Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 კითხვა ანკეტიდან -  რას გკითხავენ „სინოფარმით“ აცრამდე რამდენიმე წუთით ადრე   


"სინოფარმის" ვაქცინა
"სინოფარმის" ვაქცინა

12 მაისის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყებიდან, ანუ 4 მაისიდან, დღემდე “სინოფარმით” 14 000-მდე მსურველი აიცრა, 25 000-ზე მეტი კი დარეგისტრირებულია და თავის რიგს ელოდება.

ვაქცინაციაზე მისულებს, სანამ აიცრებით, ექიმი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ დაახლოებით 17 კითხვას დაგისვამთ. ამ კითხვებზე პასუხებით გაირკვევა იმ დღეს აგცრიან, დამატებით კვლევებზე გაგაგზავნიან, თუ უარს გეტყვიან ვაქცინაციაზე.

აი, რა კითხვები შევიდა “სინოფარმთან” დაკავშირებით Covid 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შეფასების კითხვარში

1. დღეს თავს ცუდად ხომ არ გრძნობთ?

ვაქცინას დროებით ვერ გაიკეთებთ, თუ ავად ხართ და ტემპერატურა 38,50C-ზე მეტია

2. გაკეთებული გაქვთ თუ არა კოვიდის ვაქცინა და თუ კი, რომელი?

აცრებს შორის მნიშვნელოვანია დაცული იყოს დროის გარკვეული შუალედი.

მაგალითად: „ასტრაზენეკას“ 2 დოზა 4-12 კვირის შუალედით უნდა გაკეთდეს.

„ფაიზერის“ ვაქცინაციებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა.

„სინოფარმის“ შემთხვევაში ეს არის 21-28 დღე.

ვაქცინის ორივე დოზა ერთი მწარმოებლის უნდა იყოს.

3. ხომ არ მიგიღიათ რომელიმე ვაქცინა 14 დღის განმავლობაში?დადებითი პასუხის შემთხვევაში, ვაქცინაციის გადავადება იქნება საჭირო.

4. ხომ არ მიგიღიათ ინტრავენური იმუნოგლობულინი?

ასეთ შემთხვევაში ვაქცინაცია 1 თვის ინტერვალით ტარდება.

5. ხომ არ გაქვთ დიაბეტის, ეპილეფსიის, კრუნჩხვის, ენცეფალოპათიის ან ფსიქიკური დარღვევების პირადი ან ოჯახური ისტორია?

ეს არის იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომლის შემთხვევაშიც აცრა კეთდება, თუმცა საყურადღებოა და უმჯობესია პირადი ექიმის კონსულტაცია.

6. ხომ არ გაქვთ მედიკამენტებით არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია?

ჰიპერტენზია არის დაავადება, რომლის დროსაც მომატებულია სისხლის წნევა. თუ ის მედიკამენტებით ვერ იმართება, აცრაზე მისულს შეიძლება დამატებითი ანალიზები მოგთხოვონ, ამიტომ უმჯობესი იქნება, ვაქცინაციამდე პირად ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

7. ხომ არ გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია (მაგალითად, ანაფილაქსია) შინაურ ცხოველებზე, საკვებზე, რაიმე მედიკამენტებზე,გარე ალერგენებზე?

თუკი პასუხი დადებითია, არ ნიშნავს, რომ აცრაზე უარს გეტყვიან. უბრალოდ, შესაძლებელია ექიმმა გადაწყვიტოს, რომ უმჯობესია ალერგოლოგის კონსულტაცია გაიაროთ, ან დამატებითი კითხვების გარეშე პირდაპირ აგცრათ.

8. ბოლო 4 თვის მანძილზე გქონიათ თუ არა დადებითი ტესტი COVID-19- ზე, ან ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ COVID-19?

თუკი გადატანილი გაქვთ COVI-19 და ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 120 დღე, ანუ 4 თვე, არ არის გასული, ვერ აიცრებით და აცრის გადავადება მოგიწევთ.

9. მიღებული გაქვთ თუ არა cvid 19-ით მკურნალობისას პასიური ანტისხეულები?

ამ შემთხვევაშიც ვაქცინაცია გარკვეული დროით გადაიდება, ვადებს თავად ექიმი გაგაცნობთ.

10. ხომ არ გაქვთ იმუნური სისტემის პრობლემა (იმუნოდეფიციტი), ან ხომ არ იღებთ ისეთ მედიკამენტს, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას (მაგალითად, კორტიკოსტეროიდები, იმუნოდეპრესანტები,სიმსივნის სამკურნალო პრეპარატები)

ამ ჩამონათვალიდან თუ რომელიმე ტიპის მედიკამენტს იღებდით, დიდი ალბათობით, აცრამდე ექიმთან კონსულტაციის გავლას გირჩევთ ექიმი.

11. ხომ არ მიგიღიათ რომელიმე ვაქცინა ბოლო 14 დღის განმავლობაში?

საქართველოს კანონით, „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის მიხედვით, ნებისმიერ სხვა აცრასა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს14 დღე (გამონაკლისია ანტირაბიული [ცოფის საწინააღმდეგო] პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე.

12. გაქვთ თუ არა სისხლდენისკენ მიდრეკილება ან იღებთ თუ არა სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს?

ამ შემთხვევაში შესაძლებელია კუნთში ნემსის გაკეთებამ გამოიწვიოს სისხლდენა, თუმცა სისხლის გამათხელებლების დალევა არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება.

აცრის უკუჩვენებები:

13. ოდესმე გქონიათ თუ არა ალერგიული რეაქცია სხვა ვაქცინაზე (გარდა COVID-19 ვაქცინისა) ან რომელიმე საინექციო მედიკამენტების მიმართ?

თუ გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია, მაგალითად, ანაფილაქსია, რომელიც საჭიროებს მკურნალობას ადრენალინით, ან თუ გახდა აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია, ან აცრამ თუ გამოიწვია ჭინჭრის ციება, შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ანგიონევროზული შეშუპება.

თუ პასუხი დადებითია, მაშინ ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ექიმს, რადგან ეს არის აცრის უკუჩვენება, რის გამოც „სინოფარმის“ ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს.

14. ხომ არ გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსია, covid 19-ის ვაქცინის პირველ დოზაზე? ამ შემთხვევაში ნებისმიერი ვაქცინის გაკეთება დაუშვებელია და ექიმს უარის თქმა მოუწევს.​
15. ორსულად ხომ არ ხართ? ან მეძუძური დედა ხომ არ ხართ?

ასეთ შემთხვევაში „სინოფარმით“ ვერ აიცრებით. ორსულებისთვის აცრა დასაშვებია ფაიზერის ვაქცინით.

16. სერიოზული ქრონიკული დაავადების ტერმინალური (უკიდურესად მძიმე სტადია) ან ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს სიცოცხლისთვის საშიში, ასევე წარმოადგენს უკუჩვენებას.

17. ხომ არ გაქვთ არაკონტროლირებადი ეპილეფსია, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადება, ან გქონიათ გიენ-ბარეს სინდრომი?

თუ კი, აცრას ვერ გაიკეთებთ.

18. ხომ არ გქონიათ ამავე ვაქცინის პირველი დოზის მიღებისას ნერვულ სისტემაზე რეაქცია?

ამ შემთხვევაშიც აცრაზე უარს გეტყვიან

მიღებული პასუხებით ექიმი აფასებს თქვენს მდგომარეობას, მომზადებულია შესაძლო გართულებებისთვის და, თქვენი მდგომარეობის შეფასებიდან გამომდინარე, წყვეტს, შეგიძლიათ თუ არა იმ დღეს გაიკეთოთ ვაქცინა.

ექიმი ვალდებულია მოგცეთ რჩევები გავრცელებული მსუბუქი რეაქციების სამართავად, ასევე შესაბამისი გადაუდებელი დახმარების ინსტრუქციები უფრო მძიმე სიმპტომების განვითარების შემთხვევაში.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG