მძღოლებს მხარს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები უჭერს, დახმარების წერილები გაგზავნილია გერმანიისა და პოლონეთის მთავრობების სახელზე. შუაგულ ჰესენში გაჩერებული 80-მდე ტრაილერის მძღოლების ისტორიას აქტიურად აშუქებს გერმანული მედია.
გაფიცულებთან დღეს, 13 აპრილს, გერმანიის ბუნდესტაგის წევრებიც მივიდნენ.
“სიტუაცია არის მძიმე, ადამიანებს ძალიან დიდი ხანია არ აუღიათ ხელფასი და, როგორც ჩანს, ეს პოლონელი დამსაქმებლის დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ მეოთხე, მეხუთე თვიდან იწყებს ხელფასების გაცემას და გაფიცვის დღეებში საერთოდ არც კი განიხილავს ანაზღაურების საკითხს. გაფიცვა გერმანიაში და ევროპაში არავის უკვირს, მაგრამ ამ შემთხვევამ გერმანელები განსაკუთრებით იმან აღაშფოთა, რომ გაფიცულები უკეთეს ანაზღაურებას ან პირობებს კი არ ითხოვენ, არამედ უკვე ნამუშევარი ხელფასის აღებას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილი გერმანიაში 12 აპრილს ჩავიდა. მისი ორგანიზაცია ევროპელ პარტნიორებთან ერთად გაფიცვის დაწყებიდან იცავს მძღოლების ინტერესებს.
გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მომლაპარაკებლად ჰოლანდიური პროფკავშირების წარმომადგენელია ჩართული და ითხოვს მორიგებამდე გაფიცული თანამშრომლებისთვის სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურებას.
თუკი პროფკავშირების მცდელობა მორიგებაზე უშედეგოდ დასრულდება, საქმის განხილვა, სავარაუდოდ, სასამართლოში გადაინაცვლებს.
“ყოველდღე ჩერდებიან აქ ევროპელი ტრაილერის მძღოლები, რომლებსაც გაფიცულებთან მოაქვთ სიგარეტი, საკვები… სოლიდარობა იმდენად დიდია, იმის გამო, რომ ამ სფეროში დასაქმებული ყველა ხვდება, რომ საუბარია არა მხოლოდ 70 გაფიცული მძღოლის პრობლემაზე, არამედ ამ ინდუსტრიის სისტემურ პრობლემაზე. ეს ინდუსტრია უნდა შეიცვალოს და ეს მხოლოდ ბრძოლითაა შესაძლებელი, რასაც აკეთებენ კიდეც გაფიცული მძღოლები”, - უთხრა ევროპის ტრანსპორტის ფედერაციის წარმომადგენელმა, ედვინ ათემმა გერმანულ ტელეარხ SAT1-ს 11 აპრილს, ტრაილერის მძღოლების პროტესტზე საუბრისას.
“ასეთი პრობლემების წინაშე ბევრი სხვა მძღოლიც დგას. ეს ინდუსტრია სავსეა კომპანიებით, რომელიც მსგავსად ექცევა დასაქმებულებს. ამ შემთხვევას შეიძლება ჰქონდეს ზვავის ეფექტი ინდუსტრიისთვის”, - უთხრა ათემმა რადიო თავისუფლებას 13 აპრილს.
სოლიდარობას გრძნობენ თავად გაფიცულები. გერმანიის მოქალაქეების ყოველდღიურად გაწეულ დახმარებასთან ერთად, ქართველი მძღოლების გაოცებას იწვევს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა და მათი პრობლემებით დაინტერესება.
“კომენტარები წავიკითხე, აი, ევროპა თუ კაია, რატომ ხართ გაფიცულებიო. აი, შეხედეთ, პარკინგზე მოგვიტანეს ადგილობრივი პროფკავშირების წევრებმა საველე სამზარეულო, აქ არის მოსული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, ამ მიწის შრომის დაცვის მინისტრი, ჰოლანდიის პროფკავშირებიდან არიან ჩამოსულები, შვეიცარიიდანაც კი არიან ჟურნალისტები ჩამოსულები. მთელი გერმანიიდან იმხელა მხარდაჭერა გვაქვს და ჩვენს მთავრობას ისევ სძინავს, საელჩოდან არც კი შეგვხმიანებია არავინ, ერთი არ დაურეკავთ, რამე ხომ არ გინდათო. აგერ ამათი მინისტრი, ფეხით მოვიდა ჩვეულებრივ, ჩვენს ბიჭებთან ერთად ზის და ჭამს ჩვეულებრივ. საქართველოში რომ გაფიცულიყვნენ ჩვენი მძღოლები, ვინმე რამე ყურადღებას მოგვაქცევდა?” - ეს არის ნაწყვეტი ერთ-ერთი გაფიცული მძღოლის, ზურა ბალუხაშვილის 9 აპრილს ფეისბუკზე გამოქვეყნებული ვიდეოდან.
ბალუხაშვილი და სხვა მძღოლები გაფიცვის დაწყებიდან ერთგვარ ვიდეოდღიურებს აავრცელებენ სოციალურ ქსელებში. ტელეფონით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ქართული მუსიკის ფონზე, აშრობენ ტანსაცმელს მანქანის საბარგულში, ამზადებენ საკვებს საველე სამზარეულოში ან აძლევენ ინტერვიუს ადგილობრივ მედიას. აქვეა გაფიცვის დღეების ყველაზე დრამატული კადრებიც - როგორ სცადა პოლონური კომპანიის ხელმძღვანელმა, სპეცრაზმის დახმარებით, გაფიცული მძღოლებისთვის ტრაილერების წართმევა.
