"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები მას ახსენებს იმ ადამიანის პოზიციას, შარზე რომ არის და თავს რომ იბრაზებს, რაღაცის გამო.
„მოდით, დაველოდოთ, რა იქნება ის რაღაც“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ამ პროვოკაციებს არ უნდა წამოეგოს.
„ალბათ, გამოჩნდება რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს. იმდენად პროვოკაციულია დამოკიდებულება, რომ ჩვენ ამ პროვოკაციებს, მგონი, არ უნდა წამოვეგოთ. გაბრაზება ხან ზოგადი პოლიტიკური სარჩულით, მერე აბსოლუტურად არასწორი, არარელევანტური „მესიჯები“ 26 მაისთან დაკავშირებით და შემდეგ საზოგადოების რეაქციაც შესაბამისი იყო, შემდეგ პროტოკოლზე გაბრაზება რას ემსახურება, შეიძლება მომავალმა გამოაჩინოს და ვნახოთ. ჩვენ ამ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტისას ასეთივე „კრიტიკული“ არ იქნება.
„იმ ფრთის წარმომადგენლებს, რომელსაც ახლა ქალბატონი სალომე ნარატივში შეუერთდა, რამდენიმე კვირის წინ ასეთი "მესიჯი" ჰქონდათ: ქვეყნის გარეთ არ ვამბობთ ასეთ რაღაცებსო. დღეს, ამ საუკუნეში, ქვეყნის შიგნით ვამბობთ, რას ნიშნავს?! ქვეყნის შიგნით, რომ ამბობ, არ გადის ის "მესიჯები" გარეთ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამას ვერ იგებს და გარეთ თუ იტყვი, მარტო იმას იგებენ?! ეს რა დამოკიდებულებაა, ვერ ვხვდები. ამიტომ, იმედია, ისეთივე „კრიტიკული“ არ იქნება ქალბატონი სალომეს შეფასებები ქვეყნის გარეთაც და იქნებ რაღაც ნაწილში მაინც ობიექტურობის გამოჩენა შეძლოს. ეს იქნება ქვეყნისათვის ძალიან კარგი და არა რომელიმე პოლიტიკური წარმომადგენლისთვის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.