მცოცავი ოკუპაცია კასპის მუნიციპალიტეტშიც გაგრძელდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ გორაკას მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდნენ და ტყის მასივში გზის გაყვანა დაიწყეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიერ გავრცელებულ ფოტო- და ვიდეომასალაში ჩანს ტყის მასივში დაწყებული სამუშაოები. მოძრაობის წევრები ადგილზე აღებულ კოორდინატებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზი ასი მეტრით საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიის შიგნით იწევს, რაც ასობით ჰექტარ დაკარგულ ტყესა და საძოვარს ნიშნავს. სოფლის მიმდებარე ქედზე მდებარეობს ორკაპას ისტორიული ციხე, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა იქ მისვლას გატაცების შიშით ვეღარ ბედავს, რადგან ნებისმიერ ბუჩქთან შეიძლება შეიარაღებული სამხედრო პირი იყოს ჩასაფრებული და ეს ადგილობრივ მცხოვრებთა შიშს იწვევს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი გორაკა ოკუპირებულ სოფელ მონასტერს ესაზღვრება. მონასტერში მდებარეობს საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა, საიდანაც კონტროლდება მიმდებარე სოფლები. ბაზაზე მცხოვრები პირადი შემადგენლობა ახლა ეგრეთ წოდებული საზღვრების მოწყობის სამუშაოებით არის დაკავებული. გორაკასა და მონასტერს ტყის მასივი და საძოვრები ყოფს. როგორც გორაკას მცხოვრებლები ამბობენ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მიმდებარე მთაზე და ტყის მასივში უკვე ათი დღეა, რაც მუშაობენ. სოფლის მკვიდრი გიული ბეროშვილი დაკავებას ერთხელ უკვე გადაურჩა, როცა ტყეში ხილის საკრეფად წავიდა.
„საკორინთლოს მხარეს არის ოსური სოფელი მონასტერი, იქიდან მოვიდნენ და აქეთ დაიწყეს მუშაობა. ადრე შეღობილიც ჰქონდათ ეგ ტერიტორია, მაგრამ ახლა ის შეღობილიც მოხსენს და უფრო ჩვენკენ წამოვიდნენ. ადრე ნახირი აგვყავდა. ახლა ახლოს ვეღარ ვეკარებით. რუსები არიან და შიგნით აღარავის უშვებენ. ამას წინათ ასული ვიყავი, კვრინჩხს ვკრეფდი და როგორც კი რუსები გამოჩნდნენ, შემეშინდა და გამოვიქეცი. ჩემი მამამთილი ჰყავდათ ადრე დაჭერილი. ამიტომ სულ ვერიდები“.
სოფლის მწყემსებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ ამზადებდნენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ტყეს გასაკაფავად, სადაც მოგვიანებით გზის გაყვანა დაიწყეს. გორაკელები ადგილზე დიდხანს ვერ გაჩერდნენ, რადგან მათი დაკავების საფრთხე რეალური იყო.
„ორი კვირის წინ ვნახეთ, ხეებს კრასკას ასხამდნენ. ზოგი ხე ჩამოთალეს, ზოგი შეღებეს. ზოგან შავი ფერის საღებავი მიასხეს, ზოგან წითელი. მონიშნული უკვე იყო, დაახლოებით, ათი ხე, მაგრამ ეს ყველაფერი რომ დავინახეთ, გამოვიქეცით. თვითონ რუსებიც დავინახეთ, 10-15 კაცი იქნებოდა. რომ არ გამოვქცეულიყავით, დაგვიჭერდნენ“.
მეორე დღეა, გორაკაში და მიმდებარე ტერიტორიაზე „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრები პატრულირებენ. „მოძრაობის“ ლიდერ დავით ქაცარავას თქმით, რუსები საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეუზღუდავად მუშაობენ და ასობით ჰექტარ მიწას იტაცებენ.
„მინიმუმ ასი მეტრით არიან გადმოსულები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ზოგ ადგილზე ეს ასი მეტრი იზრდება 12-150 მეტრამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ ასეულობით ჰექტარ მიწას დავკარგავთ. ეს ტყის გზა გორაკადან ქვემო ჭალის მიმართულებით, სხვილოს ციხისკენ გაჰყავთ. ოკუპანტები თავისუფლად გრძნობენ თავს ჩვენს კონტროლირებულ ტერიტორიაზე“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ბორდერიზაციის“ ყოველი ახალი შემთხვევისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზს ააქტიურებს, ამასობაში კი მცოცავი ოკუპაციის პროცესმა ქარელის მუნიციპალიტეტიდან კასპის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა.
ქარელის მუნიციპალიტეტში - ტახტისძირში, დირბში, ღოღეთსა და თამარაშენში - მცოცავი ოკუპაციის შედეგად ათობით ჰექტარი სახნავი მიწის ფართი და საძოვრები ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს გრძელდებოდა ე. წ. ბორდერიზაცია. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 16 ასეთი შემთხვევა იყო, ხოლო ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 60.
2021 წლის პირველ 4 თვეში რუსეთის საოკუპაციო ძალები ინტენსიურად მუშაობენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ახლა კი პროცესი კასპის მუნიციპალიტეტშიც გაგრძელდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ბორდერიზაციის“ პროცესი 27 აპრილს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზეც გააპროტესტეს, მათ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია და მცოცავი ოკუპაციის შედეგად ათობით ჰექტარი მიწა ისევ იკარგება.