Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილი რიგგარეშე არჩევნების გარეშეც მზად არის შევიდეს პარლამენტში


პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მზადაა, თუკი „ქართული ოცნება“ ელჩების თანადასწრებით პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას და ელექტრონული არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, მის თანაპარტიელ ლევან იოსელიანთან ერთად პარლამენტში შევიდეს. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს ხვდებიან იაგო ხვიჩიას პოლიტიკური გაერთიანება "გირჩიდან", რომელსაც "მოქალაქეების" ლიდერებისგან განსხვავებული პირობები აქვს პარლამენტში შესვლაზე. ალეკო ელისაშვილს აქვს მოლოდინი, რომ უცხოელი დიპლომატების ჩართულობით მართული მოლაპარკების მეხუთე რაუნდი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შესაძლოა არ შედგეს და ამიტომ იწყებს შეხვედრებს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო გეგმების განსასაზღვრად.

"შესაძლოა მეხუთე რაუნდის გარეშეც, მაგრამ ელჩების თანდასწრებით, თუ ქართული ოცნება ხელს მოაწერს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის პოლიტპატიმრები, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ელექტრონული არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, რომ შევიდეთ პარლამენტში". - თქვა ელისაშვილმა მეგრელიშვილისა და ხვიჩიას გირჩთან შეხვედრის დაწყებამდე.

ელისაშვილი თვლის, რომ თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამური ხმებით ქართულ ოცნებას აჯობებს, მისთვის მისაღებია, ეს შეფასდეს, როგორც პლებისციტი ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის.

რაც შეეხება იაგო ხვიჩიას "გირჩიდან", ის ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი, რომელიც არის ერთგვარი წითელი ხაზი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მცდელობისას, შეიძლება გადაწყდეს მარტივად და დამოკიდებული იყოს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე: "ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია" - ამბობს იაგო ხვიჩია.

ის, რომ ალეკო ელისაშვილი მზად იყო "ქართულ ოცნებასთან" პირისპირ დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან, სიახლე არ არის. 9 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში შევა, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება, რაშიც გულისხმობდა "არჩევნების საკითხზე „გაწიკწიკებული“ დოკუმენტის" შექმნას. ელისაშვილმა 12 იანვარს რუსთავი ორის ეთერში კიდევ ერთხელ თქვა, რომ შესაძლოა მმართველ პარტიასთან სხვა ოპოზიციური პარტიების გარეშე მივიდეს მოლაპარაკებებზე. "„თუ სხვა გზა არ დაგვრჩა და აქეთ ოპოზიციამ ფეხები აბაკუნა და „რევოლუცია, რევოლუცია" იძახა, მეორე მხრივ, თუ „ქართული ოცნება" არ მოვიდა მოლაპარაკებაზე, რაღაც იქნება შესაცვლელი" - ასეთი იყო ალეკო ელისაშვილის პოზიცია.

პარლამენტში არჩეული რვა საარჩევნო საარჩევნო სუბიექტიდან ხუთთან კომუნიკაციის შესახებ ილაპარაკა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 30 დეკემბერს. მას შემდეგ კი, რაც პარლამენტში ახლადდაარსებული პარტია "ევროპული სოციალისტები" შევიდნენ, როგორც ოპოზიციური პარტია, ქართული ოცნების წევრები აქტიურად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ოპოზოციის ბოიკოტს აზრი ეკარგება და აღარც პარლამენტია ერთპარტიული.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და სისტემის რეფორმა. ოპოზიციამ მმართველ გუნდს პლებისციტიც შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებდა ამომრჩევლისთვის კითხვის დასმას იმაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობას განიხილავს და საუბრობს მომავალ, თვითმმაართველობის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობაზე, რაც გაყალბების რისკებს შეამცირებს.

XS
SM
MD
LG