Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაქცინების შერევა შეიძლება? - რა ვიცით ამ დრომდე


საქართველოში ამჟამად სამი ვაქცინით იცრებიან - AstraZeneca-თი, Pfizer-ით და „სინოფარმით“, თუმცა მათ მალე მეოთხე ვაქცინა - “სინოვაკიც” - დაემატება. ჯერჯერობით მოქალაქეებისთვის არჩევანი შეზღუდულია. მათ იმით უწევთ აცრა, რასაც სახელმწიფო სთავაზობს. 55 წელს ზევით მყოფები და მედპერსონალი “ფაიზერით” იცრება, 45 წელს ზევით მოქალაქეები - “ასტრაზენეკათი”, “სინოფარმით” აცრა კი 18 წელს ზევით მოქალაქეებს შეუძლიათ. სხვადასხვა მიზეზის გამო, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს ან იგეგმება ვაქცინების შერევა. რა პერსპექტივები აქვს ვაქცინების კომბინირებას და შესაძლებელია თუ არა საქართველოში სხვადასხვა ვაქცინის ორი დოზით აიცრან?

სხვადასხვა ტიპის ვაქცინების შერევა

Сovid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება. მაგალითად, “AstraZeneca” ვექტორული ვაქცინაა, სადაც ვირუსი, რომელზეც Covid-19-ის გენეტიკური მასალაა მიმაგრებული, ასწავლის სხეულს, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი, რაც იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს. “სინოფარმი” კი ტრადიციული ხერხითაა დამზადებული, როცა ორგანიზმში მკვდარი ვირუსის უჯრედები შეჰყავთ და ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ორივე ვაქცინა ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლას ასწავლის.

შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინის შერევამ უკეთესი შედეგი გამოიღოს?

რადიო თავისუფლებამ ეს კითხვა ივანე ჩხაიძეს, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელს, თსსუ-ის პროფესორს დაუსვა.

ივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე

„ეს არის თეორიული მოსაზრება, რომელზეც მაქვს დადებითი პასუხი. სხვადასხვა ტიპის ვაქცინამ შეიძლება უკეთესი იმუნური პასუხი განაპირობოს. ეს საკითხი განიხილება. მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევები ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად იგეგმება მსოფლიოში ასეთი კვლევების ჩატარება უახლოეს მომავალში“.

ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია ვაქცინების შერევასთან დაკავშირებით უცვლელია - არ არის საკმაო მონაცემი, რომ ორგანიზაციამ ამაზე დადებითი დასკვნა გასცეს, თუმცა საქართველოში სხვადასხვა ვაქცინების გაკეთების პრაქტიკის დასანერგად საკმარისი იქნება „მკაცრი მარეგულირებლის” დადებითი დასკვნა.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ FDA, CDC და სხვა ასეთი სტრუქტურების უკან დგას მაღალი დონის კვლევები და აუცილებლად ეს იქნება საკმარისი საფუძველი, რომ საქართველომ დაიწყოს ეს პრაქტიკა“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

ვაქცინების შერევის გამოცდილება მსოფლიოში

ამჟამად სხვადასხვა ტიპის ვაქცინით აცრა ექსპერიმენტულად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთია ბრიტანეთი, სადაც სხვადასხვა ვაქცინით აცრის ექსპერიმენტში ყველა მსურველს შეუძლია ნებაყოფლობით ჩაერთოს. ოქსფორდის უნივერსიტეტის ამ პროგრამის მიხედვით, ადამიანებს AstraZeneca-ს და Pfizer-ის დოზები 28-კვირიანი შუალედით უკეთდებათ. კვლევის მიზანია, შეისწავლოს სხვადასხვა ვაქცინის კომბინაციის ზემოქმედება, რათა იმუნიზაციის პროგრამა უფრო მოქნილი გახდეს და მეტი ადამიანი უფრო მოკლე დროში აიცრას. კლვევის შედეგების გამოქვეყნება ივნისშია მოსალოდნელი.

“AstraZeneca”-ს დოზებში წყვეტის გამო ვაქცინის შერევას განიხილავს კანადა - ამის შესახებ კანადის ჯანდაცვის მინისტრმა, კრისტინ ელიოტმა, განაცხადა. გარდა ამისა, კანადაში შესაძლოა “ფაიზერის” მეორე დოზა “მოდერნას” დოზით ჩაანაცვლონ.

ვაქცინაცია ბრიტანეთში
ვაქცინაცია ბრიტანეთში

გერმანიაში “AstraZeneca”-თი აცრა მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ვაქცინის გამოყენება თრომბის რისკის მომატებას დაუკავშირდა. ვაქცინაციის მრჩეველთა კომიტეტმა განაცხადა, რომ “ ვერ ხედავს უარყოფით მხარეს ახალგაზრდების სხვა ვაქცინის მეორე დოზით აცრაში“.

ვაქცინაცია გერმანიაში
ვაქცინაცია გერმანიაში

სხვადასხვა ტიპის ვაქცინის შერევის პრაქტიკა ფართო გამოყენებაში ჯერ არასდროს ყოფილა, თუმცა ათობით წელია, რაც გამოკვლევის საგანია, მაგალითად, ზიკას ვირუსის, შიდსისა და ებოლას ვაქცინებში. ებოლას ვაქცინებში პირველადი დოზის სხვა ტიპის ვაქცინის დოზით “გაძლიერებამ” გამოიწვია ვირუსის მიმართ იმუნიტეტის მომატება სერიოზული გვერდითი ეფექტების გარეშე.

ერთი და იმავე ტიპის ვაქცინის შერევა

საქართველოში შემოსული ვაქცინებიდან ერთნაირი ტექნოლოგიით დამზადებულია ჩინური „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. „სინოვაკით“ აცრის გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ უკვე მიიღო, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ამ ვაქცინით აცრა მალე გახდეს ხელმისაწვდომი. ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ კომბინირების შესახებ 12 აპრილის პრესკონფერენციაზე განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გაო ფუმ. ასევე, განიხილება დოზების რაოდენობის და დროის შუალედის შეცვლის საკითხებიც.

რაოდენობის მიხედვით, საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე სწორედ ეს ვაქცინებია. გარდა ამისა, ქვეყანას მათი შენახვის უფრო დიდი პოტენციალი აქვს, რადგან ჩინური ვაქცინების შენახვას მკაცრი პირობები არ სჭირდება, საკმარისია 2-8 გრადუსის ტემპერატურის შენარჩუნება.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ერთი და იმავე ტიპის ვაქცინის შერევის ალბათობა საქართველოში უფრო მაღალია.

“შესაძლებელია საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინირებულებს შევთავაზოთ „სინოვაკით“ ვაქცინაცია. ეს უფრო ახლოს დგას ლოგიკასთან. სხვადასხვა რეალობა შეიძლება დადგეს. არასდროს ყოფილა მსოფლიო ვაქცინაციის ისტორიაში აუცილებლობა, რომ ერთი ტიპის ვაქცინა ჩანაცვლებული იყოს სხვა ტიპით“.

შერევის გარეშე, რა პერიოდია სხვადასხვა კოვიდვაქცინებს შორის

კოვიდვაქცინებით სეზონის განმავლობაში ადამიანები ორჯერ იცრებიან დოზებს შორის იმ შუალედით, რომელიც კონკრეტული ვაქცინისთვისაა საჭირო. არ გვაქვს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება ვირუსის მიმართ იმუნიტეტი აცრის შემდეგ. “ფაიზერის” კვლევის მიხედვით, ანტისხეულები ადამიანს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში უნარჩუნდება, თუმცა შესაძლოა ეს დრო მეტიც აღმოჩნდეს.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ შემდეგი სეზონის ვაქცინაცია ამ პერიოდზე ადრე არ მოგვიწევს, მისი გასვლის შემდეგ შეგვიძლია ნებისმიერი კოვიდვაქცინით ავიცრათ.

კოვიდვაქცინებისა და სხვა ვაქცინების შერევა

ნებისმიერ ორ აცრას შორის - იქნება ეს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა თუ რომელიმე სხვა - მინიმუმ 14 დღე უნდა გავიდეს. გამონაკლისი ცოფის აცრაა - თუ ძაღლმა კოვიდ-19-ით აცრის შემდეგ მალევე გიკბინათ, ცოფის აცრა იმის და მიუხედავად უნდა გაიკეთოთ, რა პერიოდია გასული. უმჯობესია, რომ პროცესში რაბიოლოგი, ცოფის სპეციალისტი, იყოს ჩართული და დეტალურად გამოიკვლიოს, რომელმა ძაღლმა გიკბინათ და რა ადგილას არის ნაკბენი.

„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ 14-დღიანი პერიოდი შევინარჩუნოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, გამოუვალ სიტუაციაში აჯობებს ცოფის რისკის არიდება”, - ამბობს ივანე ჩხაიძე.




XS
SM
MD
LG