ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მუდმივად პატრულირებენ. 19 აპრილს ისინი საოკუპაციო ბანერებთან გამოჩნდნენ და მათ გასწვრივ წითლად შეღებილი ხის ძელები ჩაარჭეს. ტახტისძირელები აცხადებენ, რომ რუსებმა ამით მათი სოფლის ტერიტორიები მონიშნეს, სადაც მალე მავთულხლართებს და ღობეებს გაავლებენ. მათი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე მოქცეულია 15 ჰექტარამდე სახნავ-სათესი ფართობი და საძოვარი.
მიმდებარე ლოკაციაზე გასულ წელს უკანონოდ აღმართეს ბანერები. ახლა დაამონტაჟეს მცირე ზომის ხის ბოძები...სუს-ი
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ტახტისძირში ზუსტად ერთი წლის წინ გამოჩნდნენ და ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ისინი, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთებს ღობავდნენ. წლისთავზე სამუშაოები ისევ განაახლეს. ტახტისძირს დასავლეთით ოსური სოფელი გვირგვინა ესაზღვრება. საოკუპაციო ძალები სწორედ ამ სოფლიდან გამოჩნდნენ. გვირგვინასა და ტახტისძირს შორის ქედზე არსებულ მიწის ნაკვეთებს ტახტისძირელები დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდნენ, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მათ მიწას ნელ-ნელა ართმევენ.
ტახტისძირის მინდვრებში ბორდერიზაციის ახალი ტალღის დასაწყისი ანტისაოკუპაციო მოძრაობამ შეამჩნია. ახალი ბოძების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა მათ 20 აპრილს გაავრცელეს. მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, მიხეილ ბალიაშვილი, ამბობს, რომ საოკუპაციო ძალებმა ეს ძელები, დაახლოებით, ნახევარი კილომეტრის სიგრძეზე ჩასვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ მოხდება მიწის ფართობების მიტაცება.
ეს არ არის ამ სოფლის მიწის ფართობების მცოცავი ოკუპაციის პირველი შემთხვევა. 2011 წლიდან, „ბორდერიზაციის“ დაწყებიდან დღემდე, ათობით ჰექტარი მიწა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ამუშავებდა, უკვე მიტაცებულია.
20 აპრილს საღამოს განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელშიც ნათქვამია, რომ სოფელ ტახტისძირში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე. წ. ნიშნულები დამონტაჟდა.
„მიმდებარე ლოკაციაზე გასულ წელს უკანონოდ აღმართეს ბანერები. ახლა დაამონტაჟეს მცირე ზომის ხის ბოძები. გააქტიურებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - განაცხადეს სუს-ში.
ტახტისძირელები აცხადებენ, რომ სოფელში მათი პრობლემების გასარკვევად ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალები განსაკუთრებით აქტიურობდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმართულებით. ჩორჩანაში მათ ახალი საგუშაგოები დადგეს, გუგუტიაანთკარსა და ატოცში კი ადგილობრივი მოსახლეობის ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობები და ხილის ბაღები ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს.