უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზად ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა ეს მიზეზი ბევრისთვის არასაკმარისად დამაჯერებელი აღმოჩნდა სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნინო გვენეტაძეს ჯანმრთელობას უსურვებენ, თუმცა ასახელებენ არაერთ მიზეზს, რის გამოც მას, შესაძლოა, მაღალი თანამდებობა არა თავისი, არამედ სხვისი ნების ზეგავლენით დაეტოვებინა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი მოსამართლეთა გარკვეული კლანის მხრიდან განხორციელებულ ძლიერ ზეწოლასა და ბულინგზე ლაპარაკობს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსარც ის გამოჰპარვიათ, რომ ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება დროში საეჭვოდ დაემთხვა ციანიდის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.
სასამართლო სისტემის გავლენიანი „კლანი“ არაფრად თვლიდა ნინო გვენეტაძეს
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის, „კლანი“ ებრძოდა და რადიკალურად უპირისპირდებოდა. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეების დიდი ნაწილი გვენეტაძეს ანგარიშს არ უწევდა და ეს ხშირად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე ძალიან მწვავე ფორმას იღებდა. გასული წლის ნოემბრის სხდომაზე კი დაპირისპირებამ ბულინგის ფორმა მიიღო. სწორედ ამის შემდეგ მალევე გავრცელდა ინფორმაცია ნინო გვენეტაძის პოსტიდან გადადგომის შესახებ, თუმცა ინფორმაცია არ გამართლდა. შესაბამისად, ნაზი ჯანეზაშვილს ეჭვი ეპარება, რომ ნინო გვენეტაძეს თანამდებობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაეტოვებინოს, თუმცა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ნინო გვენეტაძე იმყოფებოდა, ადამიანს, შესაძლოა, ჯანმრთელობა მართლაც გაუუარესდეს.
იუსტიციის მინისტრი მხარს უჭერდა გვენეტაძის მოწინააღმდეგეებს
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. კლანს, გავლენიან ჯგუფს, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაში ბატონობს, ღიად უჭერდა მხარს ხელისუფლება და, განსაკუთრებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა გია გვილავამ, თეა წულუკიანსა და ამ გავლენიან ჯგუფს შორის არსებული ძლიერი კავშირი სხვადასხვა ფორმით იქნა დემონსტრირებული და ისიც თვალშისაცემი იყო, რომ ნინო გვენეტაძე გარიყული აღმოჩნდა. გვილავასთვის ფაქტია, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა მართლმსაჯულების სისტემის რეალურ რეფორმირებაზე.
ნინო გვენეტაძე - „კლანის“ მძევალი?
არასამთავრობო სექტორისთვის თვალშისაცემია ის გარემოება, რომ თუკი 2015 წელს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ, პირველ ეტაპზე სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ნინო გვენეტაძე ხმამაღლა და თამამად ლაპარაკობდა, მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების პასუხების გაჟონვასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მისი ხმა მინელდა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ტესტების სკანდალთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე გახდა გვენეტაძის გაჩუმების მიზეზი. როგორც საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, „ასეთი ტიპის გამოძიებები წარმოადგენს ინსტრუმენტს პროკურატურის ხელში“.
რამდენად წარმატებული იყო ნინო გვენეტაძის საქმიანობა
პოსტიდან გადადგომის თაობაზე გაკეთებულ საჯარო წერილობით განცხადებაში ნინო გვენეტაძემ მიღწეული შედეგები ექვს ძირითად პუნქტში ჩამოაყალიბა, თუმცა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი წარმომადგენლის მსგავსად, ნინო გვენეტაძის საქმიანობას წარუმატებლად მიიჩნევს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე. მისი თქმით, საერთო სურათი სასამართლო სისტემაში არსებულ „სერიოზულ კრიზისზე“ მიანიშნებს და, მართალია, ნინო გვენეტაძეს ვითარების გამოსწორების ბერკეტები არ გააჩნდა, მაგრამ ის არსებულ პრობლემებზე არასათანადოდ რეაგირებდა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არც ის გამოჰპარვიათ, რომ ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება დროში საეჭვოდ დაემთხვა ციანიდის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, დაცვის მხარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩივილი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა როგორც ადვოკატების, ისე პროკურატურის საჩივრების განხილვაზე. უფლებადამცველების თქმით, საქმის ერთ-ერთ მოსამართლეს, ნინო გვენეტაძეს, შესაძლოა, განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა.