Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგომა/გადაყენებების ხელწერა თანამედროვე საქართველოში


2013 წლის 17 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის შიდა ეზოში, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ინაუგურაცია გაიმართა.
2013 წლის 17 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის შიდა ეზოში, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ინაუგურაცია გაიმართა.

„არსად არ მივდივარ. ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს“, - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 7 სექტემბერს, როცა სატელევიზიო ეთერიდან საქართველოს მოქალაქეებს მიმართავდა და ევროინტეგრაცკიის გზის ბოლომდე გავლის პირობას დებდა.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია - რატომ თქვა სიტყვა „გადადგომა“ და არა „გადაყენება“, რაც უფრო შეესაბამება „ოცნების“ მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცედურას.

„პრეზიდენტის ეს ფრაზა მეც მენიშნა... არ გამოირიცხება ვერსია, რომ იყო მცდელობა „შუამავლობის“ [რომ გადამდგარიყო პრეზიდენტი ზურაბიშვილი - რ.თ.], რადგან იმპიჩმენტი შეუძლებელია. არ ჰყოფნის ხელისუფლებას [საპარლამენტო] ხმები და შეიძლება სხვა გზებითაც სცადეს", - გვეუბნება პოლიტოლოგი, ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია, რომელისთვისაც მსგავსი ფაქტები ავტორიტარული მმართველობის განუყოფელი ნაწილია.

საქართველოში ხშირად ბევრისთვის უხილავია ზღვარი გადადგომასა და გადაყენებას შორის.

მეოთხე პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ამჟამად GSAC-ის ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსთან“ გაიხსენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის სახელით, გადადგომა გიორგი მარგველაშვილს მოსთხოვა და, რომ შუამავლის როლს მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ასრულებდა.

მაჭავარიანი ამის შესახებ პირველად არ საუბრობს და მსგავსი განცხადება ინტერნეტსივრცის არქივში, 2015 წელსაც იძებნება.

„პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი იყო მოსული. საუბარი იყო, რომ მარგველაშვილის, მთავრობის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა განსხვავდება და ხომ არ იფიქრებდა მარგველაშვილი [გადადგომაზე]... მაშინ ბიძინას სახელით გველაპარაკებოდა.
უსუფაშვილი შეიძლება მშვიდობის მტრედს თამაშობდა, მაგრამ გზავნილი იყო ცალსახა. ამ შეხვედრის შემდეგ კარგად მახსოვს მარგველაშვილის რეაქცია“, - უთხრა მაჭავარიანმა "პალიტრანიუსს".

ამ ფაქტს უარყოფს დავით უსუფაშვილი, თუმცა მაშინდელ პრეზიდენტთან შეხვედრებისას თავის "რაღაც როლს" მაინც გვიდასტურებს.

„კითხვაზე - მე მარგველაშვილს ვთხოვე ან გადავეცი ვინმესგან გადადგომა? არა, არასოდეს; პირიქით მქონია მასთან საუბარი? დიახ, რამდენჯერმე... ვანო არ ყოფილა ამ ტიპის მოვლენების თვითმხილველი და შემსწრე, ამიტომ შესაძლოა მთლად სწორად არ არის რაღაცეები მასთან მისული... მისი ნათქვამი რაც წავიკითხე, ეს არის პრინციპულად არასწორი თავისი შინაარსით და ვექტორებით“, - ეუბნება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ლელოს“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი რადიო თავისუფლებას.

და რას ნიშნავს „პირიქით“? მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს ურჩევდა, რომ არ გადამდგარიყო?

„მეტის თქმას ახლა არ ვაპირებ. მაგრამ გეუბნებით, რომ ვანო რაზეც საუბრობს, ამ ტიპის მოვლენაში მე მქონდა, ასე ვთქვათ, რაღაც როლი, მაგრამ ეს იყო არა გადადგომის თხოვნის გადაცემა ან ჩემი მხრიდან რჩევა, რომ ასე მოქცეულიყო, არამედ - პირიქით... ამ "პირიქითზე" მეტს ახლა არ ვიტყვი“, - გვპასუხობს უსუფაშვილი და ურჩევს ვანო მაჭავარიანს, რომ „თვითონ გაარკვიოს, გიორგის [მარგველაშვილს] რისი თქმა სურს საჯაროდ“ და თუკი ეს არასწორი პოზიცია ისევ გამეორდება, მაშინ უსუფაშვილიც ყველაფერს იტყვის.

რადიო თავისუფლებამ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო.

არქივში იძებნება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მიერ 2015 წელს გაკეთებული განცხადებები, სადაც ის ადასტურებს ძლიერი ზეწოლის კულუარულ პროცესებს და გადადგომის ზღვრამდე მიყვანასაც.

სხვადასხვა დროს, „ოცნებასა“ და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს შორის მწვავე დაპირისპირების არაერთი ფაქტი გასაჯაროვდა.

2016 წელს, ზუგდიდში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილს თავისი „ყველაზე დიდი შეცდომა“ უწოდა.
მან მწვავედ გააკრიტიკა იმხანად უკვე კოალიციიდან გასული „რესპუბლიკელებიც“. 2016 წლის ოქტომბერში დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა.

საკადრო გადაწყვეტილებებში ბიძინა ივანიშვილის კულუარული ჩარევის ამბავი მანამდეც არაერთხელ გახმაურდა.

ასე იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაშიც - როცა ის, პირველ ჯერზე, პოსტიდან სრულიად მოულოდნელად გადადგა. თავად ბიძინა ივანიშვილი ზეწოლას ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა პროცესებში მონაწილეობას ადასტურებდა.

„მე მქონდა მონაწილეობა [პრემიერ-მინისტრის შეცვლაში - რ.თ.] , მაგრამ არა ის, რომ მე ვიღაცეებს ჯარით და პოლიციით ვაწვებოდი... მე ვაძლევდი რჩევას, რომელიც გაითვალისწინეს... მას ჰქონდა კონსულტაციები ჩემთან [ღარიბაშვილს] ... ვფიქრობ, რომ მან გააკეთა ძალიან ღირსეული ნაბიჯი... მას ჰქონდა რამდენჯერმე ჩემთან ანალიზი, უფრო ადრეულ პერიოდებშიც... ჰქონდა შეკითხვები - ხომ არ არის დრო, რომ მე წავიდე, ხომ ჯობია, რომ წავიდე... ეს საუბრები გვქონდა ჩვენ და ნორმალურია ეს ყველაფერი“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი პოსტიდან მოულოდნელად გადამდგარი ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ, 2016 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, რადიო თავისუფლების ინტერვიუში.

ირაკლი ღარიბაშვილმა, პირველ ჯერზე, პრემიერის პოსტი პირველად 2013 წელს დაიკავა, 2015 წელს კი - დატოვა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს, გადადგომის აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია, ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, მაია ცქიტიშვილმა მიაწოდა.
თავად ცქიტიშვილი 2021 წელს გადადგა ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ.

არჩილ გამზარდია, რომელიც 2015 წელს ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ტელეგადაცემის [„კვირის 2030"] თანაწამყვანი და დაახლოებული პირი იყო, რადიო თავისუფლებასთან იხსენებს ივანიშვილთან საუბარს ღარიბაშვილის შესახებ.

„მე არასდროს ვთვლიდი, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილმა „მოისროლა“. ბიძინამ მაშინ ის გადაარჩინა, რადგან ძალიან შარში ჰყოფდა თავს და გადადგომა ურჩია, რომ გარიდებოდა სიტუაციას. მაშინ თამაზაშვილების თემა [თამაზ თამაზაშვილის - ღარიბაშვილის სიმამრის ე.წ. ნათესაური კლანის თემა - რ.თ.] იყო აქტიური ძალიან და განარიდა... გვილაპარაკია მაგ თემაზე ჩვენ... ივანიშვილს ახასიათებს - აკონსერვებს ხოლმე ადამიანებს, აი, როგორც ქილებში ვდებთ ხოლმე კიტრს წნილის სახით და მერე ზამთარში ვჭამთ, აი, ისე“, - ეუბნება არჩილ გამზარდია რადიო თავისუფლებას.

„ტიტანის“ მიერ „პერსონალური კომუნიკაციებით“ სახელმწიფოს მართვა, გამზარდიას შეფასებით, ავტორიტარული მმართველობისთვის არის დამახასიათებელი. „ავტორიტარიზმი იმითაც არის უბედურება, ბევრ სხვა რამესთან ერთად, რომ სახელმწიფოს მართვის პროცესში, წარმოუდგენელიც კი წარმოსადგენია“, - ამბობს ის.

ბევრისთვის მსგავსია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის პოსტიდან მოულოდნელად გადადგომისა და გაუჩინარების ამბავიც.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 10-წლიანი უმაღლესი თანამდებობა ნინო გვენეტაძემ 3 წელიწადში დატოვა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც არის.

2018 წლის 2 აგვისტოს, ნინო გვენეტაძემ გადადგომის ოფიციალურ მიზეზად საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა დაასახელა. თუმცა სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე ვითარებისა და "კლანის" წარმომადგენლების დაპირისპირების ფონზე, დასახელებული მიზეზი მაშინ ბევრისთვის არასაკმარისად დამაჯერებელი იყო.

წასვლიდან 10-თვიანი პაუზის შემდეგ, ნინო გვენეტაძემ, უკვე თსუ-ს რექტორის მოადგილის პოსტიდან, მედიას უთხრა, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა.

ნინო გვენეტაძის წასვლა ერთ-ერთი ვერსიით მაშინვე დაუკავშირდა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების გაჟონვის სკანდალს, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 2016 წლის თებერვალში დაიწყო.

2023 წლის აპრილში, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ სიუჟეტში გვენეტაძემ დაადასტურა, რომ იცის [„ვიცი... რაღაცას ვხვდები“] - მის წინააღმდეგ ორგანიზებული ზეწოლის შესახებ, მაგრამ დეტალები აღარ აინტერესებს და მათ შორის - არც იმ კონკრეტულ პირზე, რომელმაც მას უჩივლა. „ვიღაცას ხომ კიდევ მონახავდნენ, ვისაც დამიპირისპირებდნენ“, - ამბობს ის.

„პირველის“ სიუჟეტში მოთხრობილია, რომ გადადგომამდე ნინო გვენეტაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რომლისგანაც შეიტყო, რომ მომჩივანი მხოლოდ მისი გადადგომის შემდეგ გაჩუმდებოდა.

გადადგომა/გადაყენებების პრაქტიკაზე მსჯელობისას, რესპონდენტებმა რადიო თავისუფლებასთან პატრიარქის "გადაყენების" მცდელობის სკანდალური ამბავიც გაიხსენეს.

2019 წლის ოქტომბერში, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, რომელიც ხშირად აკეთებს პოლიტიკური შინაარსის კომენტარებს, განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენების გეგმით მას პრემიერის კაბინეტში „ეჩალიჩებოდნენ“: იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი უფროსი - ვახტანგ გომელაური და შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი - გიორგი გახარია.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა მაშინ ასევე თქვა, რომ - პროცესში ჩართული იყო ბიზნესმენი ვანო [სავარაუდოდ - ჩხარტიშვილი], ხოლო დავალება თავად ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა - „ვანოს ის იყო ბიძინასთან, ბიძინამ კიდე ამათ დაავალა“. ამ ვერსიით, ილია მეორე, სავარაუდოდ, მოსაყდრე შიო (მუჯირს) უნდა ჩაენაცვლებინა.

ეპისკოპოსის მიერ დასახელებულთაგან მისი ნათქვამი არავის დაუდასტურებია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG