Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი შამანოვი: „გაერთიანებულ ოსეთის საკითხს სამომავლოდ განვიხილავთ“


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის დროშები
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის დროშები

აგვისტოს მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად, რუს პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს 2008 წლის ომი ახსენდებათ. პოპულარულია საუბრები რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესვლის თაობაზეც, თუმცა ბოლო დროს ამ თემებს კიდევ ერთი, მათი განსხვავებული ისტორიული ბედ-იღბლის საკითხიც დაემატა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა გენერალმა შამანოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მედიის წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ ორი ოსეთის გაერთიანების საკითხი მომავალში განიხილება. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებისთვის „ახლა საუკეთესო დრო არ არის“, - შენიშნა დეპუტატმა, თუმცა, მისივე თქმით, ეს თემა დღის წესრიგში ოდესმე დადგება. ამ აზრს იზიარებს პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსეი მუხინიც:

„მსოფლიო კონიუნქტურა არ მეტყველებს იმაზე, რომ ეს საკითხი მალე დაისმება, თუმცა იმ ზეწოლამ და სანქციების რეჟიმმა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებიდან რუსეთის მიმართ მოქმედებს, შეიძლება სტიმული მისცეს ამ პროცესს. რუსეთმა, შესაძლოა, ამ თემაზე არსებული არასრულფასოვნების კომპლექსი დაძლიოს. მაგრამ ნათელია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლას და დეპუტატებიც ამ საკითხზე საკმაოდ ფრთხილად საუბრობენ“.

პუტინს და იმ ხალხს, ვინც შიგნით, ზოგადად იღებს გადაწყვეტილებას აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ყირიმის და სხვა სადაო ტერიტორიების თაობაზე, უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ სამხრეთ ოსეთს, არანაირი პირობით არავინ დათმობს.

აგვისტოში ხუთდღიანი ომისა და მის შედეგად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან ათი წელი სრულდება. და რაც უფრო მეტი დრო გადის ამ დღიდან, მით უფრო აშკარა ხდება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გზები იყოფა. ჩვენ მოსკოვის მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის მიმართ განსხვავებული დინამიკის მომსწრენი ვხდებით.

სამხრეთ ოსეთში რუსეთი აგებს გზებს, აწესრიგებს ინფრასტრუქტურას, აშენებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კულტურისა და ჯანდაცვის ობიექტებს. უზარმაზარ თანხას ხარჯავს ადგილზე ბიზნესის განვითარებისთვის. წელს „გაზპრომი“ სამხრეთ ოსეთში იწყებს ასათვისებელ სამუშაოებს, ხოლო მომავალი წლიდან ორასი დასახლებული პუნქტის გაზიფიკაციის პროცესი დაიწყება. ამ ფონზე აფხაზეთისთვის რუსეთის დახმარების პაკეტი ძალიან მწირია.

ეკონომისტი ალექსანდრ კარავაევი ამ განსხვავების თაობაზე საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს:

„მე ვფიქრობ, რომ პუტინს და იმ ხალხს, ვინც შიგნით, ზოგადად, იღებს გადაწყვეტილებას აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ყირიმისა და სხვა სადავო ტერიტორიების თაობაზე, უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ სამხრეთ ოსეთს არანაირი პირობით არავინ დათმობს. სამხრეთ ოსეთთან მიმართებით კარტი ისე იღბლიანად დალაგდა, ყველაფერი ისე დაფიქსირდა, რომ რუსეთში ნებისმიერი პრეზიდენტის პირობებში არავინ დააყენებს საკითხს საქართველოსთვის სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ. და არც იმხელა იქნება ზეწოლა, რომ რუსეთის ხელისუფლება აიძულოს ტერიტორია უკან დააბრუნოს“.

აფხაზეთის კონტროლი გაცილებით რთულია, რადგან ადგილობრივი ელიტები სხვადასხვაგვარად უყურებენ რუსეთთან ინტეგრაციას და ერთიან სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეში ყოფნას. ამას ამტკიცებს, მაგალითად, საკუთრების საკითხიც, რომელიც დღემდე ვერ გადაიჭრა.

- და აფხაზეთთან მიმართებით, როგორ გესახებათ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებები?

- პირობითად ვთქვათ, აფხაზეთისთვის ბრძოლა შეიძლება გამწვავდეს, თუმცა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შედეგი რა იქნება, უცნობია. სიტუაცია სხვა სადავო ტერიტორიებთან კორელაციაშიც უნდა განვიხილოთ, მაგალითად, ყირიმთან. იქ მთავარი ტერიტორია, რესურსები და ინფრასტრუქტურა კი არ არის, არამედ მთავარია ხალხი. ყირიმელებმა რუსეთის სასარგებლოდ არჩევანი გააკეთეს დიდი ხნით ადრე 2014 წლამდე. ვინც ყირიმს კარგად იცნობს, ისიც იცის, რომ იქაურები დიდი ხანია მზად არიან რუსეთთან შესაერთებლად, აფხაზები კი, როგორც მე მესმის, - არა“.

ალექსანდრ კარავაევის აზრით, რესპუბლიკებს შორის ის განსხვავებაცაა, რომ სამხრეთ ოსეთი პატარა და კომპაქტურია, ადვილია მისი ინტეგრაციაც და კონტროლიც. ის დოკუმენტები, რომლებიც უკვე ხელმოწერილია ცხინვალსა და მოსკოვს შორის, საკმარისია საიმისოდ, რომ ყველა იმ პუნქტის რეალიზება მოხდეს, რაც ტერიტორიის მიერთების წინაპირობაა.

აფხაზეთი დიდია. ძალიან დიდი რესურსი დასჭირდება მას კრასნოდარის მხარის დონის მისაღწევად, თუმცა, კარავაევის თქმით, ბუნდოვანია ამ კაპიტალდაბანდებების პერსპექტივაც:

„აფხაზეთის კონტროლი გაცილებით რთულია, რადგან ადგილობრივი ელიტები სხვადასხვაგვარად უყურებენ რუსეთთან ინტეგრაციას და ერთიან სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეში ყოფნას. ამას ამტკიცებს, მაგალითად, საკუთრების საკითხიც, რომელიც დღემდე ვერ გადაიჭრა. არა იმიტომ, რომ აფხაზები ასე ცუდები არიან, ისინი, უბრალოდ, არ არიან მზად მიიღონ ის ფორმები, რასაც გარედან სთავაზობენ. დამოუკიდებლობის პოტენციალი მათში საკმაოდ ძლიერია. ასე რომ, სრულფასოვან ინტეგრაციაზე ვერც ვილაპარაკებთ“.

არის კიდევ ერთი მომენტი, რაზეც მინიშნება აუცილებელია. ნათელია, რომ შეზღუდული სუვერენიტეტით, რუსეთთან მიუერთებლად, სამხრეთ ოსეთი უფრო სასარგებლოა რუსეთისთვის, ვიდრე მის შემადგენლობაში მყოფი სუბიექტი. რუსეთისთვის ის ოფშორია, ბნელი გეგმების უკანა კარი, რომლის გავლითაც რუსულ კომპანიებს შეუძლიათ მუშაობა ყირიმსა თუ დონბასში - დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით.

სამხრეთ ოსეთისთვის ასეთი თანამშრომლობა, მზაობა, შეასრულოს ნებისმიერი დავალება, მხოლოდ ერთადერთ პერსპექტივაზე მიანიშნებს - შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში.

დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, ძნელია იოცნებო სუვერენიტეტის გაფართოებაზე რუსეთის მოვალეების კლუბის საზღვრებს გარეთ. და ეს სამხრეთ ოსეთის ელიტების სისულელის გამო კი არ ხდება, არამედ მცირე არჩევანის მიზეზით: ჩრდილოეთით რუსეთია, სამხრეთით - საქართველო, რუსეთი კი დემონსტრაციულად აცხადებს, რომ უხვი იქნება.

აფხაზეთისთვის კი, რომლის ზღვის იქით მთელი მსოფლიოა და რომელიც ოცნებობს კავკასიის ლუქსემბურგად იქცეს, ასეთი თანამშრომლობა მისაღები არ არის.

ტექსტი შეიცავს იმ ტერმინებსა და ტოპონიმებს, რომლებიც გამოიყენება თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში.​

XS
SM
MD
LG