13-წლიანი პაუზისა და აპრილში ერთხელ უკვე გადადებული ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში 31 მაისს ელოდებიან. ექსპერტების შეფასებით, „ოცნება“ ახლა, „შედარებით შერბილებული ტონალობით“ ბრიუსელში პრეზიდენტის შესაძლო მწვავე გამოსვლის პრევენციას ცდილობს; ხოლო იმპიჩმენტის პროცედურა წინასწარვე მარცხისთვის არის განწირული.
"ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი", - წერს "ოცნება" 29 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც, თავის მხრივ, სწორედ პრეზიდენტის კრიტიკით არის გაჯერებული - აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი "რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ" მოქმედებს და "კარგავს ლეგიტიმაციას".
პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლას ასევე ორი დღით უსწრებს წინ ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ ბრიუსელში შეთანხმებული დემარში - რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც 29 მაისს ეკონომიკის მინისტრს გადაეცა.
რას უპირებს "ოცნება" პრეზიდენტს?
მიუხედავად იმისა, რომ, "ოცნების" განცხადების თანახმად, "უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით" გამორჩეული "პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას" ყოფილი მხარდამჭერების თვალში და მოქმედებს "რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ", მმართველი პარტია მაინც სავალდებულოდ თვლის, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს "დარჩენილი წელიწად-ნახევრის მანძილზე" [ვადის ამოწურვამდე] კვლავ შეუნარჩუნდეს "თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად".
„ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს“, - წერია 29 მაისს „ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამასთან, მმართველი პარტია იმედს გამოთქვამს, რომ „ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა“ და მზად არის პრეზიდენტს "მაქსიმალური დახმარება გაუწიოს", "ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად".
„დიდი მადლობა, როგორმე, ჩვენ თვითონ გავაგრძელებთ საზოგადოებასთან ურთიერთობას“, - უპასუხეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან „ქართულ ოცნებას“ და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ 29 მაისს ისიც განაცხადა, რომ "სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო და მისი ხასიათი ვერ გაიგო", რომ „მასზე პრევენცია და ზემოქმედება არ მოქმედებს“.
ბოლო თვეებში პრეზიდენტის შეფასებები „ქართული ოცნების“ მიმართ მზარდად მწვავე და კრიტიკულია; რიტორიკა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც "ოცნების" ხელისუფლება მიესალმა პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას - რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ და ფრენები მალევე განახლდა კიდეც.
ექსპერტებისთვის ღია კრიტიკის კულმინაციას წარმოადგენდა პრეზიდენტის გამოსვლა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ "საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს", ხოლო ყოველდღიური განცხადებებითა და ქმედებებით "ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ".
მალე ბრიუსელში
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პრეზიდენტის მიმართ „ქართული ოცნების“ ტონალობის შერბილება პირდაპირ უკავშირდება სალომე ზურაბიშვილის მოახლოებულ გამოსვლას ევროპარლამენტში.
„ეს განცხადება დაიწერა ევროპარლამენტის დასანახად, რომ - აი, ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და ყველაფერს ვაკეთებთ დეპოლარიზაციისთვის... მათთვის [„ქართული ოცნებისთვის“] გასაგებ ენაზე [რუსულად] ვიტყვი, რომ - для галочки [ფორმალურად] გააკეთეს ეს ყველაფერი", - გვეუბნება ალაფიშვილი. ის არ ფიქრობს, რომ სალომე ზირაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში "ისეთივე მკვახედ კრიტიკული იქნება, როგორიც იყო 26 და 27 მაისს", მაგრამ მოელის, რომ "პრეზიდენტი დიპლომატიური ენით, მკაფიოდ ისაუბრებს უარყოფით ტენდენციებზე და აუცილებლად იტყვის იმას, რასაც ფიქრობენ საერთაშორისო პარტნიორები - რომ ქართველი ხალხი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“.
31 მაისს, პრეზიდენტი ევროპარლამენტარების წინაშე, ბრიუსელში წარდგება, მიმართვით - რომელიც მანამდე 18 აპრილს იყო დაგეგმილი. ვიზიტის გადადება პრეზიდენტმა მაშინ მთავრობისგან თანხმობის დაგვიანებით ახსნა, რაც უარყო თავად მთავრობამ.
თანხმობა სწრაფი და ოპერატიული არც მეორე ჯერზეც აღმოჩნდა - პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 17 მაისს განაცხადა, რომ ამ ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის დასტური ჯერ არ ჰქონდა 27 აპრილს გაგზავნილ მიმართვაზე და, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენის ნებართვა მთავრობამ უფრო სწრაფად და ადრე გასცა.
პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლას თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა „ქართული ოცნება“. პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჯერ კიდევ აპრილში დასვა შეკითხვა - რამდენად უპრიანი იყო, რომ ასე კრიტიკულად განწყობილ პრეზიდენტს საქართველოს სახელით ელაპარაკა. შემდეგ უკვე, მაისში, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი", რადგან პრეზიდენტის განცხადებები „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი“.
29 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებას „ოცნების“ „არა სტრატეგიულ, არამედ ტაქტიკურ გადაწყვეტილებად“ განიხილავს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და ევროპარლამენტში მწვავე გამოსვლის ერთგვარი დაზღვევა-პრევენციის გარდა, რადიო თავისუფლებასთან „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ სავარაუდო შიშზე ლაპარაკობს, რაც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ამჟამად პატიმარ ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალების საკითხს უკავშირდება.
„თუკი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ პერსონას განიხილავს პოლიტიკურ მოთამაშედ, მაშინ ბრიუსელში გამგზავრების წინ, ლოგიკური იქნებოდა ნიკა გვარამიას შეწყალება, რაც მის პოზიციებს ამ ვიზიტის დროს, როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში, ძალიან გააძლიერებდა... ეს შიშიც აქვს „ქართულ ოცნებას“ და ამიტომ გამოაქვეყნა ეს განცხადება... მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი პრეზიდენტი ბრიუსელიდან ჩამოვა, მეორე დღესვე ლანძღვა-გინებას დაუწყებენ - რაც უნდა თქვას მან იქ, სულ რომ "ბიძინას გაუმარჯოს!" იძახოს“, - გვეუბნება გია ხუხაშვილი.
ზოგადად, ექსპერტულ წრეებში თვლიან, რომ ბრიუსელში საქართველოს შესახებ ყველაფერი ისედაც ძალიან კარგად იციან და რომ საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით ადევნებენ თვალს როგორც "ქართული ოცნების" ხელისუფლების, ასევე პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს.
პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლას ასევე ორი დღით უსწრებს წინ ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ ბრიუსელში შეთანხმებული დემარში - რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.
რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი?
„სასწრაფოდ იმპიჩმენტი!“ - „ქართული ოცნების“ „შერბილებული“ განცხადება მოჰყვა პარტიის მხარდამჭერებისა და იდეური მოკავშირეების მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნებს, რაც სოციალურ ქსელებში მასობრივად შეინიშნებოდა, 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის კრიტიკული გამოსვლის შემდეგ. ფეისბუკში წერდნენ, რომ ზურაბიშვილი „დალპა“, „დეგრადირება განიცადა“, „ხელიდან წავიდა“, „უმადურია“ და ა.შ. ზოგიერთები ქვეყნიდან მის გაძევებასაც მოითხოვდნენ.
შეკითხვაზე - რა არ მოეწონათ და რატომ ითხოვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამგვარი მოწოდებების ავტორები ძირითადად პასუხობდნენ, რომ პრეზიდენტი „რადიკალური ოპოზიციის“ პოზიციებს გამოხატავს და ხელისუფლებას უსამართლოდ აკრიტიკებს.
29 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ მიანიშნა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას არ გეგმავს და სალომე ზურაბიშვილს ვადის დასრულებას, კიდევ წელიწად-ნახევრის განმავლობაში დააცდის.
ვადაზე ადრე პრეზიდენტის პოსტიდან დათხოვნა, საქართველოს კონსტიტუციით, მხოლოდ იმპიჩმენტის წესით არის შესაძლებელი. მაგრამ რამდენად რეალისტური და შესაძლებელია იმპიჩმენტი ახლა?
„იმპიჩმენტი რომ დაიწყო, სახეზე უნდა იყოს დანაშაული ან კონსტიტუციის დარღვევა - რომელიაო, რას იტყვიან [„ქართული ოცნება“]?! შემთხვევით, სალომე ზურაბიშვილი მაშინვე ხომ არ უპასუხებს მათ - თქვენ არღვევთ კონსტიტუციის 78-ე მუხლს - ევროინტეგრაციას რომ აფერხებთო?! ... მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის უმრავლესობა [ხელისუფლების მიმართ] პოლიტიკურად ლოიალურები არიან, ისინი არ წავლენ კანონის, კონსტიტუციის წინააღმდეგ. ვფიქრობ, მათთვის ყველაფერი ნათელია“, - ეუბნება კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი რადიო თავისუფლებას.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურისთვის, სულ ცოტა, 100 დეპუტატის მხარდაჭერის მობილიზებაა საჭირო, რაც საპარლამენტო არითმეტიკით, ამ ეტაპზე, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება - როგორც დამოუკიდებლად და ასევე - თავის განაყოფ „ხალხის ძალასთან“ ერთადაც. საპარლამენტო უმრავლესობაში ისინი ამჯერად, ჯამში, 84 მანდატს ფლობენ.
გია ხუხაშვილის შეფასებით, „ოცნება“ იმპიჩმენტის გზით შეგნებულად არ მიდის, რადგან აცნობიერებს, რომ „ეს წარუმატებელი თამაში“ იქნება და იმპიჩმენტის მცდელობა ისევ სალომე ზურაბიშვილის პოზიციებს გააძლიერებს.