ამ მასალაში წაიკითხავთ, რისი ცოდნა გჭირდებათ იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესმა მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩაიაროს
„დღეს ჩემი დაბადების დღეა, შემიძლია 1 ჭიქა ღვინო დავლიო? - იკითხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ, კოვიდის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ.
- დღეს ალკოჰოლის დალევა არ შეიძლება, - უპასუხა ექთანმა.
ექიმების ნაწილი პაციენტებს ურჩევს, რომ ვაქცინაციამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდგომ თავი შეიკავონ ალკოჰოლის დალევისაგან, თუმცა კვლევაზე დაფუძნებული ერთმნიშვნელოვანი პასუხი, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების გამომუშავებაზე გავლენას ახდენს, ამ ეტაპზე არ არსებობს.
„არ ურჩევიათ, მაგრამ მე კვერცხის, შოკოლადის და ეგეთი ალერგიული რაღაცებისგან თავი შევიკავე ორი-სამი დღე, როგორც ყველა ვაქცინის შემდეგ, ალერგიული რეაქციის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით“, - გვითხრა ერთ-ერთმა ექიმმა, რომელიც ასტრაზენეკათი აიცრა.
აცრის წინ ექიმი ვალდებულია
- ვაქცინაციის სერიოზული გართულებების პრევენციისთვის შეამოწმოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, დაადგინოს რა უკუჩვენებები შეიძლება ჰქონდეს აცრას და რა სახის სიფრთხილეა საჭირო;
- ვაქცინაციამდე პაციენტს მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული ვაქცინის სპეციფიკური უკუჩვენებებისა და სიფრთხილის საჭიროების შესახებ, მისცეს რჩევები გავრცელებული მსუბუქი რეაქციების სამართავად, ასევე შესაბამისი გადაუდებელი დახმარების ინსტრუქციები უფრო მძიმე სიმპტომების განვითარების შემთხვევაში;
- უზრუნველყოს ამცრელი ბრიგადის მზადყოფნა ანაფილაქსიის შემთხვევისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად.
კითხვაზე, ვინ შეიძლება აიცრას და ვინ არა, არსებობს მკაფიო პასუხები:
საქართველოს კანონით, „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის მიხედვით“, ასტრაზენეკას ვაქცინის 2 დოზა 4- 12 კვირის შუალედით შეუძლიათ გაიკეთონ 18 წლის და 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებმა;
მაგრამ ვაქცინას დროებით ვერ გაიკეთებთ, თუ ავად ხართ და ტემპერატურა 38,50C-ზე მეტია, თუკი გადატანილი გაქვთ COVI-19 და ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 4 თვე არ არის გასული. დროებით ვერ აიცრებით, თუ ნებისმიერ სხვა აცრასა და კოვიდვაქცინით აცრას შორის 30 დღეზე ნაკლებია გასული (გამონაკლისია ანტირაბიული, ანუ ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება 30-დღიანი ვადის დაცვის გარეშე).
COVID-19 AstraZeneca-ს არ გაგიკეთებენ, თუ:
- ჰიპერმგრძნობელობა გაქვთ ვაქცინაში შემავალ აქტიურ ნივთიერებაზე ან დანამატზე (ვაქცინაციამდე ამას ეპიდემიოლოგი დააზუსტებს);
- მეორე დოზას ვეღარ გაიკეთებთ, თუკი ვაქცინის პირველმა დოზამ ალერგიული რეაქცია გამოიწვია;
- არ შეიძლება ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება სხვა სახის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით (თუკი პირველი დოზა ასტრაზენეკა იყო, 4- 12 კვირაში ისევ ასტრაზენეკა უნდა გაიკეთოთ).
რაც შეეხება ორსულობას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ორსული ქალების ვაქცინაციას რეკომენდაციას არ უწევს, თუმცა, თუკი არსებობს კორონავირუსით ინფიცირების მომატებული რისკი (მაგალითად, სამედიცინო პერსონალი), ორსული ქალის ვაქცინაცია დასაშვებია, ოღონდ აუცილებლად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ასეთივე მიდგომაა საქართველოში: რეკომენდებული არ არის, თუმცა დასაშვებია.
საქართველოს კანონით „COVI-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესში” არის გრაფა “გაფრთხილება”, სადაც შედიან ისეთი პაციენტები, რომელთა ვაქცინაციაც არ არის სასურველი, თუმცა, რისკების გათვალისწინებით და ექიმის რეკომენდაციით, დასაშვებია. ესენია:
- ქალები, რომლებიც ან ორსულად არიან, ან ბუნებრივ კვებაზე ჰყავთ შვილები;
- ისინი, ვისაც სისხლის შედედების დარღვევა აქვთ;
- ვინც ანტიკოაგულაციურ მკურნალობას გადის;
- იმუნოკომპრომისული პირები - იმუნოკომპრომისულია პაციენტი (როდესაც სხეულის სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს, დაბალია, ასეთ დროს სხეულს არ შეუძლია ეფექტურად ებრძოლოს ინფექციებს. იმუნოკომპრომისულ პაციენტებად ითვლებიან ონკოპაციენტები, ვინც ქიმიოთერაპიის კურსს გადის, ვინც ჩაიტარა ტრანსპლანტაცია, აივ ინფექციის მქონე პაციენტები ან სხვა ცნობილი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები);
- ვისაც საშუალო ან მძიმე მწვავე დაავადება აწუხებს;
- ვისაც თრომბოციტოპენია აქვს (მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში არის თრომბოციტების ნაკლებობა);
- არ არის შესწავლილი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება;
- არ არის შესწავლილი სხვა ვაქცინებთან ურთიერთქმედება.
რამდენიმე დღეში - სავარაუდოდ, ამ კვირას - საქართველოში Pfaizer-BioNtech-ის 29 500 დოზა ვაქცინა შემოვა, რომლის ეფექტიანობა 95 % -ია. სქემა და ვაქცინაციის ჩატარების წესი, უკუჩვენებები მსგავსია, თუმცა არის განსხვავებებიც. მაგალითად, ფაიზერით შესაძლებელია 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების აცრა, მაგრამ დადგენილია, რომ საქართველოში 18 წლიდან არის დასაშვები ვაქცინაცია. ფაიზერის ვაქცინაციებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა.
ასევე, დროებით ვერ აიცრებიან ისინი, ვისაც მიღებული აქვს მონოკლონური ანტისხეულები ან რეკონვალესცენტის პლაზმა, როგორც COVI-19-ის მკურნალობის ნაწილი. ასეთ დროს ვაქცინაცია უნდა გადაიდოს სულ მცირე 90 დღით.
ფაიზერით აცრისა და სხვა აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 14 დღე (ამ შემთხვევაშიც გამონაკლისია ცოფის აცრა, რომელიც ტარდება 14-დღიანი ვადის დაცვის გარეშე).
ფაიზერით ვაქცინაციის “გაფრთხილების” გრაფაში თითქმის ყველაფერი ასტრაზენეკას მსგავსია, თუმცა გამოყოფილია ალერგიების საკითხი. აცრა რეკომენდებული არ არის, თუ ადამიანს ანამნეზში გამოუვლინდა დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია სხვა ნებისმიერ ვაქცინაზე ან ინფექციურ თერაპიაზე (მაგ. კუნთებში, ინტრავენურად ან კანქვეშა ვაქცინებზე, ან თერაპიებზე, რომლებიც არ უკავშირდება mRNA COVID-19 ვაქცინების კომპონენტს ან პოლისორბატს).
ასეთ დროს უნდა შეფასდეს ვაქცინაციის რისკი-სარგებელი და ისე გადაწყდეს აცრა, შემდეგ კი აცრილები მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩნენ ვაქცინაციიდან 30 წუთის განმავლობაში.
რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც ალერგიულები არიან და შიშობენ, რომ ვაქცინა პრობლემებს შეუქმნით - კვებითი, კონტაქტური ან სეზონური ალერგიები, კვერცხის, ჟელატინის და ლატექსის ჩათვლით, არ განიხილება სიფრთხილის მიზეზად და არ წარმოადგენს დაბრკოლებას ვაქცინაციისთვის.
ამ დრომდე ვებგვერდზე booking.moh.gov.ge რეგისტრაცია მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეეძლოთ, თუმცა 25 მარტიდან ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაცია 65 წლის ზემოთ მყოფი პირებისთვისაც დაიწყება.
ვაქცინაციაზე მისული პაციენტი თავს ჯანმრთელად უნდა გრძნობდეს და, ასევე, ეპიდემიოლოგის კითხვების გარდა თავადაც უნდა იყოს აქტიური იმისთვის, რომ მიაწოდოს ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის შესახებ, აცრების, ალერგიებისა და იმ მედიკამენტების შესახებ, რომელსაც იღებს. კითხვების დასმა და მათზე პასუხის მიღება პაციენტის სიმშვიდესთან ერთად ზრდის იმის ალბათობას, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოდ ჩაივლის და ყველა შესაძლო რისკი გამოირიცხება.