ოპოზიციური პარტიები პარლამენტის კოლექტიურ ბოიკოტს განაგრძობენ, თუმცა ჩანს, რომ უახლოვდებიან გზაგასაყარს - მათ წინ სამომავლო მოქმედებების ორი მიმართულება იკვეთება. ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება იაგო ხვიჩიას „გირჩისა“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეების“ ძალისხმევა - დაარწმუნონ ოპოზიციური პარტიები იმ იდეის მნიშვნელობაში, რომელიც საბოლოოდ პარლამენტში შესვლის საკითხსაც უკავშირდება. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გადაქცევის შესახებ სასაუბროდ 18 იანვარს მათ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებთან სურდათ შეხვედრა. ვაშაძის პარტიისთვის უფრო მნიშვნელოვანია მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა. ამ ცენტრის მიღმა რჩება „ნაციონალური მოძრაობა“.
უარი "გირჩსა" და "მოქალაქეებს"
„მოვისმინე გიორგი (ვაშაძის) განცხადება, რომ არ აპირებს (ჩვენთან შეხვედრას)... თუ ვინმეს არ უნდა ჩვენთან შეხვედრა, ძალით არ შევხვდებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო რაქვიაშვილი.
იდეა, რომელზეც ზურაბ ჯაფარიძის გარეშე დარჩენილ „გირჩელებსა“ და „მოქალაქეებს“ 18 იანვარს გიორგი ვაშაძესთან უნდა ელაპარაკათ, თვითმმართველობის არჩევნებისა და პლებისციტის ერთგვარ გაიგივებას გულისხმობს - თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი საპარლამენტო არჩევნები, ძალთა ახალი გადანაწილების პირობებში, 2022 წელს ჩატარდეს.
„პლებისციტის ცალკე ჩატარება, ვთქვათ, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ძალიან სარისკოა ოპოზიციისთვის. წარმოიდგინეთ, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია რომ დამარცხდეს, ხოლო პლებისციტმა აჩვენოს - რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდესო... ეს ხომ კოშმარი იქნება ოპოზიციისთვის, როცა ეცოდინება, რომ წააგებს რიგგარეშე არჩევნებსაც?!
ხოლო თუკი ჩვენ ეს მიბმული გვექნება ადგილობრივ არჩევნებზე და ოპოზიცია ამ არჩევნებს წააგებს, ეს იქნება მიღებული პლებისციტის პასუხადაც, აღარ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და ოპოზიცია გადარჩება იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ მისცემს ორწლიან დამატებით მმართველობას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სანდრო რაქვიაშვილი.
მე-10 მოწვევის პარლამენტში მიღებულ სადეპუტატო მანდატზე, კიდევ ორი თანაგუნდელის მსგავსად, ოფიციალური უარი არც სანდრო რაქვიაშვილს უთქვამს. ასევე, დეპუტატის მანდატის გაუქმებაზე პარლამენტისთვის განცხადებით არ მიუმართავს ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეების“ ორ დეპუტატს. „გირჩის“ იდეა ჯერჯერობით მხოლოდ სწორედ „მოქალაქეებთან“ არის შეთანხმებული.
„სტრატეგია აღმაშენებელში“ თვლიან, რომ ახლა განხილვის დრო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თავად იდეის საწინააღმდეგო, ერთი შეხედვით, არც არაფერი აქვთ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კატეგორიულად არაფერს უარყოფენ - „ყველა იდეას აქვს არსებობის უფლება“, მაგრამ მიუღებელია რაღაც იდეების განხილვა, და მით უფრო, ცალ-ცალკე, ახლა, როცა „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციისთვის არაფერი შეუთავაზებია.
„პრობლემა არ გვაქვს კოლეგებთან შეხვედრის, მაგრამ არასწორია, კიდევ ჩვენ ვცადოთ, კიდევ ჩვენ დავთმოთ, კიდევ ჩვენ ვეძებოთ გამოსავალი, როდესაც ხელისუფლებას არანაირი პოზიცია არა აქვს დაფიქსირებული ჩვენს შეთავაზებებზე, რაც უკვე დევს მოლაპარაკებების მაგიდასთან...
სტრატეგიულად არ მიგვაჩნია სწორად უბრალოდ ასეთ ფორმატებში შეხვედრა და მცდელობა... მოდი და, ვთქვათ, ჩვენ დავწიოთ მოთხოვნის თამასა და ამაზეც უარი გვითხრა ხელისუფლებამ, მერე რა ვქნათ?! არასერიოზული იქნება ეს“, - გვეუბნება პაატა მანჯგალაძე.
„ქართულ ოცნებაში“ გაკეთებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, „გირჩის“ იდეას მმართველ პარტიაში მიუღებლად მიიჩნევენ.
18 იანვარს, უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პლებისციტად ჩათვლა „არასწორია“ და ოპოზიციასთან შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ „საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე"; ხოლო რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდეს, თუკი „ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საკუთარი პრეტენზიების დასაბუთებას შეძლებს“.
ხომ არ კარგავთ ტყუილად დროს, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს რომ ცდილობთ? გაქვთ იმედი, რომ ხელისუფლება დათანხმდება თქვენს იდეას? - ვეკითხებით „გირჩის“ წარმომადგენელს.
სანდრო რაქვიაშვილი გვეუბნება, რომ თუკი ეს იდეა შეთანხმდება ოპოზიციურ პარტიებს შორის, შესაძლებელია მისი გატანა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროსაც.
„გირჩის“ იდეის გარშემო ცალკე მოლაპარაკებების გამართვას არც სხვა ოპოზიციურ პარტიებში უჭერენ მხარს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, ეს ჩვენ მაგალითად „ლელოშიც“ დაგვიდასტურეს. თუმცა, თუკი ეს პარტიები იდეის განხილვის შესაძლებლობას საერთო ოპოზიციურ ფორმატში მაინც ხედავენ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არც ეს არის მისაღები.
„საქართველოში ბევრი პოლიტიკური პარტიაა და ჩვენ თუ დავიწყეთ ახლა ლაპარაკი - ამ წინადადებით ხომ არ მივმართოთ „ქართულ ოცნებას“, იმ წინადადებით ხომ არ მივმართოთ, რა ესიამოვნება და რაზე უფრო წამოვა, ეს არის ძალიან არასწორი გზა...
თუკი რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ნების გაგება უნდა ხელისუფლებას, რატომ არ სურს მაშინ პლებისციტის დანიშვნა?! პლებისციტი ჩვენ ხელისუფლებას ერთგვარი კომპრომისის სახით შევთავაზეთ“, - გვეუბნება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური.
„გირჩი“ ყოველთვის აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არ შევა პარლამენტში, რადგან სხვა შემთხევვაში შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა და იმ მიზნების გატარება, რაც ამ პარტიას აქვს.
ძალაში იქნება თუ არა ეს პოზიცია იმ შემთხვევაშიც, თუკი თვითმმართველობის არჩევნებისა და პლებისციტის იდეას მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა“?
სანდრო რაქვიაშვილის პასუხია - კი.
ის გვეუბნება, რომ სხვა პარტიებთან შეთანხმების მიღწევას სწორედ იმიტომ ცდილობენ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების გარეშე პარლამენტში შესვლა ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. განსხვავებულია „მოქალაქეების“ პოზიცია. ალეკო ელისაშვილის პარტიის ორმა დეპუტატმა სხვადასხვა დროს არაერთხელ გამოხატა მზაობა, რომ პარლამენტში საარჩევნო რეფორმის გატარების სანაცვლოდაც შევა.
მესამე ცენტრი
„სტრატეგია აღმაშენებელში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პარტია ახლა, ორპოლუსიანობის საპირწონედ, მესამე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მუშაობს.
პაატა მანჯგალაძის თქმით, უკვე გაიმართა მოლაპარაკებები სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან და მიმდინარე პროცესების პირველ შედეგებს საზოგადოება თებერვალში იხილავს.
„გასაგებია, რომ ამომრჩევლების 27%-ის კონსოლიდირება ხდება მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, სხვა ამომრჩევლების ხმების როგორი კონსოლიდირება ხდება „ქართულ ოცნებაში“, როცა მესამე ალტერნატივა არ არსებობს?!
ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციურ ხმებზე ნადირობას. ვფიქრობ, რომ მესამე ცენტრის შექმნა საერთო ოპოზიციურ ინტერესებში უნდა იყოს... გადაუწყვეტელი ამომრჩევლების გარდა, ჩვენი ამოცანაა მათი მიმხრობა, ვისაც არ მოსწონს „ქართული ოცნება“.
ბიძინა ივანიშვილის მიერ წასვლაზე გაკეთებულმა განცხადებამ მეტი სივრცე შექმნა ამისთვის... ბიძინა ივანიშვილი და (ირაკლი) კობახიძე ერთი და იგივე არ არის ამომრჩევლისთვის.
ბევრი ექსპერტია საქართველოში, ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც საზოგადოებრივ აზრს ქმნის. ჩვენ დაველაპარაკებით, რომ ერთიანი, საერთო ფრონტით იქნებ შევქმნათ დიდი ელექტორალური კოალიცია“, - გვეუბნება მანჯგალაძე.
„სტრატეგია აღმაშენებელში“ არ აკონკრეტებენ, თუ რომელ პარტიებს გააერთიანებს ახალი ცენტრი. მანჯგალაძემ გვითხრა, რომ ამ ცენტრში არავინ იქნება მთავარი.
როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, უკვე გაიმართა კონსულტაციები, მაგალითად, პარტია „ლელოსთან“, მაგრამ სამომავლო ცენტრის კონტურები ჯერჯერობით არც ამ პარტიის წარმომადგენლებისთვის არის ნათელი.
„ჩვენი ძირითადი ყურადღება ახლა ეთმობა ერთიანი ბოიკოტის შენარჩუნებას. ეს არის ყველაზე მთავარი... თუმცა „ლელო“ შექმნილია როგორც ალტერნატიული პოლიტიკური ძალა და „ლელოს“ ირგვლივ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა დღის წესრიგში დადგება და ამის შესახებ საზოგადოებასთან ახალო მომავალში გვექნება კომუნიკაცია“, - გვეუბნება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე.
სავარაუდოდ, სწორედ მესამე ცენტრში იხილავს საზოგადოება ექსპერტ გია ხუხაშვილსაც, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, რადიო თავისუფლებასთან ხშირად ლაპარაკობდა სწორედ ამგვარი ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრის დეფიციტზე.
ენმ-ის გარეშე
„სტრატეგია აღმაშენებელში“ გვითხრეს, რომ მესამე ცენტრის კარი ღია იქნება ყველასთვის, თუმცა, რადგან ის ორპოლუსიანობის საპირწონედ იქმნება, ლოგიკურად, შეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე უნდა მოხდეს.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემა საერთოდ არ არის, - გვეუბნება ნუგზარ წიკლაური. მისი თქმით, ყველა თავისუფალია თავის არჩევანში, თუმცა ახლა ოპოზიცია სულ სხვა გამოწვევის წინაშე დგას:
„ახლა, როცა მთავარ მიზანს გაყალბებული არჩევნების არაღიარება და ახალი არჩევნების დანიშვნა წარმოადგენს, შესაძლოა, არ იყოს ადეკვატური საუბარი პოლიტიკური პარტიების ახალი დაჯგუფებების შესახებ.
გაცილებით უფრო დიდი ამოცანაა ახლა ჩვენს წინაშე... როცა ამას მივაღწევთ, შემდეგ უკვე მათი გადასაწყვეტია, რა კონფიგურაციით დაუკავშირდებიან ერთმანეთს ოპოზიციური ძალები. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის“.