გასულ კვირაში თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საქართველოს მთავრობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა:
„თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო მიმართულებები, მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს“.
გადადგომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამოჩნდა. სწორედ გიორგი კვირიკაშვილი, ღარიბაშვილის მთავრობის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დაასახელა საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად:
„ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში“.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატურის წარსადგენად 7-დღიანი ვადა ჰქონდა, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი დასახელებიდან რამდენიმე საათში წარადგინა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კი გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს პარლამენტი ახალ წლამდე დაამტკიცებს ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას.
პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას უკავშირებს კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის რეიტინგის კლებას, რაც გასულ კვირაში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულმა კვლევის შედეგებმაც აჩვენა. როგორც „ენ დი აის“ საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონი ამბობს, ამ მონაცემების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჯერ არ აქვს გარკვეული, რომელ პარტიას მიანიჭოს უპირატესობა, თავად დაინტერესებულ მხარეებს კი კვლევა აძლევს შესაძლებლობას გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემური საკითხები:
„პოლიტიკური რეიტინგები ძირითადად უცვლელად რჩება. ერთადერთი - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი ოდნავ შემცირდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თითქმის უცვლელია და „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ახლა 9 %-ია. ქართველი ხალხისთვის მთავარ საფიქრალს წარმოადგენს ეკონომიკა, ეკონომიკა და ეკონომიკა, დასაქმება და, რასაც ჩვენ (ამ გამოკითხვის შედეგებით) ვხედავთ, უმეტეს ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში, 60 %-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა“.
თუ ჩვენ გვინდა, რომ იხეიროს ქართველმა ხალხმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ, მაშინ სახელმწიფო ორგანოებს უნდა მივცეთ ამ საქმის გამოძიების უფლება, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, თუკი ვინმემ რამე იცის ამ ამბის თაობაზე და ვეცადოთ ნაკლებად სკანდალური დატვირთვა მივცეთ ამ ამბავს...დავით უსუფაშვილი
„ენ დი აის“ კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილები ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მიაჩნია 57%- ს, სიღარიბე - 29%-ს და იმავე რაოდენობის რესპონდენტებს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მიაჩნიათ ტერიტორიული მთლიანობა. გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის ვის ენდოს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ვინ უკეთესად გაუმკლავდება ევროკავშირსა, ნატოსა და რუსეთთან ურთიერთობებს. გასულ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების კონტექსტში, 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს გაუფორმდებათ ნებისმიერი ჯერადობის საქმიანი, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზები. გაიცემა ასევე კერძო ვიზები იმისგან დამოუკიდებლად, არიან თუ არა მიწვეული და მომწვევი ერთმანეთის ნათესავები“. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით საუბარი გაგრძელდება ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან მომდევნო შეხვედრებზე:
„ჩვენ შევხვდებით თებერვალში, გავაანალიზებთ როგორ დაიწყო ეს პროცესი (გამარტივებული სავიზო რეჟიმის პროცესი), რა პრობლემებია, რისი გათვალისწინებაა საჭირო და მერე გამოჩნდება, მომავალში, ამის (ვიზების გაუქმების) შესაძლებლობა... ზოგადად, მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილება არის ადამიანის უფლებების რეალიზების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოხატულება და, რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ ასეთი საშუალება... ამ თვალსაზრისით, მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევებით ვხვდებით ახალ წელს – რამდენიმე დღის წინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე... ეს, მართლაც, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯებია“.
გასულ კვირაში შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა ე.წ. „კოკაინის საქმით“ დაინტერესებული პარლამენტარები დაასახელა და განაცხადა, რომ კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მას მესიჯები ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისგან მისდიოდა. ელისაშვილმა მოითხოვა გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუწყდეს პროკურორის პირველ მოადგილეს გიორგი გოგაძეს, ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას, როგორც საპროკურორო საბჭოს წევრს. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომლითაც ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა. მისი თქმით, ის არ ენდობა პროკურატურას და ეჭვობს, რომ მტკიცებულებები განადგურდება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს. თავად დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ ამ საქმეს საგამოძიებო ორგანო მიხედავს:
„ეს ამბავი დღეს ხონჩით მიერთვათ იმ ადამიანებს, ვინც იმ ადამიანებს აწამებდა და აპატიმრებდა, რომლებიც შეწყალების კომისიამ, ალექსანდრე ელისაშვილის ხელმძღვანელობით, შესაწყალებლად მიიჩნია, პრეზიდენტმაც ხელი მოაწერა და გარეთ გამოვიდნენ. თუ ჩვენ გვინდა, რომ იხეიროს ქართველმა ხალხმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ, მაშინ სახელმწიფო ორგანოებს უნდა მივცეთ ამ საქმის გამოძიების უფლება, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, თუკი ვინმემ რამე იცის ამ ამბის თაობაზე და ვეცადოთ ნაკლებად სკანდალური დატვირთვა მივცეთ ამ ამბავს“.
გასული კვირის მიწურულს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევად კენჭისყრა გაიმართა. საბჭომ ათი ხმით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია იუსტიციის საბჭოს მდივანი და უზენაესი სასამართლოს წევრი ლევან მურუსიძე, რომელსაც მოსამართლეობის ათწლიანი ვადა 2016 წლის გაზაფხულზე ეწურებოდა. ლევან მურუსიძის არჩევა გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი:
„ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში, გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემ მიერ დანიშნულმა წევრმა დატოვა კენჭისყრა. სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით განვახორციელებ და ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა თქმით, ლევან მურუსიძე არის მოსამართლე, რომელმაც სასჯელი შეუმსუბუქა გირგვლიანის მკვლელებს; მოსამართლე, რომელმაც ნაწამები გიორგი მიქიაშვილის საქმეში 24 საათში ჩასატარებელი ექსპერტიზა 40 დღის დაგვიანებით დანიშნა; ლევან მურუსიძე ფიგურირებდა სულხან მოლაშვილის საქმეში, სადაც ეჭვის ქვეშ არ დააყენა წამებით მოპოვებული ჩვენებების კანონიერება. თავად ლევან მურუსიძემ პრეზიდენტის განცხადებას სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა უწოდა და გიორგი მარგველაშვილს შეახსენა, რომ 2013 წელს, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად დაინიშნა, გირგვლიანის საქმე უკვე განხილული ჰქონდა:
„მაშინ პრეზიდენტს ასევე ეკავა მაღალი თანამდებობა, თუმცა არც მას და არც სხვა რომელიმე პოლიტიკოსს არ გახსენებია აღნიშნული საქმე და არავის არ გამოუხატავს მძაფრი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძე არჩეული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. ამიტომ, ჩემი მოწოდებაა, რომ სასამართლო არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო, ის თავად იღებს გადაწყვეტილებებს და, შესაბამისად, ამ სასამართლოს დამოუკიდებლობას ყველამ უნდა სცეს პატივი“.
თუმცა, პასუხად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა იმ გზის ძებნა დაიწყეს, რომელიც იუსტიციის მოქმედი საბჭოს წევრების დათხოვნის შესაძლებლობას გააჩენს. პოლიტიკური პარტიები კანონებში ცვლილებების შეტანას ითხოვენ, თუმცა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი თანამოაზრეებს სხვა გზას - რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას - სთავაზობს.
გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა, რომლის საფუძველზეც თავისუფლების აღკვეთის ადგილები დატოვა 172-მა მსჯავრდებულმა, 66-ს კი შეუმცირდა სასჯელი. შეწყალებულთა შორის 18 ქალი, ხოლო 3 არასრულწლოვანია.