„არ ვიცით, რას აკეთებენ [მკვლელები], გამოაცხადეს, თითქოს - დააწინაურესო... ახალგორში ჩვენ ვერ შევდივართ და არ ვიცით არაფერი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას არჩილ ტატუნაშვილის დედა, რუსუდან ტატუნაშვილი. მას 22 თებერვალს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შევხვდით.
6 წელი
22 თებერვალს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, არჩილ ტატუნაშვილის საფლავთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა - ოჯახი, სამხედროები, სახელმწიფო მოხელეები, მედია. საფლავი აივსო გვირგვინებით, თაიგულებით, ანთებული სანთლებით.
„[ცხინვალში] იცოდნენ, რომ ჩემი შვილი ყოფილი ჯარისკაცი იყო. უნდოდათ, რომ ეღიარებინა ტერორიზმის დანაშაული - ვითომ ტერორი უნდა მოეწყო“, - არჩილ ტატუნაშვილის დედა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არჩილმა ეს სიცრუე არ აღიარა. „ამიტომაც მოკლეს“, - ამბობს ის.
აქვს თუ არა დედას დამნაშავეების დასჯის იმედი?
„მცხეთაში სასამართლო ხომ ჩაატარეს, - უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ აბა - როცა იქ ხელი არ მიუწვდებათ [ოკუპირებულ ტერიტორიაზე]...“, - გვეუბნება რუსუდან ტატუნაშვილი და ამატებს, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც არის გაგზავნილი.
22 თებერვალს, განცხადება გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
"არჩილ ტატუნაშვილის სახელი ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა ყველა ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის. ჩვენს საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს ჩვენი დროის გმირის ნათელ ხსოვნას“, - ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ „ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი“.
მსგავსი სიტყვები, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში, კობახიძემ პარლამენტის სხდომაზეც წარმოთქვა, თებერვლის დასაწყისში, როცა მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილებოდა. დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეკითხვებზე პასუხისას, მან ასევე დაამატა, რომ დამნაშავეთა დასჯა "ეს არ არის მარტივი საკითხი".
22 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი არ გამოჩენილა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
სახელმწიფო მოხელეების უმრავლესობამ კი, წინასწარ დათქმული დროის მიუხედავად, სასაფლაო ჟურნალისტების მისვლამდე დატოვა.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არჩილ ტატუნაშვილი „საამაყო და სამაგალითო“ გმირია, რომელმაც „საქართველოს ღირსება დაიცვა“ და რომლის სახელიც „მუდამ უნდა ახსოვდეთ მომავალ თაობებს“.
რწმუნებული ამბობს, რომ „კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის [მკვლელობის] დეტალები არ იცის“, თუმცა სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს“. უპასუხოდ დარჩა კითხვა მკვლელობაში ერთ-ერთი მსჯავრდებულის თანამდებობრივი დაწინაურების შესახებ.
დაწინაურება
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, ინტერპოლის მიერ ძებნილად გამოცხადებული დავით გურწიევის სახელი ხშირად ისმის. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია მის თანამდებობრივ დაწინაურებასთან დაკავშირებით.
ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ მცდარია ინფორმაცია, თითქოს, გურწიევი შარშან ახალგორის მთავარ პროკურორად დაინიშნა. აქტივისტი ვარაუდობს, რომ ამ თანამდებობაზე გურწიევს ახლო მომავალში დანიშნავენ, თუმცა ის მანამდეც არაერთხელ დაწინაურდა.
თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ:
- გურწიევი ახალგორის პროკურორის თანაშემწე და გამომძიებელი იყო მაშინ, როცა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა მოხდა;
- შემდეგ ის გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს სამუშაოდ, რაც „დაწინაურება იყო“;
- შარშან გარკვეული პერიოდი ის ახალგორის რაიონის პროკურორის მოვალეობას ასრულებდა;
- ახლა მას ახალგორის რაიონის მთავარ პროკურორად უპირებენ დანიშვნას, „რაც ასევე დაწინაურება იქნება“;
- ამჟამად გურწიევი ახალგორის მთავარი პროკურორის მოვალეობას ასრულებს და ოფიციალურად პროკურორის თანაშემწის პოსტს იკავებს.
თამარ მეარაყიშვილმა მთავარ პროკურორად გურწიევის დანიშვნის გეგმა ოთხდღიანი შიმშილობით გააპროტესტა.
უმოქმედო სიაში
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, მისი გვარი სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული საგანგებო სიის სახელწოდებაში მოხვდა, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთში მოკლულ გიგა ოთხოზორიას გვართან ერთად.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას ხელისუფლების ოპონენტები სრულად უმოქმედოდ მიიჩნევენ და უშედეგოდ ითხოვენ მის გაფართოებას. ბოლოს სიაში ახალი გვარების შეყვანა საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლის - თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ ითხოვეს.
ამ საკითხებზე ხშირად ლაპარაკობს დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
თებერვლის დასაწყისში, შეკითხვები მან პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებსაც დაუსვა - განახლებული მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებისას.
„პირობა არ მიმიღია მთავრობის წევრების მხრიდან, რომ გააფართოებენ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას, თამაზ გინტურის მკვლელების ჩათვლით... შს მინისტრმა მიპასუხა, რომ რთული იქნება გინტურის მკვლელების გამოვლენა, რადგან ის [სოფ. კირბალი, მკვლელობის ადგილი] არის არაკონტროლირებადი ტერიტორია“, - გვეუბნება თეონა აქუბარდია.
დეპუტატმა ვერ მიიღო პასუხი საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ილია დარჩიაშვილისგან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოების შესაძლებლობების შესახებ.
"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" ევროპული ანალოგის შექმნას [საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით] გულისხმობს ევროპარლამენტის მიერ 23 ნოემბერს დამტკიცებული მრავალპარტიული რეზოლუცია, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას მოჰყვა. ევროპული გეგმა მიზნად ისახავს:
- საქმის საფუძვლიან გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას;
- მიზანმიმართული სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.
თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ევროპული გეგმის ეფექტიანად ასამუშავებლად გინტურის მკვლელების გამოვლენა და "ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის" გაფართოებაა საჭირო, "რაც ახლა არ ხდება".
"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" ჯერჯერობით მხოლოდ 33 დამნაშავე რჩება. მათი უმრავლესობა ნუსხაში 1990-იან წლებში ჩადენილი დანაშაულების გამო მოხვდა.
- 2018 წლის ივნისში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობისას, დაამტკიცა დადგენილება, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის მარტის რეზოლუციის შესაბამისად.
- სია უნდა შეევსოთ - „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს“.
- 2018 წლის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მრავალი დანაშაული ჩაიდინა. ბოლოს, 2023 წლის ნოემბერში, სოფელ კირბალის ეკლესიაში, გიორგობის დღესასწაულზე სალოცავად ასული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს.