Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აცრა კოვიდზე: სად უნდა ჩავეწერო და რა უნდა ვიცოდე - პასუხები მთავარ კითხვებზე


საქართველოში ვაქცინაცია ოთხი ვაქცინით მიმდინარეობს. ესენია - Pfizer, AstraZeneca, სინოვაკი, სინოფარმი. ოთხივე ვაქცინა უკვე ავტორიზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

აცრაზე ჩასაწერად, საჭიროა სპეციალურ ვებგვერდზე (booking.moh.gov.ge) გავიაროთ რეგისტრაცია, დაბარებულ დროს კი გამოვცხადდეთ აცრის დაწესებულებაში. აცრა შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც, სპეციალურ ამცრელ პუნქტებში.

მასალა ბოლოს განახლდა 10 ნოემბერს.

ვის შეუძლია აცრა?

Pfizer-ით აცრა უკვე შეუძლიათ 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს. ამისთვის მათ მშობლის თანხმობა დასჭირდებათ. 18 წელს ზემოთ პირებისთვის „ფაიზერის“ გარდა, „სინოფარმი“ და „სინოვაკია“ ხელმისაწვდომი. ვაქცინაცია შეუძლიათ როგორც საქართველოს, ასევე უცხოელ მოქალაქეებს.

აცრა შეუძლიათ იმ პირებსაც, ვისაც კოვიდი უკვე ჰქონდა. კოვიდინფიცირებიდან ვაქცინაცია 30 დღის შემდეგ არის შესაძლებელი. ექიმები განსაკუთრებით მოუწოდებენ, აიცრან რისკ-ჯგუფები: პირები რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი.

აცრა რეკომენდებულია ორსულობის და ძუძუთი კვების დროსაც.

როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ?

რეგისტრაცია booking.moh.gov.ge ვებგვერდზე უნდა გავიაროთ. რეგისტრაციის დროს ვუთითებთ ადგილს, სადაც გვინდა სერვისის მიღება, აცრის სასურველ თარიღს (შესაძლებელია 15 დღით წინსწრებით დაჯავშნა), დროს, რეგიონს, აცრის გასაკეთებელ დაწესებულებას.

შემდეგ პირად მონაცემებს - პირად ნომერს, სახელს, გვარს და საკონტაქტო ინფორმაციას. რეგისტრაციის დასასრულს მოქალაქე ტელეფონზე და ელექტრონულ მისამართზე ვერიფიკაციის კოდს მიიღებს, მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი რეგისტრაციის დასრულება. თუ აცრის მსურველს დაავიწყდება, სად არის რეგისტრირებული ვაქცინაციისთვის, შეუძლია, პირადი ნომრითა და ჯავშნის ნომრით ან პირადი ნომრითა და მობილურით ხელახლა გაეცნოს მონაცემებს.

რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში მოქალაქე მიიღებს დასტურს, რომ აცრაზე რეგისტრირებულია. შემდეგ აცრაზე დარეგისტრირება თავიდან არის საჭირო.

13 აგვისტოდან თბილისში ვაქცინაციის ახალი ცენტრები გაიხსნა, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

ვებგვერდთან ერთად, მუშაობს ცხელი ხაზი 15 22.

აცრასთან დაკავშირებული კონსტულტაციის მიღება შეიძლება ნომერზე 144-3

რომელი ვაქცინები არის ხელმისაწვდომი?

საქართველოში ამ ეტაპზე სამი ვაქცინით შესაძლებელია აცრა - ესენია Pfizer/BioNtech, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ არის შემოსული. AsrtaZeneca-თი აცრა ქვეყანაში 1 ნოემბრის მერე შეწყდა, რადგან დოზებს ვადა გაუვიდა. ოთხივე ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია, ევროპის წამლის სააგენტო კი Pfizer/BioNtech და AsrtaZeneca-ს აღიარებს.

Pfizer/BioNtech

ამერიკულ-გერმანული წარმოშობის ვაქცინაა. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. Pfizer-ი 94 პროცენტით ამცირებს ინტენსიური მოვლის განყოფილებებში მოხვედრის და სიკვდილიანობის მაჩვენებელს, 78%-ით - ინფიცირების მაჩვენებელს.

საქართველოში Pfizer-ით აცრა შეუძლია ყველას, 12 წლის ასაკიდან, თუმცა არასრულწლოვნებს ამისთვის მშობლის ან მეურვის თანხმობა დასჭირდებათ. Pfizer-ი ავტორიზებულია ჯანმოს მიერ, მას აღიარებს ევროპის წამლის სააგენტოც.

AsrtaZeneca

ამ ვაქცინით აცრა 1 ნოემბრიდან შეჩერებულია, რადგან საქართველოში არსებულ დოზებს ვადა გაუვიდა.

„ასტრაზენეკა“ - კომპანია AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინაა, რომლის ეფექტიანობა 76%-ია. აცრა ტარდება ორ დოზად - 8-12 კვირის ინტერვალში. პირველადი აცრა საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. AstraZeneca-თი აცრა შეუძლიათ 45 წელს ზევით პირებს.

AstraZeneca-ს აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია და ეს საქართველოში შემოსული მეორე ვაქცინაა, რომელსაც ევროპის წამლის სააგენტო აღიარებს.


Sinopharm

„სინოფარმი“ ჩინური ვაქცინაა. მისი დადასტურებული ეფექტიანობა 78.1%-ია. „სინოფარმი“ ტრადიციული ხერხით დამზადებული ვაქცინაა - ისევე როგორც, მაგალითად, პოლიომიელიტის, ჰეპატიტის ან ცოფის. ვირუსის დასუსტებული ვერსია ორგანიზმის იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს. ასე მუშაობს ვაქცინების უმეტესობა მსოფლიოში. „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით. აცრა 18 წელს ზევით პირებს შეუძლიათ.

„სინოფარმი“ ავტორიზებულია ჯანმოს მიერ. მას ამ დრომდე არ აქვს ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია, თუმცა ევროპის რიგ ქვეყნებში „სინოფარმით“ აცრილების შემოსვლა დასაშვებია.

Sinovac

ჩინური „სინოვაკი“, ისევე როგორც „სინოფარმი“ ტრადიციული ხერხითაა დამზადებული. პირველი მასშტაბური კლინიკური ტესტით, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა, ვაქცინამ 50.65% ეფექტიანობა აჩვენა. უკანასკნელი კვლევით, რომელიც ურუგვაიში ჩატარდა, სინოვაკმა სიკვდილიანობა შეამცირა 95% -ით, საავადმყოფოთა ინტენსიური მოვლის განყოფილებებში მოხვედრის მაჩვენებელი - 92%-ით. აცრა შეუძლიათ 18 წელს ზევით მოქალაქეებს.

ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და ის 21 დღის ინტერვალით კეთდება. სიცხე, როგორც გვერდითა ეფექტი, „სინოვაკის“ შემთხვევაში უფრო იშვიათად გამოვლინდა, ვიდრე Pfizer-BioNTech-ისა და Oxford-AstraZeneca-ს შემთხვევაში.

„სინოვაკი“, „სინოფარმის“ მსგავსად ავტორიზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჯერ კიდევ ელის ევროპის წამლის სააგენტოს აღიარებას, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში მოგზაურობა უკვე შესაძლებელია.

სად ავიცრებით?

ვაქცინაციაში კლინიკები საქართველოს მასშტაბითაა ჩართული. ვაქცინაციის პორტალი საშუალებას მოგცემთ, კლინიკა უბნის მიხედვით აირჩიოთ.13 აგვისტოდან თბილისში ვაქცინაციის ახალი ცენტრები გაიხსნა, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

ეს სივრცეებია:

  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი - კოსტავას #77, სააკაძის მოედანი, ყოველდღე 10:00-დან 20:00- მდე;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი წინანდლის #9, ავლაბარი, 10:00-დან 18:00 საათამდე.

14 აგვისტოდან ცენტრებამდე დადის სპეციალური ავტობუსები. ყველა მარშრუტის ნახვა შეგიძლიათ აქ:

აცრისთვის როგორ მოვემზადოთ?


ექიმების ნაწილი ფიქრობს, რომ უმჯობესია, აცრამდე რამდენიმე დღით ადრე ალკოჰოლი არ მივიღოთ, თუმცა არ არსებობს მეცნიერებაზე დაფუძნებული ერთმნიშვნელოვანი პასუხი, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების გამომუშავებაზე ახდენს გავლენას.

აცრაზე მოსული მოქალაქე თავს ჯანმრთელად უნდა გრძნობდეს და შეეძლოს, ეპიდემიოლოგებს მიაწოდოს ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის, აცრების, ალერგიებისა და იმ მედიკამენტების შესახებ, რომელსაც იღებს.

ალერგიის შემთხვევაში, სამი ჯგუფია გამოყოფილი:

  • აცრა დასაშვებია, თუ გაქვთ მსუბუქი სეზონური ალერგია, ალერგია საკვებზე ან რომელიმე მეტალთან შეხებაზე;
  • აცრა დასაშვებია მხოლოდ ალერგოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონიათ მძიმე ანაფილაქსიური ალერგია შრატზე, ინიექციაზე ან მწერის ნაკბენზე;
  • აცრა დაუშვებელია ხელმეორედ, თუ COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველ აცრაზე მძიმე ანაფილაქსიური რეაქცია გქონდათ.

საქართველოს კანონით „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესში” არის გრაფა „გაფრთხილება”, სადაც შედიან ისეთი პაციენტები, რომელთა ვაქცინაციაც დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ესენია:

  • ისინი, ვისაც სისხლის შედედების დარღვევა აქვთ;
  • ისინი, ვინც ანტიკოაგულაციურ მკურნალობას გადის;
  • იმუნოკომპრომისული პირები - იმუნოკომპრომისულია პაციენტი, როდესაც სხეულის სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს, დაბალია, ასეთ დროს სხეულს არ შეუძლია ეფექტურად ებრძოლოს ინფექციებს. იმუნოკომპრომისულ პაციენტებად ითვლებიან ონკოპაციენტები, ვინც ქიმიოთერაპიის კურსს გადის, ვინც ჩაიტარა ტრანსპლანტაცია, აივ ინფექციის მქონე პაციენტები ან სხვა ცნობილი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები;
  • ვისაც საშუალო ან მძიმე მწვავე დაავადება აწუხებს;
  • ვისაც თრომბოციტოპენია აქვს (მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში არის თრომბოციტების ნაკლებობა);
  • არ არის შესწავლილი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება;
  • არ არის შესწავლილი სხვა ვაქცინებთან ურთიერთქმედება.
  • დროებით ვერ აიცრებით, თუ ნებისმიერ სხვა აცრასა და კოვიდვაქცინით აცრას შორის 30 დღეზე ნაკლებია გასული (გამონაკლისია ანტირაბიული, ანუ ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება 30-დღიანი ვადის დაცვის გარეშე).

რა ხდება აცრის დროს და შემდეგ?

აცრაზე მოქალაქეები ათწუთიანი შუალედით ეწერებიან. ნებისმიერი ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში 45 წუთი უნდა შეყოვნდეს - თავდაპირველად ეს პერიოდი 30 წუთი იყო. აცრის წინ ექიმი ვალდებულია შეამოწმოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მიაწოდოს პაციენტს ინფორმაცია მისი არჩეული კონკრეტული ვაქცინის სპეციფიკური უკუჩვენებების შესახებ, მისცეს რჩევები მსუბუქი რეაქციების სამართავად, ასევე შესაბამისი გადაუდებელი დახმარების ინსტრუქციები უფრო მძიმე სიმპტომების განვითარების შემთხვევაში.

ვაქცინაციის ადგილზე მზადყოფნაში უნდა იყოს ბრიგადა, რომელიც ანაფილაქსიის შემთხვევაში პაციენტს პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევს. ასეთი ბრიგადა, სულ მცირე, სამი იქნება, კონკრეტულ ცენტრებში მეტი მოთხოვნის შემთხვევაში, მათი რაოდენობა გაიზრდება.

კოვიდის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინას შეიძლება მსუბუქი გართულებები მოყვეს - ეს შეიძლება იყოს სიცხე, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ინექციის ადგილზე სიწითლე და ტკივილი, ორი დღის განმავლობაში საერთო სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) გვირჩევს, აცრის ადგილის ტკივილის შემთხვევაში მას სველი ნაჭერი მივადოთ და ხელი ვავარჯიშოთ. თუ ნაჩხვლეტის ადგილზე სიწითლე და შეშუპება 24 საათის განმავლობაში გაუარესდება, დაუკავშირდით ექიმს.

აცრის შემდეგ უსაფრთხოების წესები მაინც უნდა დაიცვათ - ატაროთ ნიღაბი, დაიბანოთ ხელები, მოერიდოთ თავშეყრის ადგილებს. ადამიანი სრულად ვაქცინირებულად მხოლოდ ვაქცინის ორი დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ ითვლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინფიცირებისგან 100%-იან დაცვას დღეს ავტორიზირებული არცერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს, თუმცა, ინფიცირების შემთხვევაში, ვაქცინირებული ადამიანები მაქსიმალურად არიან დაცულნი დაავადების გართულებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და შესაბამისად, ვირუსით გარდაცვალებისგან.

"მწვანე საშვს" როგორ ავიღებ?

"მწვანე სტატუსი" ენიჭებათ კოვიდგადატანილ ან აცრილ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც 72 საათის განმავლობაში ჩატარებული აქვთ PCR ტესტი, ან 24 საათის განმავლობაში - სწრაფი ტესტი. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი "მწვანე საშვია".

თქვენი სტატუსი შეგიძლიათ covidpass.moh.gov.ge-ზე გადაამოწმოთ. "მწვანე სტატუსი" ასე გამოიყურება:

გარდა ამისა, "მწვანე საშვი" შეგიძლიათ, იუსტიციის სახლში, ფიზიკური დოკუმენტის სახით მიიღოთ. ამისთვის წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.

