რამდენიმედღიანი შესვენების შემდეგ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ. ადგილზე ტრაქტორები მიიყვანეს და ეგრეთ წოდებული ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე დაადასტურეს საოკუპაციო ძალების ღოღეთთან გამოჩენა.
ბოლო სამი კვირაა, ოკუპაციის ხაზთან ე. წ. მესაზღვრეები ერთი და იმავე ტაქტიკით მოქმედებენ. ისინი ბანერებიდან, დაახლოებით, 3-4 მეტრის სიღრმეში ხის ძელებს ამონტაჟებენ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ტახტისძირსა და დირბში ეს ძელები წითლადაა შეღებილი, ხოლო ღოღეთსა და თამარაშენში ყვითლად. ძელები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა შემოწეული და მცოცავი ოკუპაციის კიდევ ერთ ტალღას წარმოადგენს მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ე. წ. სადემარკაციო კომისიამ მუშაობა განაახლა. ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას აკვირდებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და ადგილიდან ავრცელებენ ფოტო და ვიდეომასალას. სუსი იუწყება, რომ შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ღოღეთელები აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალებმა სააღდგომო-სადღესასწაულო დღეებში მცირედით შეისვენეს და მცოცავი ოკუპაცია ისევ გააგრძელეს. ღოღეთის მცხოვრები ოთარ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ათეულობით ჰექტარი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
„ყოველდღე გადმოდიან და თავის საქმეს აკეთებენ. ხნულები გაავლეს, დანარჩენი მიწა შემოღობეს და წაიღეს. იქ ვეღარ გავდივართ უკვე, იმიტომ რომ დაგვიჭერენ“.
საოკუპაციო ხაზთან ახლოს აქვს მიწის ნაკვეთი დემურ თელაშვილს. მას მიწა, რამდენიმე წელია, აღარ დაუმუშავებია, რადგან იქვე ახლოს რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა ჩანს და ოკუპირებულ სოფელ ქვათეთრიდან გადმოსული შეიარაღებული პირები ხშირად მოძრაობენ ღოღეთის გასწვრივ.
„გვეშინია, ჩემი ნაკვეთიც მიტოვებულია. ზედ ხაზთან არის და ვერ მივდივარ. საშიშია იქ მუშაობა, რადგან რუსები მუდმივად მოძრაობენ და დაგვაკავებენ“.
ღოღეთში ადრე დამონტაჟებული ბანერებიდან ახალი ხნულები სოფლის სიღრმეში რამდენიმე მეტრით კიდევ შემოსწიეს. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მინდვრებში ამ დროისთვის ხნულები და ხის ძელები, დაახლოებით, 8 კილომეტრის სიგრძეზეა გავლებული. ადგილობრივი მცხოვრები ემზარ ოსაძე აცხადებს, რომ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება მცოცავი ოკუპაციის პროცესის შესაჩერებლად უძლური იქნება.
„დაახლოებით, ათი მეტრი კიდევ გადმოსწიეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ხნული 4-5 მეტრის სიგანისაა. თვითონ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულს უწოდებენ, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენს ტერიტორიაზე აკეთებენ. მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება ამ საქმეში უძლური იქნება, აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, რომ ეს როგორმე შეჩერდეს. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა უკვე სოფლის ცენტრამდეც ჩამოვიდნენ“.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ღოღეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოჩნდნენ, მაგრამ ინტენსიური სამუშაოები 2013 წლის ნოემბერში დაიწყეს, რა დროსაც სოფლის სახნავ-სათეს ფართობებში ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს და ადგილობრივ მოსახლეობას მასთან მიახლოება აუკრძალეს. 7 წლის წინ ღოღეთელებმა მცოცავი ოკუპაციის შედეგად 30 ჰექტარზე მეტი მიწა დაკარგეს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი მცოცავი ოკუპაციის ფაქტს ღოღეთში აკვირდება. დავით ქაცარავას თქმით, საქართველო კიდევ უფრო მეტ მიწას დაკარგავს, ვიდრე პოლიტიკოსები კომფორტის ზონიდან არ გამოვლენ. ქაცარავა ქართველ პოლიტიკოსებს ოკუპაციის ხაზთან ჩასვლისკენ მოუწოდებს.
„დღეს დილიდან შემოვიდნენ ოკუპანტები და ხნულები გააკეთეს. ღოღეთიდან მოყოლებული თამარაშენამდე, სადაც შეჩერებული ჰქონდათ სამუშაოები, ისევ განაახლეს. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ რუსების მოძრაობა აქ მუდმივად შეინიშნება. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსებისთვის ეს კომფორტის ზონა იყოს შენარჩუნებული. შეიძლება ეს გაამართლონ იმით, რომ არ უნდათ შეიქმნას დაძაბულობა, თუმცა ეს თავის მართლებაა და ნებისმიერ შემთხვევაში ეს განიხილება ოკუპანტისთვის კომფორტის ზონის შექმნად. მე ახლა ვნახე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცხინვალი სამოქალაქო თვითმფრინავების ჩამოგდებას აპირებს ეგრეთ წოდებულ თავის საჰაერო სივრცეში. აქეთ გვემუქრება ცხინვალი. ხედავს, რომ რეაგირება ნულია ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. ყოველდღე კომფორტულად გვართმევენ მიწებს. მივმართავ პოლიტიკოსებს: გამოდით კომფორტის ზონიდან, ჩამობრძანდით აქ და ერთად გავაჩეროთ საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებები და ბორდერიზაცია. თბილისიდან განცხადებების კეთება არ არის საკმარისი“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს გრძელდებოდა ე. წ. ბორდერიზაცია. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 16 ასეთი შემთხვევა იყო, ხოლო ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 60.
2021 წლის პირველ 4 თვეში რუსეთის საოკუპაციო ძალები ინტენსიურად მუშაობენ ქარელის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: ტახტისძირში, ღოღეთში, თამარაშენსა და დირბში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ბორდერიზაციის“ პროცეს 27 აპრილს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზეც გააპროტესტეს, მათ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია და მცოცავი ოკუპაციის შედეგად ათობით ჰექტარი მიწა ისევ იკარგება.