Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა" - ვიცე-პრემიერი EU-სგან ფრენების გამო დემარშის მიღების შემდეგ


ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ამავდროულად არის ვიცე-პრემიერი, ევროკავშირის ქვეყნებისგან რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიღების შემდეგ ამბობს, რომ ელჩები მოსაზრების გამოსახატად შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ვიმსჯელეთ იმაზე, რომ საქართველოს სიტუაცია განხილული არ უნდა იქნეს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნები - საქართველოს აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების კონტექსტისგან... ვფიქრობ, ბევრი ელჩისთვის ეს გასაგები და ლოგიკურია...

შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა ზოგიერთ საკითხზე, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი მდგომარეობა არ უნდა გაიგივდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვაზე პასუხის გაცემისას მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველო არ ელოდება სანქციების დაწესებას.

დღეს, 29 მაისს, ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით ეკონომიკის მინისტრს საქართველოს რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო ელჩებმა დემარში გადასცეს.

"გადავეცით სინანული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დათანხმებოდა რუსეთთან პირდაპირ ფრენებს, გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან გადაწყვეტილებასთან, არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა. ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და ვიქონიოთ მასზე წნეხი თავისი ქცევის შესაცვლელად, როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი განაგრძობს უკრაინაში", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ეს არ არის ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის დემარშის გამოცხადების პირველი შემთხვევა. ასე მოხდა 2023 წლის თებერვალშიც, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველი რეისის შესრულებასაც აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.

XS
SM
MD
LG