Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ები: მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებიან ხელისუფლების მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო რეკომენდაციების შესრულებას, აცხადებენ, რომ მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ერთობლივ ბრიფინგზე მათ ისაუბრეს 22-25 მაისის პერიოდში ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრების დეტალებზე.

"ევროკომისიის მიერ საქართველოს შეფასების ანგარიშის წარდგენამდე დაახლოებით 5 თვეა დარჩენილი. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება, აჩვენოს პოლიტიკური ნება, ევროპულ ღირებულებებთან ერთგულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათვე აღნიშნეს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ნაწილის შესრულება მეტ-ნაკლებად დადებითად შეფასდა:

"სამწუხაროდ, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან ამ რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური ნების ნაკლებობა".

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კვლავ გამოხატეს იმედგაცრუება რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG