Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მავთულხლართები ატოცისა და ოქონის მიმდებარე ტერიტორიაზე


ატოცის მინდვრებში დამონტაჟებული ახალი ღობე და ძელები. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფოტო
ატოცის მინდვრებში დამონტაჟებული ახალი ღობე და ძელები. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფოტო

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იქ დამონტაჟებულ ძელებზე მავთულხლართები გაავლეს. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ სახნავ-სათესი ფართობები და საძოვრები შეღობეს.

მავთულხლართები ატოციდან ოქონის მიმართულებით არის დამონტაჟებული და მისი სიგრძე, დაახლოებით, ნახევარი კილომეტრია. ღობეების პერიმეტრზე გავლებულია, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები. ატოცელები აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალები სოფელთან ახლოს, ბოლო ერთი კვირაა, გამოჩნდნენ და მუშაობა არ შეუწყვეტიათ. ადგილობრივები მავთულხლართების სიახლოვეს არსებულ ნაკვეთებში ვეღარ მიდიან, რადგან რუსეთის მესაზღვრეები იქ მუდმივად პატრულირებენ და მათი დაკავების საფრთხე დიდია. სოფლის მცხოვრები გიული კარაპეტოვი საკუთარ ნაკვეთში აღარ მიდის, რადგან ეს ფართი ოკუპაციის ხაზთან არის.

„იქ აღარ მივდივარ, რომ არ წაგვიყვანონ. საშიშროება დიდია. ნაკვეთების ნაწილი უკვე მიტაცებულია. ერთი ნაკვეთი ოქონას მხარეს მქონდა და ის უკვე ოკუპირებულია. დაახლოებით ორი ჰექტარი უკვე დავკარგე და რაც დამრჩა, იმასაც ვერ ვამუშავებ. ყოფილა შემთხვევები, რომ გადმოსულან და ჩვენი თანასოფლელები წაუყვანიათ, ამიტომ იქ გასვლას ვერიდებით. საქონელიც გადასულა და დაგვიკარგავს. ხალხი შეშინებულია, მავთულხლართებთან 200 მეტრზე მიახლოებაც კი აკრძალული გვაქვს“.

ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ის ძელებიც ნახეს, რომლებიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს სხვადასხვა სოფელში მიაქვთ და მოსახლეობის კუთვნილ ნაკვეთებში ამონტაჟებენ. ატოცი გახდა ამ ძელების დამამზადებელი ადგილი. აქ აგროვებენ და შემდეგ ღოღეთის, თამარაშენის, ტახტისძირისა და დირბის მიმართულებით მიაქვთ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ ახალი ღობეები ქვემო ოქონა-ატოცის მიმართულებით სულ ახალი დამონტაჟებულია.

„აღმოვაჩინეთ ქვემო ოქონასთან ახალი მავთულხლართები, რომელიც, დაახლოებით, სამას მეტრზეა. იქ ჯერ ახალი ბოძები ჩასვეს და შემდეგ მავთულხლართები გაავლეს. სამწუხარო ისაა, რომ ოკუპანტები ამ სამუშაოების ჩატარებას კომფორტის ზონაში ახერხებენ და მათ ხელს არავინ უშლის. ისევ აქტივისტებს და ჟურნალისტებს გვიწევს ამ ინფორმაციების მოძიება და გავრცელება, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს“.

ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს განახლებული ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოველი შემთხვევის დროს აქტიურდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

სუს-ის განცხადებით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ სხვა უკანონო აქტივობებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

„უკანონო ე. წ. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს ოკუპაციის შედეგს. მისი პირველი ნიშნები 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2011 წლიდან უკანონო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 149 კმ-ია, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 350 კმ-ზე მეტი. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ორივე მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება. ე.წ. ბორდერიზაციის თითოეულ შემთხვევაზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი შემთხვევები წარმოადგენს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხს“, - აცხადებს სუს-ი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2020 წელს საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის რამდენიმე ათეული შემთხვევის იდენტიფიკაცია მოახდინა.

„საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, თითოეული მათგანი უმწვავესად იქნა განხილული მოქმედი მექანიზმების ფარგლებში. სხვა უკანონო აქტივობებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

2021 წლის პირველ 4 თვეში რუსეთის საოკუპაციო ძალები ინტენსიურად მუშაობენ ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 27 აპრილს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზეც გააპროტესტეს, მათ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია და მცოცავი ოკუპაციის გამო ათობით ჰექტარი მიწა ისევ იკარგება.

XS
SM
MD
LG