პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყება დღეს იგეგმება, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. სოფელ ბირკიანში შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციას დაუპირისპირდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ ხეობაში ჩასული მინისტრები მათ ჰესების საკითხთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა სამუშაოები მაინც გრძელდება. პანკისელები აღნიშნავენ, რომ მათ ამის უფლებას არ მისცემენ. ადგილზე მობილიზებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.