1 დეკემბრიდან, ეს დოკუმენტი დასჭირდება 18 წლის ზევით ყველა მოქალაქეს, თუ თავშეყრის ისეთ ადგილებში უნდათ მოხვედრა, სადაც გადაუდებელ სერვისებს არ სთავაზობენ, მაგალითად, კაფეში, კინოში, მუზეუმში, ფიტნესკლუბში. რეგულაციის დამრღვევი მოქალაქე 2 ათასი ლარით, კომპანია კი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

კოვიდის დადგენის შემდეგ "მწვანე საშვი" 14 დღეში გიბრუნდებათ.

კოვიდი უკვე გადავიტანე - შემიძლია ავიცრა?

კორონავირუსის გადატანის შემდეგ აცრა შესაძლებელიცაა და საჭიროც, რადგან აცრა დამატებით იმუნიტეტს შეგძენთ. ადრე ვირუსის მოხდის შემდეგ 120 დღე უნდა დაგეცადათ, თუმცა ახლა ეს მონაკვეთი 30 დღემდე შემცირდა - საკმარისია ვირუსის მოხდის შემდეგ ერთი თვე დაიცადოთ და აცრას შეძლებთ.

შემიძლია "ბუსტერის" გაკეთება?

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 ნოემბრიდან "ბუსტერის", ანუ მესამე დოზის გაკეთება შეუძლია 18 წელს გადაცილებულ ყველა პირს. ბოლო დოზიდან 3 თვე უნდა იყოს გასული.

კოვიდის გადატანიდან "ბუსტერის" გაკეთება 1 თვეში უკვე შეიძლება.

ჯანდაცვის სამინისტრო"ბუსტერ" დოზასთან დაკავშირებით ამბობს:

მოქალაქეს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და "სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“, „სინოვაკის“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა;

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებული პირები ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ „ფაიზერის“ ვაქცინით;

„ფაიზერით" ვაქცინირებულთათვის რეკომენდებულია ისევ „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება;

60 წელზე უფროსი ასაკის პირები, რომლებიც „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ არიან აცრილი, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ მეორე აცრიდან 3-დან 6 თვემდე ინტერვალში.

თუ სინოფარმით ან სინოვაკით ავიცერი, რა უნდა ვქნა ევროპაში წასასვლელად?

11 ოქტომბრიდან ამოქმედდა ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანება, რომლითაც სამოგზაუროდ წამსვლელ პირებს შეუძლიათ დამატებითი აცრა "ფაიზერით" გაიკეთონ. რიგი ქვეყნები ამ დრომდე არ აღიარებდა ჩინური წარმოების ვაქცინებს.

დადგენილების მიხედვით, თუ მოქალაქე უკვე აცრილია ორჯერადად "სინოვაკის" ან "სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით და გასულია მინიმუმ 28 დღე, დამატებით შეუძლია აიცრას Pfizer-ით, თუ ის საზღვარგარეთ მიდის, მათ შორის, სამოგზაუროდ, სწავლისთვის ან მკურნალობისთვის.

"სამგზავრო ბილეთი/ჯავშანი ან მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ ან დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა), წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინაცია არ ჩატარდება", - ვკითხულობთ დადგენილებაში.

ეს არ არის "ბუსტერ" დოზა. როგორც ჯანდაცვის უწყებები განმარტავენ, ეს არის ვაქცინის "ჩანაცვლება".

როდის შეიძლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ სეზონური გრიპის აცრის გაკეთება?

კითხვაზე როდის შეიძლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ სეზონური გრიპის აცრის გაკეთება - მოკლე პასუხია იმ წამსვე, მხოლოდ 2 სხვადასხვა ანატომიურ ლოკალიზაციაზე - მაგალითად, მარჯვენა და მარცხენა ხელზე.

თუკი ერთსა და იმავე ვიზიტზე არ ხდება ვაქცინაცია მაშინ, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ორკვირიანი შუალედი უნდა დაიცვათ.

"მოგიწოდებთ, დავიწყოთ გრიპზე აცრა, ვისაც ეკუთნის სახელმწიფოს მიერ შესყიდული 200 000 ვაქცინა. გრიპზე ვაქცინაცია უკვე დაწყებულია... დღეიდან მიცემული აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს რეკომენდაცია, რომ გაიხსნას აცრები ყველა ჯგუფისთვის, ვინც ჩამონათვალშია", - მიმართა მოსახლეობას ამირან გამყრელიძემ.

კომენტარებში მოგვწერეთ თქვენი კითხვებიც.

XS
SM
MD
LG