“ირკვევა, რომ ამ კომპანიას პრობლემები ადრეც ჰქონია, თუმცა მას ასევე ჰყავს გავლენიანი მფარველები, რომლების დახმარებითაც ახერხებდა ამ დრომდე გვერდის ავლას კანონისთვის. მოკლედ, თავს გასული დამსაქმებელია, იმ დონეზე თავს გასული, რომ სპეცრაზმის მანქანებით დაადგნენ სქელკისერა ბიჭები მძღოლებს მანქანების ჩამოსართმევად”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
სპეციალურ რაზმს, რომელსაც პოლონელი ბიზნესმენი გაფიცული მძღოლების წინააღმდეგ 7აპრილს იყენებდა, გერმანულმა მედიამ “ავაზაკთა რაზმი უწოდა”.
მათ გამოჩენას პროტესტის ადგილას “აღმაშფოთებელი” უწოდა გერმანიის პროფკავშირების საკონსულტაციო ქსელის წარმომადგენელმა შტეფან კიორცელმა და ამ დაჯგუფების წევრებისთვის გერმანიაში შესვლის უფლების ჩამორთმევა მოითხოვა.
ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთი პოლონური მედიის იუტუბარხზეა გავრცელებული, კარგად ჩანს ამ დაჯგუფების აღჭურვილობა.
რაზმის 19 წევრი გერმანულმა პოლიციამ მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლის მცდელობის, მუქარისა და იძულების ბრალდებით დააკავა.
“პოლონეთში ძალიან ბევრი ქართველი მიდის სამსახურის საშოვნელად და სხვა დროსაც გვქონია სხვადასხვა მასშტაბის პრობლემები, მაგრამ ასეთ ამაზრზენ დამსაქმებელს არასოდეს შევხვედრივართ. კრიმინალია, რეალურად კრიმინალია”, - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.
პეტრიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კომპანია ქართველ მძღოლებს 400 ევროს უქვითავდა ხელფასიდან ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, მაგრამ როცა ერთ-ერთ მძღოლს მისი გამოყენება დასჭირდა კლინიკაში, აღმოჩნდა, რომ ეს დაზღვევა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებსაც კი არ ფარავდა.
მძღოლების მონაყოლით ირკვევა ისიც, რომ კრაკოვში ყოფნის დროს, დამსაქმებელი მათ აიძულებდა ღამე გაეთიათ მის კუთვნილ სასტუმროში, სადაც ერთი ღამის ფასი საშუალო საბაზრო ფასზე მაღალი იყო. გაფიცულები საუბრობენ ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებზეც.
ევროპის შუაგულში ტრაილერის მძღოლების ერთთვიანმა ჯიუტმა პროტესტმა გერმანულ მედიაში განხილვის საგნად აქცია ზოგადად ამ სფეროში დასაქმებულთა სამუშაო პირობები და უფლებები. დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ მათ არცთუ იშვიათად უწევთ შეუსაბამო გარემოში ძილი, კვება და შხაპის მიღება. ხელფასები კი, რასაც მძღოლები მძიმე სამუშაოში იღებენ, შეუსაბამოდ დაბალია.
რადიო თავისუფლებამ პოლონური სატრანსპორტო კომპანია "აგმაზს" მძღოლების ბრალდებებზე საპასუხოდ, შეკითხვებით ჯერ კიდევ 30 მარტს მიმართა და პასუხს დღემდე ელოდება.
ირაკლი პეტრიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კომპანიის ხელმძღვანელი გაფიცულებს პოლონეთის პროკურატურით დაემუქრა და პირობა მისცა, რომ ვეღარასოდეს შეძლებდნენ მუშაობას მის ქვეყანაში.
“ყველანაირი გამოცდილების გარეშე, სტანდარტებისა და ნორმების გარეშე ასაქმებს ადამიანებს, უკეთებს საბუთებს, მაგრამ სანაცვლოდ ითხოვს, რომ ხმა არ ამოიღო იმ უმსგავსობებზე, რასაც ის სჩადის. საბუთების გარეშე არცერთი გამოცდილი, ნორმალური ევროპული ფირმა არ დაგასაქმებთ და ეს კომპანია, ფაქტობრივად, ამ საბუთების გამკეთებელი იყო რეალურად და ამაზე უნდოდა ხელის მოთბობა, უბრალოდ ძალიან დიდი მადა აღმოაჩნდა და ამ თავგასულობამ დაღუპა”, - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.
პოლონური მედია ტრაილერის მძღოლების პროტესტს ნაკლებ ყურადღებას უთმობს. 4 აპრილს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ “აგმაზისა და ლუკმაზის” დამფუძნებელი, კომპანიის ფეისბუკის გვერდზე ახალ ტრაილერებთან ერთად საკუთარი უახლესი ლამბორგინის ფოტოებითაც იწონებს თავს.
კომპანიის გვერდი ბოლოს 2022 წლის 24 თებერვალს არის განახლებული - ომის დაწყების შემდეგ კომპანია დახმარებას სთავაზობდა უკრაინის მოქალაქეებს.