Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიდი ხანია არაფერი მწყინს" - პრეზიდენტი დიასპორის ფორუმზე ფეხზე იდგა


საქართველოს პრეზიდენტი დიასპორის ფორუმზე
საქართველოს პრეზიდენტი დიასპორის ფორუმზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მთავრობამ დაარღვია პროტოკოლი, როცა დიასპორის ფორუმზე არ დაიცვა წესები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ადგილის გამოყოფის დროს. ის სიტყვით გამოსვლამდე ფეხზე იდგა და სწორედ ამ საკითხზე საუბრით დაიწყო მიმართვა.

"არ შეიძლება, რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“ და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა, იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“. ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაღებულ კადრებში ჩანს, ფორუმზე პრეზიდენტისთვის განკუთვნილი სკამი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარის ადგილებს შორის იყო.

დიასპორის ფორუმი
დიასპორის ფორუმი

საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსენა გუშინდელი, 26 მაისის ღონისძიებაც:

"არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში. ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას".

მან დამსწრე საზოგადოებას აუხსნა, რატომ არის მნიშვნელოვანი პროტოკოლი ქვეყნისთვის.

"პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება ისე, რომ არაფერი მოხდეს. პროტოკოლი ასევე არის პატარა სახელმწიფოების საერთაშორისო დონეზე მთავარი დაცვა. თუ არა პროტოკოლი, მაშინ ჩვენ ყველგან, საერთაშორისო დონის შეხვედრებზე ვიქნებოდით სადღაც ქვემოთ, უკან. პროტოკოლი იცავს პატარას, იცავს ყველას და ეს არ არის ისე გამოგონილი, რომ ვიღაცის თავმოყვარეობას ან ამბიციებს მოერგოს - ეს როგორც პატარა შესავალი ამ საკითხზე", - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის შემდეგ დიასპორის ფორუმზე მიწვეულ სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა პროტოკოლის თანამშრომლებს, რომლებიც მანამდე სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა.

"მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან, მინდა მას წარმატებული დღე ვუსურვო... რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია. მინდა მას მადლობა გადავუხადო, ასევე ბატონ ილია დარჩიაშვილის უწყების ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო, საკონსულოების წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო", - თქვა საქართველოს პერემიერ-მინისტრმა.

სიტყვის წარმოთქმის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ფორუმი დატოვა. მან თქვა, რომ დიასპორის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა.

XS
SM
MD
LG