Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. ირაკლი ღარიბაშვილის ეს გადაწყვეტილება სხვადასხვაგვარად შეაფასეს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ ვინ გახდება ახალი პრემიერ- მინისტრი, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები არსებით ცვლილებებს არ ელოდებიან.

ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგს ჟურნალისტები არ დასწრებიან. ყოფილი პრემიერის გამოსვლა დღის განმავლობაში სამჯერ გადაიდო. ის ჯერ ორ საათზე იყო დაანონსებული, შემდეგ ექვსზე, საბოლოოდ კი გადადგომის შესახებ განცხადება ღარიბაშვილმა 8 საათზე გააკეთა:

„დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის განვითარების საშინაო და საგარეო მიმართულებები, მე მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს“.

ირაკლი ღარიბაშვილს არ განუმარტავს მიზეზი, თუ რატომ ტოვებს თანამდებობას და არც ის უთქვამს, ვინ შეიძლება დაიკავოს მისი თანამდებობა, თუმცა ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა ბევრს არაფერს შეცვლის. პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ პრემიერს თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია:

„სამწუხაროა, რომ კულუარებიდან ხდება ასეთი რანგის თანამდებობის პირების მოყვანა და გაშვება”...

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამ ცვლილებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს:

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

„კვლევის შედეგები, განწყობები, რაც საზოგადოებაშია, მათთვისაც ხელმისაწვდომია და დაინახეს ის სავალალო მდგომარეობა, როგორი ნდობითაც სარგებლობს მთავრობა და, აქედან გამომდინარე, ალბათ, თვლიან, რომ იმ ნეგატიურ განწყობებს გააყოლებენ ძველ წელს და ღარიბაშვილს“.

პრემიერ-მინისტრის გადადგომას არჩევნებს უკავშირებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძეც. ის არც იმას გამორიცხავს, რომ ამ პროცესში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც იყოს ჩართული:

„ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს კაცი არის ამ კოალიციის დამაარსებელი. მართალია, ოფიციალური თანამდებობიდან წავიდა, მაგრამ ამბობს, ლიდერად ვრჩებიო და არჩევნებშიც აქტიურ მონაწილეობას აპირებს“.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება „ქართული ოცნებისთვის“ აუცილებელი იყო, თუმცა არა საკმარისი.

„საჭირო იქნება კიდევ ბევრი ღონისძიების გატარება, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც განაწყენებულია თუ გულაცრუებული, ისევ უკან მოაბრუნონ“.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის შემდეგ დაიკავა, მანამდე კი, 2012 წლიდან მოყოლებული, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ანუ 2012 წლამდე, ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა დროს ბანკ „ქართუში“, სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფში“ და საქველმოქმედო ფონდ „ქართუში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ის ასევე ერთ-ერთი დამფუძნებელია პარტიისა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს იშვიათად აკრიტიკებდა საპარლამენტო უმრავლესობა, პარტიის დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი კი თავის გამოსვლებში ხშირად აღნიშნავდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სულ უფრო უკეთესად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. სწორედ აქედან გამომდინარე იყო მოულოდნელი პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილისათვის მისი გადადგომა:

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენთან ასეთი ცვლილებები ხდება, როცა საზოგადოება ამისთვის მომზადებული არ არის. ალბათ, „ქართულ ოცნებას“, მის ხელმძღვანელებს და, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილსაც, ურჩევნია, რომ ეს დაბნეულობა მოხდეს ახლა, სანამ არჩევნებამდე მივა საქმე და შემდეგ, გაზაფხულიდან, უკვე შეუდგნენ არჩევნებისთვის სტაბილურად მზადებას“.

შვიდდღიან ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა ჩამოაყალიბოს მთავრობის შემადგენლობა და პარლამენტს ნდობის მისაღებად უნდა წარუდგინოს. მან ასევე უნდა წარადგინოს სამთავრობო პროგრამაც...
ვახტანგ ხმალაძე

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტმა ვალდებულება უნდა დააკისროს მთავრობას ახალი მთავრობის არჩევამდე თავისი მოვალეობა შეასრულოს. ამის შემდეგ, შვიდი დღის განმავლობაში, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა შესთავაზოს, რომელსაც იგი უკვე პარლამენტს წარუდგენს განსახილველად.

ამ პროცედურას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს:

„ასევე შვიდდღიან ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა ჩამოაყალიბოს მთავრობის შემადგენლობა და პარლამენტს ნდობის მისაღებად უნდა წარუდგინოს. მან ასევე უნდა წარადგინოს სამთავრობო პროგრამაც“.

ამის შემდეგ, კიდევ შვიდი დღის განმავლობაში, პარლამენტმა ეს ყველაფერი უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან მინიმუმ ოთხ-ხუთ, ხოლო მაქსიმუმ 21 დღეში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას.

ვახტანგ ხმალაძე ასევე დასძენს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ახალი პრემიერ- მინისტრის კანდიდატურის შესახებ მოსაზრებები არსებობს და ვარაუდობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG