Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰერჩინსკი ფრენების აღდგენაზე: პუტინის ცალმხრივ გადაწყვეტილებას საქართველოსგან შეთანხმება სჭირდებოდა


პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩებთან ერთად დემარში გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს. სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში მან განაცხადა, რომ მინისტრს გადასცა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ბრიუსელში შეთანხმებული გზავნილი.

"გადავეცით სინანული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დათანხმებოდა რუსეთთან პირდაპირ ფრენებს. გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან გადაწყვეტილებასთან, არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა. ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და ვიქონიოთ მასზე წნეხი თავისი ქცევის შესაცვლელად, როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი განაგრძობს უკრაინაში", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ მართალია, ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილება, "მაგრამ ის ასევე საჭიროებდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობის მხრიდან". სწორედ ამიტომ დაევალა მას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის შეთანხმებული გზავნილის გადაცემა. "ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩის თქმით, საქართველოს ვიცე-პრემიერისგან პასუხად მოისმინა "მანამდე უკვე მოსმენილი არგუმენტები, რომ უზრუნველყოფენ, რომ არც სანქცირებული ავიაკომპანია და არც დასავლეთში წარმოებული თვითმფრინავი არ იქნება გამოყენებული, თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი საკითხია გამოტოვებული".

"მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, აეკრძალა ყველა სახის ფრენა რუსეთიდან და რუსეთისკენ, ყველა ტიპის რუსული თვითმფრინავით ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს 27-ვე წევრი სახელმწიფოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთზე ზეწოლისთვის, უკრაინასთან მიმართებით მისი ქცევის შესაცვლელად“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი სიტყვებით, საქმის კურსში არ არის, მიმდინარეობს თუ არა რაიმე საუბარი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე.

„მე საქმის კურსში არ ვარ ევროკავშირში მიმდინარე რაიმე საუბრის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის რაიმე სანქციების დაწესებას შეეხება“, - უთხრა ჟურნალისტებს პაველ ჰერჩინსკიმ.

მან აღნიშნა, რომ გაუჭირდება იმის თქმა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთთან ფრენების აღდგენაზე, იქონიებს თუ არა გავლენას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე. პაველ ჰერჩინსკის სიტყვებით, "ერთი ნათელია, რომ ამგვარი განვითარება ჩვენი თვალთახედვით დადებითი რამ არ არის, მაგრამ ამას განსჯის ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო როგორ და თუ ექნება ამას ეფექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

ეს არ არის ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის დემარშის გამოცხადების პირველი შემთხვევა. ასე მოხდა 2023 წლის თებერვალშიც, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველი რეისის შესრულებასაც აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.

XS
SM
MD
LG