქართველოში რაიმე დაძაბულობა დავუშვათ.“

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG