მოხუცი, თავსაფრიანი ქალი, რომელიც ძირს იხრება და ათობით სხვა თანასოფლელთან ერთად ქვას ესვრის პოლიციის რაზმს - შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ამ ვიდეოკადრებს, როგორც კანონდარღვევას თუ ნივთმტკიცებას, უსასრულოდ ატრიალებს მედია, მაგრამ ისიც ვიკითხოთ, რამ აიძულა ასაკიანი, ალბათ შვილიშვილების პატრონი ქალი, მიეტოვებინა ოჯახი, კერა და ხეობაში ჩასული პოლიციის რაზმისთვის გაეწია გავეშებული წინააღმდეგობა, მკერდი მიეშვირა ხელკეტებისთვისა და რეზინის ტყვიებისთვის?
განა, ყოველ დღე ისვრიან ქვებს საქართველოს მთაში მცხოვრები, ტრადიციულ ოჯახებში აღზრდილი ქალები? რამ შეიძლება ერთ აზრზე დააყენოს განსხვავებული ასაკისა და სქესის ამდენი ადამიანი და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიოს სპეციალური დანიშნულების რაზმს? იქნებ, სასოწარკვეთამ, მათ წინ აღმართულმა ყრუ კედელმა?
როგორც ჩანს, ქვა ისევ რჩება სასოწარკვეთილი ადამიანების ერთადერთ იარაღად გულქვაობისა და უგუნურების წინააღმდეგ, როცა არჩევანს არ გიტოვებენ, როცა არაფრად გაგდებენ, არაფერს გეკითხებიან და შენი ნების მიუხედავად გიცვლიან საცხოვრებელს ისე, როგორც შეუცვლიდნენ ტყეში ირმებსა და მინდვრებში მგლებს! როცა შენი შიში, ჰესის აშენებით დაკარგო მდინარე და, შესაბამისად, ცხოვრების შესაძლებლობა, მიჩნეულია ჩამორჩენილი ადამიანის არარაციონალურ შიშად და შენთან სალაპარაკოდ მოჰყავთ არა ავტორიტეტიანი, მიუკერძოებელი გეოლოგები და ეკოლოგები, არამედ სპეცდანიშნულების სამშენებლო რაზმი - მინისტრებისა და ინვესტორების, პოლიციელებისა და მშენებლების, ექსკავატორებისა და ჯავშანტრანსპორტიორების უცნაური ნაზავი.
„ალაზანი ჩვენი ხერხემალია! ალაზანი, თუ წაგვართვეს, აღარ გვეცხოვრება!“ - ამ ერთ წინადადებამდე დაიყვანება პანკისის ხეობის მთელი მოსახლეობის გულისტკივილი და პოზიცია. ალაზნის, როგორც სასმელი და სარწყავი წყლის დაკარგვის შიში უბიძგებთ მათ მოქმედებისკენ და არაფერი სხვა, მათ შორის არც რელიგიური, არც ეთნიკური ან სხვა სახის პრობლემები და, თუ ვინმეს რამე საჩოთირო წამოცდა ცხელ გულზე, როცა გონება რისხვითა და ცრემლსადენი გაზით ჰქონდა არეული, არ ღირს ამ ამბისთვის სერიოზული მნიშვნელობის მინიჭება.
თუ ჰესი საყოველთაო სიკეთეა, მაშინ ხელისუფლებას არ უნდა გაუჭირდეს ხალხის დარწმუნება მშენებლობის სიკეთეში და თუ ვერ დაარწმუნებს, იმდენი ხნით უნდა გადადოს მშენებლობა, რამდენი ხანიც დასჭირდება დარწმუნებას. აკი, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა კიდევაც, მშენებლობა არ დაიწყება, ვიდრე მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმაო, ოღონდ ეს თქვა მას შემდეგ, რაც სამყაროს გაჩენიდან მიწაში უძრავად ნადებმა ქვებმა ფრენა დაიწყეს, ხოლო თუ რა ფაქტორები აფრთიანებს ქვებს, საყოველთაოდაა ცნობილი და ამ ფაქტორებში ძალაუფლების ენას, რომლითაც ჯერ შს მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თვითონ მინისტრი ელაპარაკებოდა მოსახლეობას, უკანასკნელი ადგილი არ უჭირავს.
შს მინისტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ენას ასევე მძიმე კვალი დაამჩნია მთავარ ოპონენტებთან („ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“) დავამ და კინკლაობამ, როცა მათთან დაპირისპირებაში არგუმენტების მცირე ჩამონათვალით - „სისხლიანი 9 წელი“, „საკითხის პოლიტიზირება“, „რევანშიზმი“ და ა.შ. - გადიოდა ფონს. 21 აპრილის დრამატულმა ამბავმა გამოაჩინა, რომ ხელისუფლებას სხვაგვარად ლაპარაკი არც საზოგადოების სხვა ჯგუფებთან შეუძლია და, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობასაც ისე ექცევა, როგორც ექცევა პოლიტიკურ ოპონენტებს, არადა, ხალხი თავის სამშობლოსა და საარსებო გარემოს იცავს, იცავს ჰესებისგან, რომლებიც, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენელს ნუგზარ ზაზანაშვილს რომ დავესესხოთ, „გველეშაპებივით "ყლაპავენ" პატარა, უმშვენიერეს მდინარეებს და პატარა ხეობების ეკოსისტემებს უქმნიან საფრთხეს, სწორედ იმ ხეობებისას, სადაც მდიდარი ბიომრავალფეროვნებაა "შენახული"! თან ქვეყნის ენერგოსისტემას, ფაქტობრივად, არაფერს აძლევენ, ტურისტულ პოტენციალს კი ანადგურებენ!“.
ჰესების მშენებლობას წლებია ასევე აპროტესტებენ სვანეთში, აჭარაში, რაჭაში... თუმცა რეზინის ტყვიებისა და ქვების სროლამდე საქმე მხოლოდ პანკისის ხეობაში მივიდა, რადგან აქ უფრო მძიმე და ყრუ კედელი აღიმართა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. ამ კედელში მძიმე ლოდებად დალაგდა როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე, ასევე წლების განმავლობაში დაგროვილი უნდობლობა გამოწვეული პოლიციის და უშიშროების სამსახურის აქტიური ჩარევით ხეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამ ყრუ კედლიდან დაცვენილი ქვები დაფრინავდა 21 აპრილს სოფელ ბირკიანთან. ლამის მთელი სოფელი - ქალი, კაცი, დიდი და პატარა ისროდა ამ ქვებს, რაც კანონის ენით, დანაშაულია გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. კანონი დაირღვა, გიორგი გახარიამაც პირობა დადო, რომ არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩებოდა, მაგრამ როგორ უნდა დასაჯო 70-80 წლის თავსაფრიანი ქალები, რომლებიც ქმრების, შვილების და შვილიშვილების მხარდამხარ იცავენ თავს?
იქნებ, გაკვეთილად მაინც გამოგვადგეს 21 აპრილის გამოცდილება, რომ ხალხსა და ხელისუფლებას შორის აღმართული უნდობლობის კედელი სასწრაფოდაა დასაშლელი და გასატანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, ეს კედელი მაინც დაინგრევა და ძნელი მისახვედრი არაა, თუ რა ტრაექტორიას მოხაზავენ კედლიდან დაცვენილი ქვები.