Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა მძღოლებმა ევროპარლამენტი აალაპარაკეს - აი, როგორ


1 თვეა, გერმანიაში 65 მძღოლი მძიმე სამუშაო პირობებს და უხელფასობას აპროტესტებს
1 თვეა, გერმანიაში 65 მძღოლი მძიმე სამუშაო პირობებს და უხელფასობას აპროტესტებს

გერმანიაში სატვირთო მანქანების გაფიცულმა მძღოლებმა გაიმარჯვეს. დამსაქმებელმა თანხა თითქმის ყველას გადაუხადა. ახლა მათმა პროტესტმა შეიძლება შეცვალოს კანონები მთელ ევროკავშირში.

“ეს მამაცი ხალხი საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის”

“სატრანსპორტო სექტორში დაუფარავად ხდება ადამიანების ექსპლუატაცია”

“ევროკავშირში ყველა მშრომელს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს”

18 აპრილს, ევროპარლამენტში გაკეთებული ეს განცხადებები მძღოლების ერთთვიანი გაფიცვის შედეგია. მათი ნაწილი უზბეკია, უმრავლესობა კი - ქართველი.

მარტის ბოლოს 65 კაცი პოლონელ დამსაქმებელს აუჯანყდა. მათ ორთვიანი დავალიანების გადახდა მოითხოვეს, მანქანები გერმანიის ქალაქ ვაიტერშტადთან გააჩერეს და იქიდან მოყოლებული არ დაძრულან. გაფიცულებს მალევე მხარი დაუჭირეს ადგილობრივმა მოსახლეობამ და პროფკავშირებმა. რამდენიმე კვირაა, პროტესტზე წერენ გერმანიის წამყვანი გაზეთებიც.

“ქართველ კაცს თუ ვინმეს სტუმართმოყვარეობა გამაკვირვებდა, არ მეგონა”, - ამბობს კობა კვანტალიანი. 44 წლის კაცი ადრე სოფელ კაზრეთში, ოქროს საბადოზე მუშაობდა. ტრაილერის მძღოლობა კი წინა წლის სექტემბრიდან დაიწყო. იგი “აღფრთოვანებულია სოლიდარობით”, რომელიც გერმანელებისგან იგრძნო.

ჰყვება, რომ ყოველდღე მოაქვთ საჭმელი, სასმელი, ჰპირდებიან გერმანიაში დასაქმებას. ერთმა წყვილმა გაფიცულებს ათი ათასი ევრო მოუტანა, რომელიც “ძმურად გაიყვეს”.

კობა კვანტალიანი (მარცხნივ)
კობა კვანტალიანი (მარცხნივ)

შრომითი ხელშეკრულებით, კობას საათში 80 ევრო ეკუთვნოდა და, წესით, თვეში 2000 ევროზე მეტი უნდა აეღო. მაგრამ დამსაქმებელი, პოლონური კომპანია “აგმაზი“, გამუდმებით პოულობდა ახალ-ახალ გზებს და მიზეზებს მძღოლებისთვის თანხის გამოსაქვითად. მანქანები დაზღვეული იყო, მაგრამ თვის ბოლოს მაინც აჭრიდა 500-600, ხანდახან კი 1500 ევროს.

ორი თვის ხელფასი უკვე დაერიცხა, “დაზღვევად” წართმეული ფული - ჯერ არა. სანამ ყველას “უკანასკნელ ცენტამდე” არ გაისტუმრებენ, მძღოლები მანქანებს არ დააბრუნებენ. “რაც გავჩერდი, იმ დღიდან ვამბობდი, ან ყველაფერი, ან არაფერი”, - ამბობს კობა.

ქართველებს ევროპაში უჭირთ

გაფიცულებმა თითქმის გაიმარჯვეს. მაგრამ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მათი წარმატება სათუო იყო. დამსაქმებელი ამბობდა, რომ მძღოლების არაფერი მართებს. 7 აპრილს თავზე შეიარაღებული ხალხი დააყენა და მანქანების წართმევა ძალით სცადა.

საქმეში პოლიცია ჩაერთო და თავდამსხმელები დააკავა. ეს წყალგამყოფი გახდა. მომდევნო დღეებში მძღოლებმა ნელ-ნელა დაიწყეს კუთვნილი ხელფასის მიღება.

მძღოლები ამბობენ, რომ მათი წარმატება ქართული პროფკავშირების დამსახურებაა. სწორედ მათ დააკავშირეს გერმანელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან და დაეხმარნენ გერმანიის ხელისუფლებასთან ამბის მიტანაში.

12 აპრილს, თბილისში, პოლონეთის საელჩოსთან “საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ” სოლიდარობის აქცია გამართა. იმავე დღეს გაფიცულებთან ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ჩავიდა.

“სხვა დროსაც გვქონია სხვადასხვა მასშტაბის პრობლემები, მაგრამ ასეთ ამაზრზენ დამსაქმებელს არასოდეს შევხვედრივართ. კრიმინალია, რეალურად კრიმინალია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი პეტრიაშვილმა წინა კვირაში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ევროპაში სამუშაოდ წასული ქართველები მძიმე სამუშაო პირობებს უჩივიან. მაგალითად, 2021 წელს 24 ქართველი გერმანიისა და შვეიცარიის საზღვარზე მარწყვს კრეფდა. ამ მძიმე სამუშაოში დამსაქმებელი საათში დაახლოებით სამ ევროს უხდიდა, არადა, გერმანული კანონმდებლობის თანახმად, მინიმალური ანაზღაურება საათში 9,5 ევროა.

ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის, ევროსტატის თანახმად, 2021 წელს ევროპაში მესამე ქვეყნების თითქმის 9 მილიონი ადამიანი მუშაობდა. 18 აპრილს, სტრასბურგში გამართულ სხდომაზე, არაერთმა ევროპარლამენტარმა აღიარა, რომ ევროპული კანონები შესაცვლელი და გასამკაცრებელია. დეპუტატების თქმით, მშრომელები არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლებისგან უკეთ უნდა დაიცვან.

სამუშაო ვიზის იმედად

სამართლიანობის აღდგენა კი კარგია, მაგრამ მძღოლებმა არ იციან, რა ბედი ეწევათ შემდეგ.

“პოლონეთში ვეღარ ვიმუშავებ. ეს [დამსაქმებელი] ყველაფერზეა წამსვლელი”, - ამბობს კიდევ ერთი გაფიცული, ვასილ იჭირაული.

35 წლის კაცი საქართველოდან 2017 წელს წავიდა და ბოლო ხუთი წელი სატვირთო მანქანაში იცხოვრა. ცოლი, შვილი და პენსიონერი მშობლები ორი წელია არ უნახავს, მაგრამ დაბრუნება არ შეუძლია, რადგან ოჯახი უნდა არჩინოს. საქართველოში ბიზნესი ჰქონდა - რუსეთიდან მანქანები ჩამოჰყავდა. მაგრამ ხან უმართლებდა, ხან არა. ყოფილა, რომ თვის ბოლოს “ნოლზე დარჩენილა”.

ვასილ იჭირაულს შვილი ორი წელია, აღარ უნახავს
ვასილ იჭირაულს შვილი ორი წელია, აღარ უნახავს

“საქართველოში არაფერი შემოსავალი არაა. შვიდმაგად გაიზარდა ფასები… ორი თვეა, ფული არ მაქვს გაგზავნილი ოჯახისთვის. ვფიქრობ, ჩვენ კისერზეა საქართველოს მოსახლეობა, ვინც აქეთ ვართ წამოსულები”, - ამბობს იგი.

მასაც და დანარჩენ მძღოლებსაც ახლა იმედი აქვთ, რომ გერმანია სამუშაო ვიზას მისცემთ და 65 ოჯახი შემოსავლის გარეშე არ დარჩება.

კობა კვანტალიანი კი კმაყოფილია იმით, რომ ევროპული დემოკრატია საკუთარ თავზე იგრძნო და იგივე უნდა საქართველოსთვის.

“გერმანულ ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ არავითარი განსხვავება არაა საქართველოსა და პოლონეთს შორის, დემოკრატიის მხრივ. პოლონეთი თუ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველო აუცილებლად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს მაინც”, - ამბობს ის.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG