Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანამ აიცრებით - რა ვიცით სინოფარმზე 


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, ფაიზერსა და ასტრაზენეკას“, ჩინური სინოფარმიც დაემატა. დღეიდან, 27 აპრილიდან, ყველა მსურველისთვის 18 წლის ზევით უკვე გაიხსნა ვაქცინაციაზე რეგისტრაცია. საქართველოში შემოსული 100 000 დოზის გამოყენება 5 მაისიდან დაიწყება.

რა ვიცით სინოფარმის შესახებ?

29 აპრილს ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება.

მას მინიჭებული აქვს უნგრეთის „მკაცრი მარეგულირებლის” ავტორიზაცია და სწორედ უნგრეთი იყო ევროკავშირში პირველი ქვეყანა, რომელმაც „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყო.

როგორ მუშაობს სინოფარმი?

„სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ის ინაქტივირებული ვაქცინაა, ანუ შეიცავს კორონავირუსის გამომწვევ დახოცილ მიკრობებს, რომელიც შეჰყავთ ორგანიზმში. ეს საკმარისია სხეულისთვის, რომ ისწავლოს ვირუსთან ბრძოლა, რა დროსაც გამომუშავდება ანტისხეულები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში ვირუსის შეხვედრისას ორგანიზმმა უკვე იცის როგორ ებრძოლოს მას.

რამდენად ეფექტიანია სინოფარმი?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის (SAGE) თანახმად, 50 %-ზე მეტი ეფექტიანობა საკმარისია იმისთვის, რომ ვაქცინამ რეკომენდაცია მიიღოს. 70 % და მეტი, შესაბამისად, ვაქცინისთვის ითვლება კარგ მაჩვენებლად, სინოფარმი კი ამ მონაცემებს აკმაყოფილებს.

„სინოფარმის“ 30 დეკემბრის ოფიციალური განცხადებით, ვაქცინის გამოცდის სამმა ფაზამ აჩვენა, რომ ის 79 %-ით ეფექტიანია. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, სადაც იანვრის დასაწყისში დაამტკიცეს „სინოფარმის“ ვაქცინა, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინამ 86 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

რა გვერდითი მოვლენები ახლავს სინოფარმს?

მწარმოებელი ჩინეთი აცხადებს, რომ „სინოფარმის” ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს. ყველაზე ხშირად ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი რეაქცია, ნანემსრის გაწითლება, ქავილი და სიცხე.

რამდენი დოზაა საჭირო იმუნიტეტისთვის?

ოფიციალური მონაცემით, 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება, თუმცა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მცირე ჯგუფს მესამე, დამატებითი, დოზა დასჭირდა, რადგან ვაქცინა არ იცავს ადამიანს 100 %-ით. მათ, ვისაც ორი დოზით საკმარისად არ გამოუმუშავდა ანტისხეულები, დამატებითი „ბუსტერი” - მესამე დოზა - დასჭირდათ.

რამდენად ეფექტიანად მუშაობს ვაქცინა მუტირებული ვირუსის ახალ ფორმებზე, მაგალითად, ბრიტანულ ან ბრაზილიურ შტამზე?

ეფექტიანია თუ არა ვაქცინა სხვა შტამების მიმართ, ამაზე კვლევები არ გამოქვეყნებულა.

რომელი ქვეყნები იყენებენ სინოფარ“?

ვაქცინა გამოიყენება სამხრეთ აფრიკაში, აზიასა და ევროპის ქვეყნებში. არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდა, „სინოფარმი“ დამტკიცებულია ბაჰრეინში, ეგვიპტეში, სინგაპურში, თურქეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ევროპაში ვაქცინას იყენებს სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და უნგრეთი. საერთო ჯამში კი, „სინოფარმით“ 45 ქვეყანაში იცრებიან.

ვისთვის არ შეიძლება სინოფარმით აცრა?

კონკრეტულად სინოფარმით აცრას ვერ შეძლებენ ორსულები და დედები, რომლებსაც ჩვილები ბუნებრივ კვებაზე ჰყავთ.

ასევე, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, მაგალითად, ონკოლოგიური პაციენტები, რომლებსაც დამძიმებული აქვთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, იმყოფებიან ტერმინალურ სტადიაში.

გარდა ამისა, არის სამი ნევროლოგიური დაავადება, რომლის დროსაც ასევე არ კეთდება „სინოფარმის” ვაქცინა:

  • არაკონტროლირებადი ეპილეფსია, რომელიც მედიკამენტებით მკურნალობას არ ექვემდებარება;
  • პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებები (გაფანტული სკლეროზი /ალცჰაიმერი/ და ა.შ.);
  • გადატანილი არ უნდა ჰქონეს გიენ-ბარეს სინდრომი

ისგან გვიცავს ვაქცინა?

ექიმების ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის შემოსული სამივე ვაქცინა 100%-ით გვიცავს ლეტალური შედეგისგან, გარდაცვალებისგან.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG