მდინარე ლიახვის მიერ ბოლო დღეებში გამორიყული ორი გარდაცვლილი მამაკაცი სავარაუდოდ, ცხინვალელი იყო. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ამჟამად ცხინვალში ეძებენ ორ ადამიანს. 86 წლის სერგეი კოკოევი, რომელიც ერთ-ერთ საწარმოში დარაჯად მუშაობდა, დაახლოებით ორი კვირის წინ ლიახვში დაიხრჩო და მისი გვამი დღემდე ვერ აღმოაჩინეს. ერთი თვეა გაუჩინარებულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, გვარად ხაბალოვი. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ხაბალოვის მოსაძებნად ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებს დასახმარებლად მიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.
ბოლო დღეებში მდინარე ლიახვმა გორის მუნიციპალიტეტში გამორიყა ორი ცხედარი. მოხუცი მამაკაცის გვამი სოფელ ერგნეთთან აღმოაჩინეს, მეორე მამაკაცის ცხედარი კი ქვემო ნიქოზთან. თავიდანვე გაჩნდა ვერსია, რომ ეს ადამიანები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიღუპნენ, რადგან ერგნეთი და ნიქოზი უშუალოდ ესაზღვრებიან ცხინვალის რეგიონს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს 14 და 15 ივლისს ცხედრების გამორიყვის ფაქტს. სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. გვამები გორში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის და სხვა ხილული კვალი - ნატყვიარი ან ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა არ აღენიშნება. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გარდაცვალების ზუსტ მიზეზს მალე დაადგენს. მოხდება გვამების იდენტიფიცირებაც და თუ გარდაცვლილები კოკოევი და ხაბალოვი აღმოჩნდებიან, მათ ოსურ მხარეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით გადასცემენ.