Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას აპირებს


თამაზ გინტურის ძმა ნიკოლოზ გინტური
თამაზ გინტურის ძმა ნიკოლოზ გინტური

თამაზ გინტურის მკვლელობიდან ორი თვე გავიდა, ოჯახის წევრებს კი გამოძიებასთან კითხვები დაუგროვდათ. ამ დრომდე არაა გარკვეული ვინაობა მკვლელისა, რომლის იდენტიფიცირებას და დასჯას გინტურის ოჯახის წევრები ითხოვენ. სოფელ კირბალის ეკლესიასთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა ნიკოლოზ გინტური 10 იანვარს გამომძიებელთან და პროკურორთან შეხვედრას აპირებს.

ნიკოლოზ გინტური ამბობს, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. არ დასრულებულა ავტომობილის ექსპერტიზაც, რომელსაც, მისი თქმით, 35-ზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი. ოჯახი ითხოვს, პროცესები დროულად წარიმართოს.

დაზარალებულად ცნობილი გინტურების ოჯახი საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებასაც გეგმავს.

"ორ თვეზე მეტია გასული. საქმის მასალები ჯერ არ ვიცით. არ ვიცით, რა ეტაპზეა საქმე, აქ ჩემი საშველი არ არის. ჩემ ძმას ყურადღების მიქცევა უნდა, მე დავრჩი და მე რომ არ მივხედო ჩემ ძმას, არ გამოვა. ჩამიცხრილეს ძმა, 35 ტყვია მოარტყეს მანქანას და მოკლესო, მოკლეს სხვა არის და ჩაცხრილვა სხვა არის. არ ვიცი, ვიღას მივმართო. ერთი გამოსავალია, სტრასბურგს უნდა მივმართო. ხვალ მეცოდინება პროკურატურაში რა იქნება და დანარჩენს მერე გეტყვით", - ამბობს ნიკოლოზ გინტური ჟურნალისტებთან კომენტარში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება. გასული წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, ლომისას წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა მოკლა. მისი თანასოფლელი ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალში გაიტაცეს. დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG