ამ განცხადებას წინ უძღოდა EMA-ს ფარმაკოლოგიური ზედამხედველობისა და რისკის შეფასების ექსპერტთა ჯგუფის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა. ექსპერტებმა ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესწავლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა შეაჩერა ევროკავშირის ცამეტმა ქვეყანამ, რამდენიმე ქვეყანაში აცრილ ადამიანებში თრომბის გაჩენის გამო.
16 მარტის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთსა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში AstraZeneca-თი აცრილია თითქმის 20 მილიონი ადამიანი, თრომბი კი 25 ადამიანს განუვითარდა.
EMA-ს ფარმაკოლოგიური ზედამხედველობისა და რისკის შეფასების სამსახურმა ამ შემთხვევებსა და აცრას შორის პირდაპირი კავშირი ვერ გამოავლინა. შესაბამისად, ექსპერტები მოუწოდებენ ქვეყნებს, განაგრძნონ მოსახლეობის ვაქცინაცია.
თუმცა EMA-ში აცხადებენ, რომ ერთერთ, ყველაზე იშვიათ ფორმასთან კავშირს ბოლომდე ვერ გამორიცხავენ, ამიტომაც, საკითხის შესასწავლად, დამატებითი მოკვლევა დაიწყეს.
ოფიციალურ განცხადებასთან ერთად, EMA აქვეყნებს ინფორმაციას და რჩევებს, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის.
ინფორმაცია პაციენტებისთვის:
- COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca არ არის ასოცირებული სისხლის შედედების (თრომბოემბოლიური მოვლენების) საერთო რისკის ზრდასთან.
- ვაქცინაციის შემდეგ დაფიქსირდა თრომბოზის ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომელსაც თან ახლდა სისხლში თრომბოციტების (სისხლის ფირფიტები, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას) დონის შემცირება. შემთხვევების უმეტესობა მოხდა ქალებში, რომელთა ასაკიც 55 წელზე ნაკლებია.
- იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19-ს თან ახლავს გართულებები და ის ფართოდაა გავრცელებული, ვაქცინაციის სარგებელი გაცილებით დიდია, ვიდრე გვერდით მოვლენებთან დაკავშირებული რისკები.
- თუმცა, თუკი AstraZeneca-თი აცრის შემდეგ გამოგივლინდათ:
აუცილებლად მიმართეთ ექიმს და შეატყობინეთ, რომ აცრა გაიკეთეთ.
ინფორმაცია ექიმებისთვის:
- თრომბოზისა და თრომბოციტოფენიის შემთხვევები იმ ადამიანებში, ვინც ბოლო პერიოდში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca გაიკეთა, უმეტესწილად ვაქცინაციიდან 14 დღის განმავლობაში გამომჟღავნდა. შემთხვევების უმეტესობა მოხდა ქალებში, რომელთა ასაკი 55 წელზე ნაკლებია. თუმცა არაა გამორიცხული, ამის მიზეზი ის იყოს, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ისინი ვაქცინაციის კამპანიის სამიზნე ჯგუფში არიან.
- შემთხვევების რაოდენობა წინასწარ მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა, და იმისდა მიუხედავად, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლია, მის შესაძლებლობას ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ. მაგრამ შემთხვევების იშვიათობისა და იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19-ის თრომბოემბოლიური გართულებები იწვევს ჰოსპიტალიზაციას და რთულია საბაზისო მონაცემების დადგენა, შემთხვევებსა და აცრებს შორის კავშირის დადგენა რთულია.
- EMA-ს მიაჩნია, რომ ვაქცინით მიღებული სარგებელი რისკებზე მეტია და თრომბოემბოლიურ დაავადებებთან მისი პირდაპირი კავშირი დადგენილი არ არის. თუმცა ინფორმაცია დაფიქსირებული შემთხვევების შესახებ უნდა გაჩნდეს წამლის თანმხლებ ბუკლეტებში.
- ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ვურჩევთ, მზად იყვნენ იმისთვის, რომ აცრის შემდეგ პაციენტს შესაძლოა გამოუვლინდეს თრომბოემბოლიური სინდრომი. ვაქცინის მიმღები უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ მიმართოს ექიმს იმ შემთხვევაში, თუკი აღენიშნება სისხლდენა და ძლიერი თავის ტკივილები, განსაკუთრებით, აცრიდან სამი დღის შემდეგ.
EMA-სთან ერთად, AstraZeneca-ს ეფექტიან და უსაფრთხო პრეპერატად მიიჩნევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), რომელმაც ასევე მოუწოდა სახელმწიფოებს, გააგრძელონ მისი გამოყენება.
EMA-ს ექსპერტთა ჯგუფს დღეს არ განუხილავს AstraZeneca-ს სხვა გვერდითი მოვლენები. უმეტესობა როგორც წესი, მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმისაა და აცრიდან რამდენიმე დღეში ქრება.
ვაქცინების შესახებ ყველა დეტალი შეგიძლიათ ნახოთ აქ:
AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ-ერთი სერიოზული გვერდითი მოვლენაა ანაფილაქსიური შოკიც, რომლითაც დღეს ახალციხეში აცრა 28 წლის ექთანს გაურთულდა.
ანაფილაქსიური შოკის რისკი აცრისას ზოგადად მცირეა და ბაზარზე არსებულ ყველა ვაქცინას ახლავს თან. დროული ჩარევის შემთხვევაში, ის ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს იშვიათად უქმნის.