ამომრჩევლის მიმხრობას ისინი ორი ძირითადი პოლიტიკური მეტოქისგან - „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული ხედვების შეთავაზებით ცდილობენ. არჩევნები ერთმანეთს მისდევს, ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ პოლიტიკური არჩევნის გარეშე, პოლიტიკური სივრცე კი პარტიული დიქოტომიის ამარა რჩება.
არაერთი შედარებით ახალი პარტია აცხადებს, რომ ის არის „მესამე ძალა“ ან „მესამე ცენტრი“ - მთავარი ალტერნატივა, რომლისაც უნდა დაიჯეროს გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის ნიჰილისტური დამოკიდებულება მკაფიოდ ჩანს.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) 2023 წლის მარტის კვლევაში პოლიტიკური პარტიების მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება გამოხატა გამოკითხულთა 58%-მა.
იმავე წლის სექტემბრის გამოკითხვაში მოქალაქეთა 72%-მა თქვა, რომ ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვას ისურვებდა. მხოლოდ 22%-მა გამოხატა კმაყოფილება არსებული პოლიტიკური არჩევნით.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2023 წლის შემოდგომის გამოკვლევაში შეკითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს - 47%-მა უპასუხა „არც ერთი“, 13%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, 6%-მა კი უპასუხა „არ ვიცი“.
შეკითხვაზე - არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, უარყოფითი პასუხი გასცა 62%-მა.
2023 წლის მარტში IRI-ს დაკვეთით შესრულებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში გამოკითხული მოქალაქეების 42%-მა განაცხადა, რომ მის ინტერესებს არც ერთი პარტია წარმოადგენს.
39%-მა თქვა, რომ არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს, 46%-მა კი აირჩია პასუხი - „არც ვენდობი და არც არ ვენდობი“.
ამავე გამოკვლევაში გამოკითხულთა 91%-მა თქვა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არც სახლში მისულა მასთან პოლიტიკოსი, არც რომელიმე პარტიის საჯარო ღონისძიებაზე მიიუწვევიათ და არც სოციალური მედიით ან ონლაინ კამპანიის რაიმე სხვა ფორმით დაკავშირებიან რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან.
საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის არჩევნებში მონაწილეობისადმი ნიჰილიზმი და პოლიტიკური გადაუწყვეტელობა საქართველოს დემოკრატიის მთავარ გამოწვევად სახელდება „ჭავჭავაძის ცენტრის“ მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ნაშრომში - „ჟამი ქვათა შეკრებისა: ორპარტიული დაყოფის მიღმა“. ავტორები წერენ, რომ „საქართველოში პარტიების განვითარების ერთ-ერთი შესაძლო მოდელი, რომელსაც შეუძლია წინ აღუდგეს პოლიტიკური დემობილიზაციის ტენდენციას, არის ნიშური პარტიის მოდელი“.
მკვლევრები ადასტურებენ, რომ ნებისმიერმა პარტიამ, რომელსაც სურს წამყვან პარტიებთან კონკურენცია, ელექტორატის სწორედ გადაუწყვეტელი და ნიჰილისტურად განწყობილი ნაწილისკენ უნდა მიმართოს ძალისხმევა.
"“ნაციონალურ მოძრაობას“ და ასევე „ქართულ ოცნებას“ გამოყოფილი პარტიების შესახებ კითხვებში და პასუხებში გამოიკვეთა მკაფიოდ, რომ ისინი [გადაუწყვეტელი ამომრჩევლები] ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ ამ ე.წ. შედარებით პატარა პარტიებს. ისინი ვერ ხვდებიან 2016 წლის შემდეგ შექმნილი პარტიები რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და თუ არ განსხვავდებიან, რატომ არ არიან ერთად და თუ იმისგან არ განსხვავდებიან, საიდანაც წამოვიდნენ, მაშინ რატომ იქ არ არიან?!“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, „ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორი ნინო კალანდაძე.
ის ამბობს, რომ კიდევ ერთი გამოწვევა მკაფიო გზავნილების დეფიციტია:
„ფოკუსჯგუფების გამოკითხვებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიგნებად დაფიქსირდა ის, რომ ამომრჩეველს სურს მოისმინოს მკაფიო პოზიციები. ესეც ნაწილობრივ იდენტობის საკითხია, ნაწილობრივ - სწორედ ახალი იდეების. ანუ, მათ სურთ მოისმინონ მკაფიო პოზიციები კონკრეტულ, მათ შორის, პირველ რიგში - სოციალურ საკითხებზე, რომლებიც ამომრჩეველს აინტერესებს იმ დიდი გლობალური საკითხების მიღმა, როგორებიცაა საგარეო პოლიტიკა, ოკუპაცია …“.
გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არ არის ერთგვაროვანი ჯგუფი, თუმცა შესაძლებელია მისი კრებითი დახასიათება. ნინო კალანდაძე ასეთი ამომრჩევლის ზოგად პორტრეტს აღწერს:
„გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არის ის, ვინც კითხვაზე - მიდის თუ არა არჩევნებზე, ამბობს, რომ მიდის; შემდეგ კითხვაზე - ვის აძლევს ხმას, აქვს თუ არა მას გამოკვეთილი პოლიტიკური პრეფერენციები, ის ამბობს, რომ არც ერთი არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მის სურვილს არ აკმაყოფილებს. უმრავლესობა - საკმაოდ საგანგაშო ციფრია, დაახლოებით 70% ამბობს, რომ არც ერთი არსებული პარტია მის პოზიციას არ გამოხატავს, ანუ ის არ თვლის თავს წარმოდგენილად არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან და ამავდროულად, მათ თუ შემდგომ კითხვას დაუსვამთ - რომ არსებობდეს ახალი პოლიტიკური პარტია, თუ მისცემდა ხმას, ის ამ კითხვაზეც პასუხს დადებითად სცემს - რომ ისურვებდა, იხილოს ახალი პოლიტიკური ძალა“.
„ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევრები ამბობენ, რომ ფოკუსჯგუფების მონაწილეებმა მკაფიოდ თქვეს, რომ მათ უნდათ სიახლე:
„რომელიც გულისხმობს არა ძველ პარტიებს ახალი სახეებით, ამავდროულად - არც ახალ პარტიებს ძველი სახეებით, არამედ - ახალ ძალას მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური იდენტობით, რომელსაც ჰყავს ფაქტობრივად და შინაარსობრივად ახალი სახეები“.
გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არაერთგვაროვანია და ის ვერ იქნება რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის „ნადავლი“. თითოეულმა ახალმა თუ განახლების მოსურნე და შემძლე არსებულმა პარტიამ საკუთარი ნიშა უნდა განსაზღვროს და ასე შეეცადოს ახალი ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობას, მის დაინტერესებას, ნდობის გაღვივებასა და საკუთარ ელექტორატად ქცევას.