Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიცერი, ახლა რა ვქნა? - პასუხი ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედს არ კარგავს, რომ ამბიციური ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე შესრულდება და კორონავირუსის წინააღმდეგ 1.6 მილიონი ადამიანი სრულად აიცრება.

ამას, ჯამში, ვაქცინის 3.2 მილიონი დოზა და, მისი გათვლებით, დღეში 10-15 ათასი ადამიანის აცრა სჭირდება.

10 მაისის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყებიდან თითქმის 2 თვის თავზე გაკეთებულია 62 447 აცრა. სრულად აცრილია 10 852 ადამიანი, ანუ, დაახლოებით, იმდენი, რამდენიც ყოველდღიურად უნდა იცრებოდეს.

პლატფორმა provax.ge-ს გათვლებით, საქართველოში დღეში საშუალოდ 1 089 აცრა კეთდება, მაგრამ იმ 6 დღის განმავლობაში, რაც „სინოფარმის“ ვაქცინა ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი, ეს რიცხვი 2 851-მდე გაიზარდა.

  • 15 მარტიდან სამედიცინო პერსონალი იცრება, 25 მარტიდან - 65 წელს ზემოთ ადამიანები.
  • 5 აპრილიდან ასაკმა დაიწია და აცრა 55 წლის ზემოთ ადამიანებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, 5 მაისიდან კი საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო.

დღეში 10 ათას აცრამდე საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი უკლია, თუმცა ვაქცინის გაკეთების სურვილს სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს, ამიტომაც კიდევ ერთხელ მოვუყარეთ თავი იმ კითხვებს, რომლებიც აცრის შემდეგ შეიძლება გაგიჩნდეთ.

ვაქცინამდე რა უნდა იცოდეთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მაშ ასე, დავიწყოთ.

რა ხდება ჩემს ორგანიზმში აცრის შემდეგ?

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გვეუბნება, რომ აცრის შემდეგ ორგანიზმი აქტიურდება, რადგან ვაქცინა უბიძგებს იმუნურ სისტემას, ისწავლოს ანტისხეულების გამომუშავება. შემდგომ სწორედ ეს ანტისხეულები დაიცავს მას ვირუსისგან.

2-3 დღის განმავლობაში „მთელი ორგანიზმის იმუნური სისტემა გადაეწყობა, [რათა] შემოჭრილი უცხო აგენტის [ვაქცინის] მიმართ განავითაროს რეაქცია... იმუნური სისტემის უჯრედები, ანუ ჩვენი დაცვის ჯარისკაცები, ყველაზე სწრაფი სიჩქარით გადაადგილდებიან შემოჭრილი მტრის მიმართ”, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

იმუნური სისტემის უჯრედები სწავლობენ ბრძოლას და მრავლდებიან. ამ დროს წარმოიქმნება მილიონობით უჯრედი, რომლებიც შემდეგ ანტისხეულების გამომუშავებას იწყებენ.

რატომ ჩნდება გვერდითი მოვლენები?

ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, იმითაა გამოწვეული, რომ იმუნური სისტემა პასუხს სცემს უცხო სხეულს.

„კოვიდ19-ის საწინააღმდეგო თანამედროვე ტიპის ვაქცინებს ახასიათებთ ამ ტიპის რეაქცია, რადგანაც მათ იმუნური სისტემის ძალიან კარგი გამომუშავების უნარი აქვთ. შესაბამისად, გვერდითი მოვლენები უფრო მეტად ახასიათებთ ხოლმე, ვიდრე ძველ, ტრადიციული ტიპის ვაქცინებს”.

ამასთანავე, ექიმები იმასაც აღნიშნავენ, რომ, დისკომფორტის მიუხედავად, გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, კარგის ნიშანია.

„ცხადია, სიმპტომები უსიამოვნოა, მაგრამ, ამავდროულად, მათი გაჩენა კარგი ამბავია, რადგანაც ეს აჩვენებს, რომ თქვენი იმუნური სისტემა მუშაობს. გვერდითი მოვლენები იმის მტკიცებულებაა, რომ თქვენი იმუნური სისტემა გააქტიურდა და ანტისხეულებს წარმოქმნის”, - აცხადებს აშშ-ის კლივლენდის კლინიკის ექიმი-პულმონოლოგი ჯაფარ აბუნასერი.

ექიმების თქმით, ვაქცინის გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, თავს იჩენს და ქრება აცრიდან 2-3 დღეში.

გამონაკლისია ანაფილაქსიური შოკი, რომელიც შემთხვევების 90% პროცენტში თავს იჩენს აცრიდან 1 საათში - უკიდურეს შემთხვევაში, აცრიდან 1 დღეში.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამიჩნდეს?

როგორც წესი, არაფერი განსაკუთრებული.

„ამ დროს არის დამახასიათებელი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ინექციის ადგილზე ტკივილი. ძირითადად ამ ტიპის რეაქცია ვლინდება 50-დან 60%-მდე შემთხვევაში, რომელიც ერთ, მაქსიმუმ ორ დღეში თითქმის უკვალოდ ქრება პაციენტების უდიდეს ნაწილში”, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

იმუნოლოგის თქმით, გვერდითი მოვლენების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი ან საშუალო, ხოლო მძიმე გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ არის აღწერილი.

თუმცა, თუ სიმპტომები გაგიგრძელდათ და თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკეთ 1522-ზე.

გვერდითმა მოვლენებმა თუ შემაწუხა, წამლების დალევა შემიძლია?

კი. ექიმები თანხმდებიან, რომ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატები არ უშლის ხელს ვაქცინის მოქმედებას.

გამოცემა „ტელეგრაფის” ინფორმაციით, წარსულში რამდენიმე კვლევამ დაადგინა, რომ ზოგი წამალი, მართლაც, ახდენს ზეგავლენას ორგანიზმის იმუნურ რეაქციაზე. მაგალითად, თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიცხის დამწევებს, თეორიულად, შეუძლიათ შეანელონ ანტისხეულების გამომუშავება, თუმცა მსგავსი მონაცემები არ არსებობს ადამიანებისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემთხვევაში.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, პარაცეტამოლის და იბუპროფენის მიღება სავსებით დასაშვებია. ამასთანავე, იგი აღნიშნავს, რომ ზოგ ქვეყანაში ამ პრეპარატების მიღებას ადამიანებს ურჩევენ აცრის გაკეთებამდე, გვერდითი მოვლენების შესუსტების მიზნით. თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ ამის გაკეთება არ ღირს, რადგან „ამ წამლების წინასწარ დალევამ შეიძლება იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალოს”.

აცრის შემდეგ საჭესთან დაჯდომა სახიფათო ხომ არაა?

არა. თუმცა, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, თუკი თავს შეუძლოთ გრძნობთ, მაშინ უმჯობესია, საჭესთან არ დაჯდეთ.

„თუ ადამიანი სუსტად გრძნობს თავს, ბუნებრივია, მაშინ მანქანაზეც, ალბათ, უნდა შეიკავოს თავი. ზოგიერთი ამბობს, რომ ერთი დღე მქონდა, ვთქვათ, ძლიერი კუნთების ტკივილი და საწოლიდან არ მინდოდა ავმდგარიყავიო... ამ დროს რა საჭესთან დაჯდომაზეა საუბარი. თუ ძლიერი გვერდითი მოვლენა გაქვთ, თვითონ სიტუაცია არ გაგიშვებთ მანქანამდე”.

ალკოჰოლის დალევა თუ ღირს?

სამედიცინო წრეებში არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ რეკომენდაციებში ალკოჰოლი საერთოდ არაა ნახსენები, რუსეთში კი მოქალაქეებს ურჩიეს, აცრიდან 2-3 დღის განმავლობაში დალევისგან თავი შეიკავონ.

ჩვენთან საუბარში ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ, შრატისგან განსხვავებით, ვაქცინასთან ალკოჰოლი რეაქციაში არ შედის.

იმუნოლოგისთვის სავსებით მისაღებია ერთი და ორი ჭიქის დალევა, თუმცა, „სამედიცინო ლოგიკიდან” გამომდინარე, მისი რჩევაა, ადამიანებმა ბევრი არ დალიონ ერთი კვირის მანძილზე მაინც. მიზეზი ისაა, რომ ძლიერი ალკოჰოლური თრობა ორგანიზმს ასუსტებს და, შესაბამისად, ანელებს ანტისხეულების გამომუშავებას.

„ეს თეორიული დაშვებაა, რადგან ალკოჰოლი არის შემაფერხებელი იმუნური სისტემის პასუხის”, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის უფროსი მრჩეველი, ფიონა სიმი აცხადებს, რომ უკეთესი იქნება, თუ ადამიანები აცრიდან 2 კვირის განმავლობაში საერთოდ შეიკავებენ თავს ალკოჰოლის მიღებისგან.

ამასთანავე, არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი დათრობისგან თავის შეკავების სასარგებლოდ: ნაბახუსევზე უსიამოვნო განცდები რომ გაგიჩნდეთ, ისინი შეიძლება ვაქცინას დააბრალოთ.

როდის მექნება იმუნიტეტი და რამდენ ხანს ვიქნები დაცული კორონავირუსისგან?

ნაწილობრივ, იმუნიტეტი პირველი დოზის გაკეთებიდან, საშუალოდ, 2-დან 3 კვირის ვადაში ჩნდება.

„ასტრაზენეკას შემთხვევაში ეს პირველი დოზიდან, დაახლოებით, სამ კვირაში მიიღწევა. ფაიზერისა და მოდერნას შემთხვევაში, დაახლოებით - ორ კვირაში. იგივეა სინოფარმით აცრის შემთხვევაშიც - ძველი, ტრადიციული ვაქცინების დაცვა, დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ იგრძნობა”, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

თუმცა ეს საკმარისი არაა. საიმისოდ, რომ ვაქცინამ სრული სიმძლავრით იმოქმედოს, აუცილებელია მეორე ინექციის გაკეთებაც. შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ რომელ ვაქცინას იკეთებთ, 60-დან 95%-მდე ალბათობით დაცული იქნებით კორონავირუსისგან. ასევე, გექნებათ თითქმის 100%-იანი გარანტია: ვირუსი რომც დაგემართოთ, მას შედარებით მსუბუქად გადაიტანთ.

გაცილებით ნაკლები ვიცით იმის თაობაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს იმუნიტეტი. აპრილის დასაწყისში ფაიზერმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, ვაქცინა 91,3%-ით ეფექტურია აცრიდან 6 თვის შემდეგაც.

ჯერჯერობით თითქმის არაფერია ცნობილი იმაზეც, თუ რამდენი ხნით დაგვიცავს ასტრაზენეკას და სინოფარმის ვაქცინები.

ავიცერი, ახლა რა ვქნა?

ბიძინა კულუმბეგოვი ყველა აცრილ ადამიანს ურჩევს, მეორე დოზის მიღების შემდეგაც მოიქცნენ ისე, როგორც აცრამდე იქცეოდნენ.

ხელის დაბანა, ჰიგიენის დაცვა, სოციალური დისტანცირება და პირბადის ტარება კვლავ მოგიწევთ, რადგან ჯერ ზუსტად ისიც არ ვიცით, ამცირებს თუ არა ვაქცინაცია ვირუსის გავრცელებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა თავად არ დაინფიცირდეთ, მაგრამ ვირუსი სხვას გადასდოთ.

რაც შეეხება იმას, თუ როდიდან შეგვეძლება პირბადის მოხსნა და როდის აღარ იქნება საჭირო სხვა შეზღუდვები, ამ ეტაპზე ექიმებს და მეცნიერებს მხოლოდ ერთი, არცთუ ისე დამაიმედებელი, პასუხი აქვთ: მაშინ, როდესაც მოსახლეობის 70 %-ზე მეტს იმუნიტეტი ექნება.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG